კალათბურთი

12:49 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთი 23 ქულით გაანადგურა

ქართველი 16-წლამდელების წარმატებული მატჩი რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთის ნაკრები 23 ქულით – 64:41 გაანადგურა.

ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩი თურქეთთან ბოლო მეოთხედში წააგეს, თუმცა საკუთარი ძალები ბულგარელებთან გამოაჩინეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეში ქართველებმა 18:7 მოიგეს და მოპოვებულ უპირატესობას თამაშის ბოლომდე ზრდიდნენ.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო ზაურ ჯანელიძე გახლდათ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 10-10 ქულა მიითვალეს ნიკა მეცხვარიშვილმა და ლადო ალავიძემ, ხოლო გოგა ბითაძემ 7 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გიორგი ნიკოლაძეს, რომელსაც კალათბურთელებმა 23-ქულიანი გამარჯვებით შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მასპინძელ რუმინეთთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნახევარფინალში მეოთხეადგილოსანს შეხვდება, ხოლო მეორე ადგილზე გასული – მესამეადგილოსანს. წყვილებში მოგებულები პირველ ადგილს გაითამაშებენ, წაგებულები – მესამეს.

16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. ბრასოვი. რუმინეთი

ბულგარეთი – საქართველო 41:64 (12:12, 7:18, 13:20, 9:14)

www.gbf.ge

0.116579