მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის რვაგზის ტრიუმფატორმა რაფა ნადალმა წლევანდელი შეჯიბრება ფრანგი ლუკა პუიას დამაჯერებელი დამარცხებით (6:2, 6:1) დაიწყო, მალიორკელი შემდეგი მოწინააღმდეგე კი ამერიკელი ჯონ იზნერია.
“ფრანგის წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილურად ვთამაშობდი და შეცდომა პრაქტიკულად არ დამიშვია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ წლეულს საუკეთესო მატჩი ჩავატარე. იზნერთან მომავალ დაპირისპირებას რაც შეეხება, ჯონი სახიფათო მეტოქეა, ნებისმიერი საფარის კორტზე მეტად ძლიერად პაექრობს, მე კი შევეცდები ამჯერადაც კარგად ვიასპარეზო”, - აცხადებს რაფა.
ამასობაში რაფამ ჩოგანი შეიცვალა. ჟურნალისტების აზრით, ახალი ჩოგნის წყალობით ნადალის მოწოდება კიდევ უფრო მძლავრი და სწრაფი გახდა.