“მრავალგზის დაპირების მიუხედავად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” დახმარება არ გაუწია. სამწუხაროდ დღევანდელი შეხვედრა არ გაიმართება.” – “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონის დიქტორმა საფეხბურთო არენაზე შეკრებილ ქომაგებს ეს ინფორმაცია ამცნო.
უკვე კარგა ხანია, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ზესტაფონი” უარს იტყოდა სათამაშოდ გასვლაზე. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ გასულ წელს იმერთა კლუბის მეპატრონემ ილია კოკაიამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია მუნიციპალური გუნდების შესახებ და სამართლიანობის მიზნით მოითხოვა ანალოგიური დახმარება სახელწიფოს “ზესტაფონისთვისაც” გაეწია.
შარშან ეს პრობლემა მოგვარდა, წლევანდელ ჩემპიონატში კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისგან მხოლოდ დაპირებები ისმის, საქმე კი არა. არადა, კლუბის მეპატრონე აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო გარკვეული თანხით დაეხმარება კლუბს, მაშინ იგი გაცილებით მეტ თანხას დაახარჯავს საქართველოს ორგზის ჩემპიონს და ქვეყნის თასის მფლობელს.
სიტუაცია უკვე საკმაოზე მეტხანს გაჯანჯლდა. ამასობაში, ფეხბურთელებსაც მოთმინების ფიალა ამოეწურათ, რადგან რამდენიმე თვეა, ხელფასი არ მიუღიათ. გორის “დილასთან” მატჩზე ფეროელთა კლუბის ფეხბურთელები პროტესტის მიზნით თამაშზე არ გამოცხადნენ. შესაბამისად, შეხვედრაში გორელებს ტექნიკური მოგება, 3:0 მიეკუთვნებათ, თუმცა წაგებაზე მეტად აქ თავად კლუბის მდგომარეობაა საგანგაშო. თუ სახელმწიფომ მცირე ნაბიჯი არ გადადგა, კლუბის მეპატრონე თავის პოზიციას არ ცვლის. ბუნებრივია, ამ არგამოცხადებას დისციპლინარული კომიტეტიდან გარკვეული სანქციებიც მოჰყვება, განმეორების შემთხვევაში კი გუნდს მოხსნიან გათამაშებიდან.
“ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს!” – ამ სიტყვებს სკანდირებდნენ პატარა ზესტაფონელი ქომაგები და მათ სტადიონზე შეკრებილი ყველა გულშემატკივარი თანაუგრძნობდა.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ რამდენიმე ადამიანს.
სერგო ფუტკარაძე (“ზესტაფონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ): “როგორც მოგეხსენებათ, კლუბის დაფინანსების პროცესი დროში ძალიან გაიწელა. საერთოდ, არსებობს თუ არა ამ პრობლემის გადაწყვეტის სურვილი, ესეც საეჭვოა. ფაქტია, რომ დღეს გუნდის ფეხბურთელებმა ზესტაფონში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ფინანსური პრობლემების გამო გუნდს არა აქვს სასტუმროს მომსახურების გადახდის საშუალება, ამიტომაც ფეხბურთელთა უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს, სადაც ემზადებიან თამაშებისათვის. დღეს ისინი უფულობის გამო ვერ ჩამოვიდნენ, შესაბამისად მატჩი ჩაიშალა. ამ ფაქტს, სავარაუდოდ, სანქციები მოჰყვება. რაც შეეხება კლუბის დაფინანსების საკითხს, სამშაბათს 15:00-ზე დაგეგმილია ქალაქის საკრებულოს სხდომა, სადაც ეს საკითხი განიხილება. როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს არ ვიცი, თუმცა, მეეჭვება, ეს სიტუაცია ქართული ფეხბურთისა და “ზესტაფონის” სასარგებლოდ რომ გადაწყდეს. ყველაფერს უახლოეს ორ დღეში გავიგებთ”.
ლევან რამიშვილი (მატჩის დირექტორი): “ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსური პრობლემების გამო “ზესტაფონი” საკუთარ მოედანზე სათამაშოდ ვერ გამოცხადდა. ამ მატჩში ტექნიკური შედეგი 0:3 დაფიქსირდება და შესაბამისად “ზესტაფონს” წაგება ჩაეთვლება. დანარჩენს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და გადაწყდება თუ როგორ იფუნქციონირებს კლუბი მომავალში”.
უჩა სოსიაშვილი (გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან ცუდი ფაქტია. წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც შედეგებითაც და ფინანსურადაც გამორჩეული იყო, რომელსაც გააჩნია დიდებული სტადიონი და საწვრთნელი ბაზა, ჰყავს იდეალური გულშემატკივარი, დღეს ფაქტობრივად დაშლის პირასაა მისული. მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება, რომ გულისყურით და ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს. თუ ფეხბურთის განვითარებაზე ვფიქრობთ და პროგრესზე, მაშინ ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. დაახლოებით ანალოგიური პრობლემის წინაშეა რუსთავის “მეტალლურგიც”, იმედია დროულად მიეხედება ამ პრობლემებს, რათა ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში აღარასოდეს განმეორდეს”.