თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში დღეს საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი თათია ლორთქიფანიძე ჩაერთო და ევროდებიუტის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.
ქართველი ძალოსანი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში B ჯგუფში გამოვიდა და შვიდ მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
პირველ მოძრაობაში – ატაცში თათიამ საწყის წონად 70 კილოგრამი შეუკვეთა და ფიცარნაგზე პირველი გასვლა წარმატებული ცდით დააგვირგვინა. 74-კილოგრამიანი შტანგის ასატაცებლად კი ორი მცდელობა დასჭირდა.
აკვრაც იგივე სცენარით წარიმართა – საქართველოს ნაკრების წევრმა 90 კილოგრამი ასწია, 94 კი მხოლოდ ბოლო ცდაზე დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 168 კილოგრამი დააგროვა.
ყველაზე შედეგიანად შვედი პატრისია სტრენიუსი გამოვიდა, რომელმაც ორჭიდი 193 კილოგრამით დაასრულა. მეორე ადგილი კი უნგრელმა ნიკოლეტა ნაგიმ დაიკავა, 180 კილოგრამით.
B ჯგუფის ფინიშიდან ერთ საათში საქმეში A ჯგუფში გაწევრიანებული 8 ძალოსანი ჩაერთო. ერთ-ერთმა მათგანმა - რუსმა ნადეჟდა ლომოვამ ტრავმის გამო შეჯიბრება უქულოდ დაასრულა და ქართველი ძალოსანი მე-10 ადგილამდე დაწინაურდა.
ევროპის ჩემპიონი უკრაინელი იულია კალინა გახდა, 238 კილოგრამით. პოდიუმის მეორე-მესამე საფეხურებზე კი რუსი ნადეჟდა ლიხაჩევა (223 კგ) და იტალიელი გიორგია ბორდინიონი (214 კგ) ავიდნენ.
ძალოსნობა
ევროპის ჩემპიონატი
თბილისი
15 აპრილი
ქალები
63 კგ
1 იულია კალინა (უკრაინა) 238 კგ (106+132)
2 ნადეჟდა ლიხაჩევა (რუსეთი) 223 კგ (105+118)
3 გიორგია ბორდინიონი (იტალია) 214 კგ (97+117)
10 თათია ლორთქიფანიძე (საქართველო) 168 კგ (74+94)







