ფეხბურთი

15:43 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაუნდი I და მოშლილი გერმანული მანქანა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები უკვე გაიმართა. ჩატარებული ოთხი მატჩიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი შედეგი პორტუში, სტადიონ “დრაგაუზე” დაფიქსირდა, სადაც მასპინძლებმა თამაშამდე უპირობო ფავორიტად შერაცხული მიუნხენის “ბაიერნი” უპირობოდვე - 3:1 დაამარცხა და საპასუხო თამაშის წინ ნახევარფინალში გასვლის შანსი ერთი-ორად გაიზარდა.

სამშაბათს, 21 აპრილს “ალიანს არენაზე” ძალზე საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს. მიუნხენური გიგანტისგან გამორიცხული არაფერია და წესით პორტუგალიურ გუნდს ეს ყველაფერი კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული. და მაინც, რა ფაქტორებია ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩამდე 5 დღით ადრე?...

ლოპეტეგის ტაქტიკის გამარჯვება

პრესინგი მეტოქის ნახევარზევე და მეტოქე მცველებთან მაქსიმალურად ახლოს თამაში.

“მწვრთნელმა პრესინგის გაუთავებლად თამაში დაგვავალა”, - იტყვის მატჩის შემდეგ ჰოლანდიელი მცველი ბრუნო მარტინს ინდი.

“დრაკონები” პრესინგისთვის ყოველთვის სწორ დროს არჩევდნენ. ამან შედეგი მალევე გამოიღო და პირველ 10 წუთში “პორტუმ” “რეკორდმაისტერს” 2 გოლი გაუტანა. ორივე მთლიანობაში პრესინგიდან გამოწვეული გოლი გახლდათ...

ჯექსონ მარტინესი...

ლოპეტეგიმ გარკვეულწილად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ჯექსონ მარტინესი, რომელსაც მანამდე ერთი თვე არ ეთამაშა ძირითად შემადგენლოაბში დააყენა. საბოლოო ჯამში, კოლუმბიელმა თავისი გუნდის ისტორიულ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ჯერ ჩაბი ალონსოს მოჰპარა ბურთი და მეკარე ნოიერთან პირისპირ გასულმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა. 65-ე წუთზე კი უკვე თავად გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ეს მისი მე-6 გოლია. თვითონ გატანილი გოლი კი დიდებული გამოდგა. ალექს სანდროს მიერ გაკეთებული გრძელი გადაცემა მარტინესმა ჩინებულად შეირგო. სამხრეთამერიკელი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი იყო თანაგუნდელ რიკარდო კვარეჟმას შემდეგ, ვინაც დუბლი შეასრულა.

არამხოლოდ სტატისტიკა...

ჩაბი ალონსომ გადაცემების 100% შეასრულა ზუსტად, დანტემ (93%), ბოატენგმა (88%), მაგრამ... მაგრამ სამივე გაშვებულ გოლში ამ ფეხბურთელთა როლი განუსაზღვრელია. გაცხარებულმა ალონსომ, მას მერე, რაც მარტინესმა ბურთი აართვა ბრაზი მინდორზე ამოანთხია და ხელების მწვანე, ბიბინა მინდორზე შემორტყმით შემოიფარგლა...

“ბაიერნის” საკადრო პრობლემები...

პეპ გვარდიოლას გარდა იმისა, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე მოუწევს ფიქრი და ზრუნვა, ისიც საფიქრალი აქვს, რომ გუნდში ტრავმების ეპიდემიაა. გუშინ, “დრაგაოს” სათადარიგო სკამზე გვარდიოლას ერთბაშად ორი მეკარე ჰყავდა გამწესებული, რაც რაღა თქმა უნდა, დალხინებული ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. გუნდისთვის მთავარი დანაკლისი არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის არყოფნაა.

ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა...

“დიდებული, წარმოუდგენელი თამაში იყო. უკეთეს შედეგს თამაშამდე ვერ ვინატრებდით, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია, სტუმრად და იგი ძალიან, ძალიან რთული თამაში იქნება”, - ეს კომენტარი პორტუგალიური გრანდის ალჟირელ ლიდერს იასიმ ბრაჰიმის ეკუთვნის.

“პორტუში” კარგად ხვდებიან, რომ “ბაიერნთან” ორბურთიანი ფორა ბევრს არაფერს ნიშნავს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მათ კიდევ ერთი სასწაულის ჩადენა მოუწევთ. “ბაიერნს” მეტოქის მოედანზე ერთი გოლი უკვე აქვს გატანილი, ეს კი საკმაოდ ბევრს ნიშნავს. გერმანელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ზედიზედ მეოთხედ გავლენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

მიუნხენურ მატჩამდე ლოპეტეგის მთავარი საფიქრალი კი წამყვანი განაპირა მცველების - ალექს სანდროსა და დანილოს არყოფნა იქნება. ხსენებულ მოთამაშეებს დისკვალიფიკააციის გამო “ალიანს არენაზე” ვერ ვიხილავთ.

“გერმანიაში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს საღამოს. ჩევნი ფებხურთი უნდა ვაჩვენოთ. თავი კარგად უნდა დავიცვათ და არც შეტევა დავივიწყოთ”, - დასძინა ბრაჰიმმა.

ფაქტი ერთია, “ბაიერნის” ჩამოწერა ჯერ ძალზე ნაადრევია და “პორტუს” წინ 90 ჯოჯოხეთური წუთის გადატანა მოუწევს. რამდენად მოახერხებს გერმანული მანქანის შეჩერებას და საბოლოოდ მწყობრიდან გამოყვანას პორტუგალიური გუნდი ამას 21 აპრილის გვიან ღამე გავიგებთ.

0.141683