კალათბურთი

14:05 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთშია, სადაც საერთაშორისო ტურნირში იღებს მონაწილეობას. ქართველები რუმინეთში ლატვიიდან ჩავიდნენ, სადაც 4 სპარინგ-მატჩიდან 3 მოიგეს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა რუმინეთში პირველი მატჩი გამართა და მძლავრ თურქეთის ნაკრებთან დამარცხდა. ტურნირში საქართველოს, რუმინეთსა და თურქეთთან ერთად ბულგარეთიც მონაწილეობს. გუნდები რუმინეთის საკურორტო მხარეში, მთებში გაშენებულ ბრაშოვში არიან, სადაც როგორც ჩვენი ნაკრების მენეჯერმა, შალვა ონიანმა გვითხრა, იდეალური იფრასტრუქტურული პირობების გარდა, მშვენიერი ბუნება და გარემოა.

გათამაშების ფორმატი განსხვავებულია. ტურნირის მონაწილე ყველა გუნდს 5 მატჩის გამართვა მოუწევს. ჯერ ჩატარდება 1 წრე – ყველა ყველას შეხვდება და გუნდები ჯგუფში შედეგების შესაბამისად, ადგილებს გაინაწილებენ. ამის შემდეგ პირველ ადრილზე გასული გუნდი მეოთხეს შეხვდება, ხოლო მეორე – მესამეს. გამარჯვებულები ფინალს ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან.

თურქეთთან მატჩში ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ “ა” დივიიონის წევრის დამარცხება ვერ მოახერხეს. პირველი მეოთხედის 9 ქულით წაგების შემდეგ, ქართველებმა თამაში გამოასწორეს და მეორე პერიოდში 8 ქულით, ხოლო მესამეში 4-ით იმარჯვეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 38:36 დაწინაურდნენ.

ქართველებმა ბოლო მეოთხედში ვეღარ გაულეს თურქების ზეწოლას და პერიოდის 8:21 წაგების შემდეგ 46:57 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გოგა ბითაძეს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 21 მოხსნა და 5 დაფარება დააგროვა. აკაკი ფიფიას ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრები 15 აპრილს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. ბრასოვი. რუმინეთი

თურქეთი – საქართველო 57:46

www.gbf.ge

0.124584