ფეხბურთი

0:11 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზღვისპირელთა ზავი ,,ჩელე არენაზე”

ქობულეთში გამართული შეხვედრის მონაწილენი გასულ სეზონში პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ და გაზაფხულზე გვარიანი სკანდალური მატჩის ჩატარებაც მოუხდათ. ახლა კი ორივენი უმაღლეს ლიგაში გამოდიან და დაქვეითების საფრთხე პრაქტიკულად არც ერთს არ ემუქრება. ეგ კი არა ,,შუქურას” რეალური შანსი გაუჩნდა, რომ ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულოს და მოვლენების მისთვის სასიკეთოდ წარმართვის შემთხვევაში უეფას საგზურიც მოიპოვოს. აჭარელთა წარმატებული გამოსვლა გულშემატკივრებმაც დააფასეს. ისინი მრავლად მოვიდნენ საყვარელი გუნდის საქომაგოდ.

მატჩის დებიუტში საინტერესო არაფერი მომხდარა. შეხვედრა ერთობ დაბალ ტემპში და ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ათი წუთი ისე მიილია მეკარეები თამაშში პრაქტიკულად არ ჩაბმულან.

პირველად მასპინძლები გამოცოცხლდნენ და მე-12 წუთზე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ჩელებაძე მოედნის კიდიდან შუაგულისკენ გადაადგილდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. სეფიაშვილი ნახტომში თითის წვერებით მისწვდა ბურთს, რომელიც შემდეგ ძელმა აისხლიტა და მოედნის ფარგლები დატოვა.

ორ წუთში მოვლენების ეპიცენტრში ისევ ქობულეთელთა კაპიტანი აღმოჩნდა. ჩელებაძემ მარჯვენა ფლანგზე თავისი მეურვე ჩამოიცილა და გამოზომილი პასით თუხარელი მეკარის პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმა მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა და 34-ე წუთზე გოლიც ვიხილეთ. შენგელიამ მეტოქის დაუდევრობით ისარგებლა, ერთ-ერთ მცველს ბურთი აართვა, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით ქობულეთელთა კარის დალაშქვრა სცადა. მართალია ფოთელთა შემტევს დარტყმა უხეიროდ გამოუვიდა, მაგრამ მისი ფეხიდან აჭრილ ბურთს ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ჟიშკარიანი დაეუფლა, რომელმაც მოულოდნელი საჩუქრით ისარგებლა და ზუსტი დარტყმით თავისიანები დააწინაურა - 0:1.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება აჭარლები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, თუმცა ტაიმის ბოლომდე რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი ქობულეთელთა უპირატესობით გაგრძელდა. ანგარიშის გათანაბრების შანსი მათ მატჩის განახლებისთანავე მიეცათ. თუხარელმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა. მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და დიაგონალური გადაცემით შორეულ ძელთან მყოფი ჩალაძე მოძებნა. ჩალაძე მაღალ ნახტომში მისწვდა ბურთს, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

აჭარლებს შეტევები არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ და მონდომება 63-ე წუთზე დაუფასდათ. კუხიანიძის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე უკეთ გურული გაისარჯა. მან მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ გადაგზავნა. მართალია სეფიაშვილი ნახტომით მისწვდა ბურთს, მაგრამ მისი შეჩერება ვერ მოახერხა - 1:1.

ხუთ წუთში მასპინძლებს დაწინაურებაც შეეძლოთ. დიდებულად გაისარჯა კუხიანიძე. იგი მეტოქის მოგერიებულ ბურთს საჯარიმოს წინა ხაზთან დაუხვდა და მოჭრილი დარტყმა განახორციელა. სეფიაშვილი უშანსოდ იყო, თუმცა ერთ-ერთმა მცველმა იყოჩაღა და ბურთი კარის ხაზიდან თავით გამოიტანა.

ფოთელთა საპასუხო შეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოდგა. სტუმართა კომბინაციის შემდეგ თანაგუნდელებმა შეცვლაზე შესული ჯიქია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ მისი გამიზნული დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კოლხებს შეეძლოთ შინ სამი ქულით დაბრუნებულიყვნენ. სტუმრებმა ,,შუქურას” მასირებული იერიშით ისარგებლეს და მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, რის შედეგადაც გურეშიძე მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი მოჭრილი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მალე გოგა კიკაჩეიშვილის საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც ზღვისპირელთა ზავი დააფიქსირა.

,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,კოლხეთი” (ფოთი) 1:1 (0:1)
18 აპრილი. 16.00. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 2500 მაყურებელი.

,,შუქურა”: ჯიოევი, გ. გურული, მალანია (მეტრეველი 88), ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, ჩალაძე, თუხარელი (ჩაფიძე 81), ჩელებაძე (კ), პაულო ვიქტორი (ზ. ტუღუში 84);

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

,,კოლხეთი”: სეფიაშვილი, გ. კილასონია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ლ. შენგელია (ამბროლაძე 83), გოგონაია (კ), ჟიშკარიანი (ბარამიძე 76), გიგაური (შ. ჯიქია 70), კაკულია, გურეშიძე;

მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლები: 0:1 ჟიშკარიანი (34), 1:1 გურული (63);

აფრთხილება: გოგონაია (44), თუხარელი (56), კაკულია (60), ჩალაძე (90+1), ჩალაძე (90+4);

ძევება: ჩალაძე (90+4);

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

0.143955