იტალიის სერია A-ს XXXI ტურმა სტარტი ტრადიციულად ორი მატჩით აიღო. მათ შორის ერთ-ერთში კი ურთიერთობა ტურინის “იუვენტუსმა” და რომის “ლაციომ” გაარკვიეს.
XXXI ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა. ლიდერმა “იუვენტუსმა” მეორეადგილოსან “ლაციოს” ადვილად მოუგო და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკუდეტოს აღარაფერი აშორებს. არადა, რომაელების წარმატების შემთხვევაში ქულათა სხვაობა 9-მდე შემცირდებოდა და დარჩენილ 7 ტურში ინტრიგა ასე თუ ისე შენარჩუნდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იტალიაში “ბებერ ქალბატონს” ბადალი და კონკურენტი დღესდღეობით არ ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ 4 დღის შემდეგ “იუვეს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა ელის, მასიმილიანო ალეგრიმ ძირითად შემადგენლობაში თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშე დააყენა, რითაც ნათელი გახდა, რომ ტურინული გრანდი გადასარევ ფორმაში მყოფ “ლაციოს” არაფერს დაუთმობდა. თავის მხრივ, ამ მატჩამდე სტეფანო პიოლის გაწვრთნილ “ლაციოს” მიჯრით 8 მატჩი მოეგო, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს.
რაც შეეხება თავად შეხვედრას – მისი ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა “იუვემ” ორი მშვენიერი გოლი გაიტანა. მე-17 წუთზე არტურო ვიდალის გადაცემის შემდეგ კარგად კარლოს ტევესმა ითამაშა, რომელმაც ბურთი საჯარიმო მოედანში შეიგდო და ფედერიკო მარკეტის კარი ადვილად დალაშქრა – 1:0. მეორე და როგორც შემდგომ აღმოჩნდა მატჩის ბოლო გოლი კი 28-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო. “იუვეს” დაცვის ლიდერი კონტრშეტევის დროს თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდა. 27 წლის ფეხბურთელიც თავისთვის უცნაური მდგომარეობის მიუხედავად არ დაბნეულა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. ამ გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, “იუვენტუსი” იმავე “ლაციოს” უკვე მთელი 15 ქულით უსწრებს და ძნელი წარმოსადგენია ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას.
XXXI ტურის პირველი შეხვედრა გენუაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “სამპდორიამ” გასავარდნ ზონაში მყოფ “ჩეზენას” უმასპინძლა, ვერაფერი დააკლო და მხოლოდ ნულოვან ფრეს დასჯერდა. სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა სათამაშო უპირატესობის შედეგში ასახვა ვერ მოახერხეს და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეს. რაც შეეხება ემილია-რომანიელებს, მოპოვებული ქულის მიუხედავად, გუნდის მდგომარეობა კვლავაც საგანგაშოა და სერია B ხელის გაწვდენაზეა.
“სამპდორია” – “ჩეზენა” 0:0 (0:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 21.000
“სამპდორია” (4-2-3-1): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; ობიანგი, პალომბო (სორიანო 86); ედერი, მურიელი (კორეა 68), ეტო;ო; ოკაკა
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; ლუკინი, კრაინჩი, ვოლტა, პერიკო; ჯორჯი (კაცოლა 80), მუდინგაი (ზე ედუარდო 77), კაშონე; ბრიენცა; როდრიგესი (დეფრელი 60) სუჩი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
გაფრთხილება: სილვესტრე (59), ოკაკა (71) – პერიკო (30), მუდინგაი (75), კრაინჩი (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (3) – 5 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 14:4 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“იუვენტუსი” – “ლაციო” 2:0 (2:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; პადოინი, ვიდალი (სტურარო 84), პირლო (პერეირა 72), მარკიზიო, ევრა; ტევესი, მატრი (მორატა 58)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, სანა, მაურისიო, ბრაიფიედი (კანდრევა 46); კატალდი, ბილია, ლულიჩი; მაური (კეიტა 66), კლოზე (ლედესმა 90), ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 ტევესი (17), 2:0 ბონუჩი (28)
გაფრთხილება: ევრა (50), მარკიზიო (59), კიელინი (64) - მაურისიო (45), ლულიჩი (45), კანდრევა (60), სანა (68)
გაძევება: კატალდი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 14 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:9 გაფრთხილება: 3:4 გაძევება: 0:1
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 18 გოლი, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13.