ფეხბურთი

2:28 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსამ“ ყველაფერი გადაწყვიტა, „ბაიერნმა“ შეცდომებს უნდა უკლოს

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების მე-2 სათამაშო დღეს ორივე თამაში ანგარიშით 3:1 დასრულდა. „ბარსელონამ“ და „პორტუმ“ მეტოქე გუნდების სერიოზული საკადრო პრობლემებით ისარგებლეს და კარგი ანგარიშებით იმარჯვეს. ეს განსაკუთრებით კატალონიელებზე ითქმის, რომლებმაც, პარიზში მოგებით, 1/2-ფინალის საგზური თითქმის გაინაღდეს.

„პარი სენ ჟერმენი“ „ბარსელონას“ იბრაჰიმოვიჩის, ვერატისა და მოტას გარეშე დაუხვდა. შეხვედრის სტარტზე ტრავმა მიიღო ტიაგუ სილვამ, რომელიც ასევე ტრავმირებულმა დავიდ ლუისმა შეცვლა. ლუისი რომ სათამაშოდ ბოლომდე მზად არ იყო, ეს დღევანდელ მატჩში კარგად გამოჩნდა.

პირველი სახიფათო მომენტი პსჟ-მ შექმნა, მაგრამ ხელსაყელ პოზიციაზე მყოფმა პასტორემ ბურთს ფეხი ააცილა. ამის შემდეგ, თამაშის ბატონ-პატრონი „ბარსელონა“ გახდა, რომელმაც ანგარიში მალევე გახსნა.

შეხვედრის მე-18 წუთზე, პარიზელთა დაცვამ, ბურთის დაკარგვის შემდეგ, უკან დროულად დახევა ვერ მოასწრო, რითიც მესიმ ისარგებლა და ნეიმარი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ბრაზილიელმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ნეიმარმა პსჟ-ს წინააღმდეგ მესამედ ითამაშა და მან პარიზელებს ამჯერადაც გაუტანა.

„ბარსელონამ“, გოლის გატანის შემდეგ, ბურთის კონტროლი დაიწყო, რასაც პსჟ ვერაფერს უპირისპირებდა. თამაში ლუის სუარესმა გამოაცოცხლა. ურუგვაელმა, 67-ე წუთზე, ჯერ დავიდ ლუისს ბურთი ფეხებშუა გაუტარა, შემდეგ კი მარკინიოსი და მაქსველიც მოატყუა. 3 ბრაზილიელის ჩამოშორებას სუარესმა ზუსტი დარტყმა მოაყოლა და ანგარიში 2:0 გახადა. ამ დარტყმის შემდეგ, „ბარსელონას“, ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან), 400 გოლი დაუგროვდა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც უფრო მეტი (436) გაუტანია, მადრიდის „რეალია“.

12 წუთში, სუარესმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. მან, მოედნის ცენტრთან ახლოს, მასკერანოსთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, დავიდ ლუისს ბურთ ფეხებშუა კიდევ ერთხელ გაუძვრინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ძალიან ზუსტად დაარტყა.

„ბარსელონასთვის“, სუარესის ეს გოლიც საიუბილეო გამოდგა. ურუგვაელის მე-2 ზუსტი დარტმყის შემდეგ, კატალონიელებს ევროტურნირებზე 1000 გატანილი ბურთი დაუგროვდათ. ერთადერთი გუნდი, რომელსაც უკეთესი შედეგი აქვს, ამჯერადაც „რეალია“. მადრიდელებს, ევროტურნირებზე, 1016-ჯერ გაუტანიათ.

ლუის სუარესს, ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონას“ მაისურით სულ 6 გოლი დაუგროვდა და აქედან 5 ურუგვაელმა მეტოქის მოედანზე გაიტანა.

პსჟ-ს მაქსიმუმი 82-ე წუთზე გატანილი გოლი იყო. საჯარიმოს გარედან ვან დერ ვილის დარტყმის შემდეგ ჟერემი მატიემ ბურთს ფეხი ცუდად დაუხვედრა და ფრანგმა თავდამსხმელმა ავტოგოლი გაიტანა. ეს, „ბარსელონასთვის“, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი მე-9 ავტოგოლია, რაც რეკორდია.

დღევანდელ თამაშში „პარი სენ ჟერმენის“ წაუგებელი სერია შეწყდა. ფრანგული გუნდი, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, 2005 წლის შემდეგ არ აგებდა. პარიზელებს ზედიზედ 33 წაუგებელი თამაში ჰქონდათ, რაც, „ბოლონიას“ შედეგთან ერთად, საუკეთესო მოქმები მაჩვენებელი იყო.

საინტერესოა, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ წაგება, პსჟ-სთვის, მიმდინარე სეზონში, პირველი იყო. დღეს კი, პარიზელებმა საკუთარ კედლებში წააგეს პირველად.

„პარკ დე პრენსზე“ გამართული დაპირისპირება იმითაც იყო გამორჩეული, რომ პსჟ-მ, ამ სტადიონზე გამართულ საერთაშორისო მატჩში, 3 გოლი 2004 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

პსჟ-ს დანაკლისი დასაწყისშივე აღვნიშნეთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბლანის გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნა დაეტყო. პარიზელებმა, მიმდინარე სეზონში, შვედი ვარსკვალვის გარეშე მეთვრამეტედ ითამაშეს და პირველად წააგეს.

პარიზში გამართული დაპირისპირება განსაკუთრებული იყო ჩავი ერნანდესისთვის. „ბარსელონას“ კაპიტანმა ევროტურნირებზე 169-ე თამაში ჩაატარა. გადაასწრო რა პაულო მალდინის, ის, ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

ბოლოს კი, შანსებზეც ვთქვათ. ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, მეტოქის მოედანზე გამართული პირველი თამაშის 3:1 მოგება შემდეგ ეტაპზე გასვლის 97.8%-იან შანსს იძლევა. თუ მხედველობაში იმ პერიოდს მივიღებთ, როდესაც სტუმრად გატანილი გოლის წესი მოქმედებს (1965 წლიდან), პსჟ-ს შანსები 1.69%-მდე შემცირდება.

3:1 მოგების მიუხედავად, „ბარსელონასთან“ შედარებით, მომდევნო ეტაპზე გასვლის ნაკლები შანსი აქვს „პორტუს“. ამის მიზეზი ისაა, რომ პორტუგალიელებმა საკუთარ კედლებში მოიგეს, თან „ბაიერნთან“, რომელსაც „ალიანც არენაზე“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხრა ნამდვილად ხელეწიფება.

„ბაიერნი“ პორტუგალიას რიბერის, ალაბას, რობენის, შვაინშტაიგერის, ხავი მარტინესისა და ბენატიას გარეშე ეწვია. შედეგად, გვარდიოლას იმ სასტარტო შემადგენლობის დაყენება მოუხდა, რომლითაც „ბაიერნი“ პირველად თამაშობდა.

„პორტუმ“ კი, მიუნხენელთა საკადრო პრობლემების გარდა, მეტოქის უხეში შეცდომებითაც ისარგებლა.

გვარდიოლას შეგირდებმა პირველი სერიოზული შეცდომა უკვე მე-2 წუთზე დაუშვეს. ჩაბი ალონსომ ბურთი საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან დაკარგა და ჯექსონ მარტინესს მეკარესთან პირისპირ გასვლის საშუალება მისცა. კოლუმბიელი მანუელ ნოიერმა წააქცია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ველასკო კარბალიომ, ამ ეპიზოდში, სტუმრები დაინდო, რადგან ცარიელი კარის წინ დარჩენილი მეტოქის წაქცევის გამო, მას ნოიერისთვის წითელი ბარათის ჩვენებაც შეეძლო. თუმცა, „პორტუმ“ რიკარდო კუარეჟმას მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი იკმარა.

გავიდა 7 წუთი და სტუმრები უხეშად კიდევ ერთხელ შეცდნენ. დანტემ, საჯარიმოს სიახლოვეს, ბურთი კუარეჟმას ჩააბარა, რომელმაც, ნოიერთან პირისპირ გასვლის შემდეგ, დუბლი გაიფორმა.

„ბაიერნმა“ ერთი ბურთი 28-ე წუთზე გაქვითა. მარჯვენა ფლანგიდან ბოატენგის ჩაწოდების შემდეგ, თავი ტიაგო ალკანტარამ გამოიჩინა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. ესპანელი ნახევარმცველი „ბაიერნის“ მე-11 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში გაიტანა. ამაზ მეტ (12) ფეხბურთელს მხოლოდ „ჩელსის“ მხრიდან გაუტანია.

ტიაგოს გოლის მიუხედავად, „ბაიერნმა“ მაინც ორბურთიანი სხვაობით წააგო, რისი მიზეზით მიუნხენელთა მორიგი შეცდომაა. 65-ე წუთზე, ალექს სანდრომ, მოედნის საკუთარი ნახევრიდან, ჯექსონ მარტინესზე გადაცემა გააკეთა. ჯერომ ბოატენგს, წესით, ბურთის მოგერიება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ გერმანელმა მცველმა შეცდომა დაუშვა და ჯექსონ მარტინესი ნოიერთან პირისპირ მეორედ გავიდა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა მეკარე, ამჯერად, წარმატებით მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

ეს იყო მე-10 შემთხვევა მიმდინარე გათამაშებაში, როდესაც „პორტუმ“ გოლი მეტოქის უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა. არცერთ სხვა გუნდს, მეტოქის შეცდომით ოთხზე მეტჯერ არ უხეირია.

„დრაგაოზე“ „ბაიერნის“ ცუდი თამაში მხოლოდ დაცვაში დაშვებულ შეცდომებში არ გამოხატულა. მიუნხენელებმა, მეტოქის კარის მიმართულებით, მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს. „რეკორდმაისტერს“, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 2009 წელს, „ბარსელონასთან“ 0:4 წაგებულ შეხვედრაში ჰქონდა. 6 წლის წინათ, კატალონიელებს მიუნხენელთა ამჟამინდელი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

რაც შეეხება შანსებს - თუ ევროტურნირის ფლეი ოფების ისტორიას გავითვალისწინებთ, „პორტუს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი 76%-ს უდრის. დროის მხოლოდ იმ მონაკვეთის გათვალისწინებით, როდესაც სტუმრად გატანილი გოლის წესი მოქმედებს, პორტუგალიელთა შანსები 78%-მდე იზრდება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ბაიერნს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე 22%. თუმცა, გვარდიოლას შეგირდებს თამაშის მომატება აუცილებლად მართებთ.

პსჟ-ბარსელონა 1:3 (0:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა (ლუისი 21), მარკინიოსი, მაქსველი, რაბიო (ლუკასი 65), კაბაიე, მატუიდი, ლავესი, კავანი, პასტორე.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მონტოია (ადრიანო 80), პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიე 74), ინიესტა (ჩავი 53), მესი, სუარესი, ნეიმარი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლები: 0:1 ნეიმარი (18), 0:2 სუარესი (67), 0:3 სუარესი (79), 1:3 მატიე (82, ს.კ.).

გაფრთხილებები: კაბაიე 37 – პიკე 32, მესი 54.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 9 (5)-11 (6), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 5-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 10-12.

პორტუ-ბაიერნი 3:1 (2:1)

პორტუ, “დრაგაო”

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, ერერა, კაზემირო, ტორესი (ნევეში 75), კუარეჟმა (ევანდრო 84), მარტინესი, ბრაიმი (ერნანი 80).

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ლამი, ალონსო (ბადშტუბერი 74), ტიაგო, მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე (როდე 56).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

გოლები: 1:0 კუარეჟმა (3, პენ), 2:0 კუარეჟმა (10), 2:1 ტიაგო (28), 3:1 მარტინესი (65).

გაფრთხილებები: კაზემირო 31, ალექს სანდრო 37, დანილო 83 – ნოიერი 2, ბერნატი 16, ლამი 38, როდე 71.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 7 (5)-5 (3), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-22.

0.208471