სხვა

16:01 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანაძემ ატაცის უპირატესობა აკვრაში ვერ შეინარჩუნა

სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე დღეს მამაკაცთა შორის მედლები 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა გათამაშდეს. ამ წონაში საქართველოს ნაკრებს ნიკა ნანაძე წარმოადგენს, მაგრამ უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ საღამოს პოდიუმი მის გარეშე შეივსება. ნიკა B ჯგუფში გამოვიდა და 12 მონაწილეს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა პირველი მოძრაობის – ატაცის საწყის წონად 151 კილოგრამი შეუკვეთა. მასზე მეტით მხოლოდ უკრაინელმა იაროსლავ ვიტერმა (156 კგ) დაიწყო.

ნიკას 151-კილოგრამიანი შტანგის ასატაცებლად ორი მცდელობა დასჭირდა. 155 კილოგრამი ვეღარ დაიმორჩილა, მაგრამ ვიტერის გარდა ყველა კონკურენტის უკან მოსატოვებლად ერთი წარმატებული ცდაც ეყო. უკრაინელმა ძალოსანმა კი სამივე ცდა გამოიყენა (156, 160 და 164).

აკვრა ნანაძემ 184-ით და წარმატებული ცდით გახსნა და შტანგა 4 კილოგრამით დაამძიმებინა, მაგრამ მეორე-მესამე ცდები უშედეგოდ დაასრულა და ორჭიდის ჯამში 335 კილოგრამს დასჯერდა. შედეგად, ნიკას უკრაინელი იაროსლავ ვიტერის გარდა ორმა ფინელმაც გაუსწრო. ვიტერმა ორჭიდის ჯამში 356 კილოგრამი დააგროვა. მიიკა ანტიროიკომ – 345, ხოლო ერო რეტულაინენმა – 336.

A ჯგუფის წევრები ფიცარნაგზე 20 საათზე გავლენ. დღესვე გამოვლინდებიან ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორის 75 კილოგრამში. ხვალ კი მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება: მამაკაცებში 105 და +105 კილოგრამებში და ქალებში +75-ში. საქართველოს ნაკრების სახელით კი ევროკონკურენციაში დავით გოგია, გია მაჭავარიანი (ორივე 105 კგ), ირაკლი თურმანიძე და გიორგი ჩხეიძე (ორივე +105 კგ) ჩაებმებიან.

0.114635