სხვა

19:37 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი თურმანიძის სამი ვერცხლი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ირაკლი თურმანიძემ (105 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ორივე მოძრაობაში სამ-სამი ცდა გამოიყენა, ორჭიდის ჯამში 435 კილოგრამი დააგროვა და ევროპის ჩემპიონს – უკრაინელ ოლეგ პროშაკს მხოლოდ ზედმეტი პირადი წონით – 84 გრამით ჩამორჩა.

ატაცში ა ჯგუფის 8 წევრიდან ყველაზე მაღალი საწყისი წონა – 192 კილოგრამი თურმანიძემ შეუკვეთა და შტანგა საკმაოდ ადვილად აიტაცა. ასევე უპრობლემოდ დაძლია 197 და 201 კილოგრამები და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რუსეთის ნაკრების წევრმა ჩინგიზ მოგუშკოვმა აჩვენა, რომელმაც ატაცი 202-ით დაასრულა.

აკვრა ირაკლი თურმანიძემ 225 კილოგრამით და წარმატებული ცდით გახსნა. შემდეგ კი 231 და 234 კილოგრამებიც აჰკრა. ოლეგ პროშაკმა მეორე მოძრაობა 235 კილოგრამით დააგვირგვინა და ორჭიდის ჯამში მანაც 435 კილოგრამს მოუყარა თავი. ოქროს ბედი კი სპორტსმენების პირადმა წონამ გადაწყვიტა. უკრაინელი ძალოსანი 130,2 კილოგრამს იწონიდა, ქართველი ზუსტად 840 გრამით მეტს - 131,04-ს.

მესამე საპრიზო ადგილი ჩინგიზ მოგუშკოვმა დაიკავა, 432 (202+230) კილოგრამით. ეს 190-კილოგრამიანი ძალოსანი აკვრაში სამეულს მიღმა დარჩა. არადა არათუ მცირე, მთავარ ოქროსთანაც ძალიან ახლოს იყო, მეორე ან მესამე ცდაზე 236 კილოგრამი რომ აეწია.

+105 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ფიცარნაგზე გიორგი ჩხეიძეც გავიდა და ბ ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. ორივე ჯგუფის შედეგების შეჯამების შემდეგ კი მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მძიმეწონოსანთა ევროკონკურენციაში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი არსენ კასაბიევიც ჩაერთო, რომელიც ახლა პოლონეთის სახელით გამოდის. დიდ ტურნირებზე იგი სავარაუდოდ 105 კილოგრამში იასპარეზებს. თბილისურ ევროპირველობაზე კი ამ წონას მხოლოდ 140 გრამით გადააჭარბა, რაც დიდი ალბათობით ტაქტიკური ნაბიჯი უფრო იყო, შემოდგომაზე გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ. კასაბიევმა ორჭიდის ჯამში 397 (174+223) კილოგრამი დააგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა.

ამრიგად, საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპირველობა ერთი მთავარი და სამი მცირე მედლით დაასრულა. თურმანიძემდე სპორტის სასახლის პოდიუმზე დავით გოგია ავიდა. ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საერთაშორისო არენაზე დაბრუნებულმა ქართველმა ძალოსანმა 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში მესამე შედეგი აჩვენა. ამ წონაში ჩემპიონი პოლონელი ბართლომეი ბონკი გახდა.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორის +75 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ყველას რუსმა ტატიანა კაშირინამ აჯობა.

ძალოსნობა

ევროპის ჩემპიონატი

თბილისი

18 აპრილი

მამაკაცები

105 კგ

1 ბართლომეი ბონკი (პოლონეთი) 408 კგ (185+223)

2 ანდრიან ზბირნეა (მოლდოვა) 399 კგ (177+222)

3 არკადიუშ მიხალსკი (პოლონეთი) 399 კგ (172+227)

9 დავით გოგია (საქართველო) 391 კგ (181+210)

- გია მაჭავარიანი (საქართველო)

+105 კგ

1 ოლეგ პროშაკი (უკრაინა) 435 კგ (200+235)

2 ირაკლი თურმანიძე (საქართველო) 435 კგ (201+234)

3 ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) 432 კგ (202+230)

12 გიორგი ჩხეიძე (საქართველო) 367 კგ (163+204)

ქალები

+75 კგ

1 ტატიანა კაშირინა (რუსეთი) 322 კგ (142+180)

2 ანასტასია ლისენკო (უკრაინა) 280 კგ (126+154)

3 ანდრეა აანეი (რუმინეთი) 261 კგ (120+141)

0.580416