პსჟ-ს ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ შესაძლოა პარიზის კლუბი დატოვოს. იტალიური პრესის ცნობით “პალერმოსა” და “ნაპოლის” ყოფილი ფორვარდი შესაძლოა ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამხრეთ ამერიკელის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ. ამ თემაზე ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“ბევრს საუბრობენ ჩემი ტრანსფერის შესახებ, მაგრამ ვრჩები პსჟ-ში, გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ. პატივს ვცემ გუნდთან დადებულ ხელშეკრულებას, ამ ეტაპზე მხოლოდ კლუბზე ვარ კონცენტრირებული”, - აღნიშნა კავანიმ “სკაი იტალიასთან” საუბარში.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ედინსონ კავანიმ 28 მატჩი გამართა და მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი 9 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია.
ედინსონ კავანიმ საფეხბურთო კარიერა 2005 წელს “დანუბიოში” დაიწყო. 2007 წელს “პალერმოში” გადავიდა. კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი კი “ნაპოლის” მაისურში გაატარა. კავანი 2013 წლიდან პსჟ-ს ფეხბურთელია.