როგორც the Times იუწყება, “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა პატრიკ ვიეირა დაინიშნოს. სავარაუდოდ ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი ინგლისურ კლუბს დატოვებს.
პატრიკ ვიეირა ამჟამად “მანჩესტერ სიტის” სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელია, აღნიშნული წყაროს ცნობით კი სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგის ძირითად გუნდში დაწინაურება იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატია გერმანელი იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვება ოფიციალურად დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ვიეირას ყველაზე რეალურად კანდიდატად მიიჩნევენ.
პატრიკ ვიეირამ მოთამაშის კარიერის ბოლო სეზონი სწორედ “მანჩესტერ სიტიში” გაატარა. 2010-2011 წლების დასრულების შემდეგ კლუბში დაიწყო მუშაობა, 2013 წლიდან კი “მანჩესტერ სიტის” სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელია.