ფეხბურთი

16:53 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა “ბარსასთვის” საიუბილეო გოლი გაიტანა

ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში წლევანდლამდე არასდროს ეთამაშა, ახლა კი 3 ჩატარებულ თამაშში 4 გატანილი გოლი აქვს, ოთხივე სტუმრად.

პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩში სუარესი საუკეთესო იყო, გარდა იმისა, რომ დუბლით გამოირჩა, კარშიც ყველაზე მეტჯერ დაარტყა – 3-ჯერ.

Sky sport-ზე ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ სუარესის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

“ნამდვილი 9 ნომერია, ყოველთვის მზადაა. შესანიშნავი ბომბარდირია, დიდებული ფეხბურთელი”, - თქვა მრავლისმნახველმა ფრანგმა.

სუარესი “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადაბარგდა და ახლა ამ თასის ხელში დასაჭერად ურუგვაელი ცდას არ აკლებს.

“პარი სენ ჟერმენთან” გატანილი პირველი გოლი საოცრად ლამაზი გამოვიდა. ჩავის გადაცემის მერე, მან ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, სადაც დავიდ ლუიზს ბურთი ფეხებს შუა გაუტარა, შემდეგ მარკინიოსიც ადვილად მოატყუა, მერე მაქსველი და სალვატორე სირიგუს ახლო კუთხეში გაუტანა.

მეორე გოლი – ისევ დავიდ ლუიზი, ისევ ფეხებს შუა გატარებული ბურთი და სირიგუს მარცხენა მაღალ კუთხეში ლურსმანივით ჩარჭობილი ბურთი.

აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესის მიერ გუშინდელ მატჩში გატანილი პირველი გოლი “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-400 იყო...

0.115653