ფეხბურთი

10:02 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ნაცნობების შეხვედრა პარიზსა და პორტუში

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მოთამაშე ოთხივე გუნდის მთავარ მწვრთნელს ერთი კლუბი, “ბარსელონა” აერთიანებს. 1996/97 წლების სეზონში, პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე, ლორან ბლანი და ხულენ ლოპეტეგი კატალონიურ გუნდში თამაშობდნენ. “პორტუს” ამჟამინდელ დამრიგებელს “ბარსელონაში” წამყვანი როლი არასდროს ჰქონია, რადგან ის სათადარიგო მეკარე იყო. თუმცა, ერთხელ, “ატლტეტიკოსთან” ქვეყნის სუპერთასზე გამართულ შეხვედრაში, “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ოთხივე მათგანი ვიხილეთ. იმავე მატჩში, “ატლეტიკოს” მხრიდან, მონაწილეობა 1/4-ფინალში მოთამაშე კიდევ ერთი გუნდის მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მიიღო. დღეს, ბლანი ლუის ენრიკეს დაუპირისპირდება, ხოლო ლოპეტეგი – გვარდიოლას.

პსჟ-ბარსელონა

ეს გუნდები, მიმდინარე გათამაშებაში, ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდებიან. პირველი დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, როდესაც როგორც პსჟ-მ, ასევე “ბარსელონამ”, საკუთარ კედლებში მოიგეს. ჯგუფში პირველი ადგილი კი კატალონიურმა გუნდმა დაიკავა.

ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, პსჟ-მ, ძალზე დაძაბულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში, “ჩელსის” აჯობა. “ბარსელონამ” კი “მანჩესტერ სიტის” კვლავ ორივე თამაში მოუგო და 1/4-ფინალის საგზური იოლად მოიპოვა.

პსჟ და “ბარსელონა” ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვედრიან. 1995 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ესპანეთში გუნდებმა 1:1 ითამაშეს, პარიზში კი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

2 წლის შემდეგ, თასების მფლობელთა თასის ფინალში, უფრო ძლიერი უკვე “ბარსელონა” აღმოჩნდა, რომელმაც 1:0 მოიგო. იმ მატჩში კატალონიელთა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ითამაშა. ლორან ბლანი კი, რომელიც ასევე “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, განაცხადში ვერ მოხვდა.

მორიგი შეხვედრები 2013 წელს, კვლავ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გაიმართა. პარიზული მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო კატალონიაში გუნდებმა 1:1 ითამაშეს. სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, მომდევნო ეტაპზე “ბარსელონა” გავიდა.

მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე გუნდმა საკუთარ მოედანზე მოიგო. პარიზში მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო კატალონიაში “ბარსამ” 3:1 მოიგო.

პსჟ-მ, ესპანურ გუნდებთან სულ ჩატარებული 22 თამაშიდან 10 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. საკუთარ კედლებში ჩატარებულ 11 მატჩში პარიზელებს 6 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება აქვთ.

“ბარსელონას” საფრანგეთის წარმომადგენლებთან 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 10 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდათ. სტუმრად გამართული 9 შეხვედრიდან “ბარსამ” 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და სამიც წააგო.

პსჟ-ს, შიდა ასაპრეზზე, საქმეები კარგად მისდის. ბლანის გუნდმა ლიგა ერთის ბოლო 2 თამაში მოიგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მას შემდეგ, პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო ქვეყნის ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩში იოლად იმარჯვა.

ქვეყნის ჩემპიონატს “ბარსელონაც” ლიდერობს, მაგრამ გასულ უქმეებზე “სევილიასთან” 2:2 თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა მდევარ “რეალს” სხვაობის ორ ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს.

პარიზული გუნდი დღევანდელ მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება. ლორან ბლანი დისკვალიფიცირებულ იბრაჰიმოვიჩს, ვერატისა და ორიეს, ასევე ტრავმირებულ მოტას ვერ დაიხმარს. აქამდე არსებული ინფორმაციით, “ბარსელონასთან” ვერც დავიდ ლუისს უნდა ეთამაშა, მაგრამ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ყველასთვის მოულოდნელად, პარიზელთა განაცხადში მოხვდა.

“ბარსელონას” ერთადერთი დანაკლისი დისკვალიფიცირებული დანი ალვესი იქნება.

  • “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული, რაც, ამ გუნდისთვის, 2012 წლის შემდეგ, საუკეთესო შედეგია;
  • ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” დამარცხება მოახერხა, “პარი სენ ჟერმენია”;
  • ეს გუნდები, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. წინა 2 შემთხვევიდან მომდევნო ეტაპზე ერთხელ პსჟ გავიდა და ერთხელ – “ბარსელონა;
  • პსჟ-სა და “ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 6 დაპირისპირებაში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
  • “ბარსელონას”, ფრანგულ გუნდენთამ გამართულ ბოლო 18 თამაშში გოლი ყოველთვის გაჰქონდა. პსჟ-მ კი, ესპანელებთან ჩატარებული ბოლო 13 შეხვედრიდან მეტოქის კარი 12-ში აიღო;
  • “ბარსელონას”, 2001 წლის შემდეგ, საფრანგეთში არ მოუგია;
  • “პარი სენ ჟერმენს”, ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 33 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მერვედ თამაშობს, რაც რეკორდია. წინა 7 შემთხვევიდან კატალონიელები 1/2-ფინალში 6-ჯერ გავიდნენ;
  • გუნდების მთავარი მწვრთნელები, ლუის ენრიკე და ლორან ბლანი, 1996/97 წლების სეზონში, “ბარსელონაში” ერთად თამაშობდნენ;
  • პსჟ-ს მარცხენა მცველი მაქსველი, 2009-2012 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა;
  • ტიაგუ მოტა, რომელიც დღეს ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია;
  • “პარი სენ ჟერმენის” მიერ გატანილი ბოლო 16 გოლიდან 10 ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, რომელიც დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს;
  • “ბარსელონამ”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 34 თამაშიდან 30 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა, მარკინიოსი, მაქსველი, კაბაიე, რაბიო, მატუიდი, ლავესი, კავანი, პასტორ.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ადრიანო, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

პორტუ-ბაიერნი

წილისყრის შემდეგ, წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად “ბაიერნი” დასახელდა. მიუნხენელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, მაგრამ ისინი არა მხოლოდ ორრაუნდიანი დაპირისპირების, არამედ დღევანდელი მატჩის ფავორიტებად მაინც რჩებიან.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1987 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალიდან იღებს. 28 წლის წინათ, “პორტუმ” “ბაიერნს” პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოუგო. ვენაში გამართულ შეხვედრაში პორტუგალიელებმა 2:1 იმარჯვეს და თასიც აიღეს.

მას შემდეგ, “პორტუ” და “ბაიერნი” ერთმანეთს მხოლოდ ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში ხვდებიან. 1991 წელს, მიუნხენში 1:1 თამაშის შემდეგ, გერმანელებმა პორტუგალიაში 2:0 მოიგეს. 2000 წელს, 1:1 უკვე პორტუში გამართული შეხვედრა დასრულდა, ხოლო მიუნხენში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს.

“პორტუს” გერმანულ გუნდებთან სულ 27-ჯერ უთამაშია. პორტუგალიელებმა 11-ჯერ მოიგეს, 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 9-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში გამართულ 13 შეხვედრაში “დრაკონებს” 7 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი აქვთ.

“ბაიერნს”, პორტუგალიის წარმომადგენლებთან გამართულ 22 თამაშში 13 მოგება, 8 ფრე და მხოლოდ 1 წაგება დაუგროვდა. მიუნხენელებმა, მეტოქის მოედანზე ჩატარებული 11 მატჩიდან 5 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს.

“პორტუს”, შიდა ასპარეზზე, საქმეები ცუდად მისდის. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ, ლოპეტეგის შეგირდები პორტუგალიის თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ. პორტუმ ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაში კი მოიგო, მაგრამ გუნდი ლიდერ “ბენფიკას” მაინც 3 ქულით ჩამორჩება.

“ბაიერნს” საქმეები უკეთ მისდის. ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მიუნხენელები გათამაშებას 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ და ისინი ქვეყნის თასის 1/2-ფინალშიც არიან.

“ბაიერნს”, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჯერჯერობით, სერიოზული პრობლემები არ შექმნია. მიუნხენელებმა, ჯგუფურ ეტაპზე, “სიტის”, “რომასა” და ცსკა-ს იოლად აჯობეს. 1/8-ფინალის პირველ მატჩში უგოლოდ თამაშის შემდეგ კი, მათ “შახტარი” საკუთარ კედლებში 7:0 გაანადგურეს.

ასეთივე სიტუაციაში იყო “პორტუც”. პორტუგალიელებმა ჯგუფი, რომელშიც “შახტარი”, “ბილბაო” და ბატე თამაშობდნენ, იოლად მოიგეს. 1/8-ფინალში, 2 მატჩის ჯამში, მათ “ბაზელი” 5:1 დაამარცხეს.

პორტუგალიურ გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, ივან მარკანო არ ეყოლება. საეჭვოა კრისტიან ტელიოსა და ჯექსონ მარტინესის თამაშიც. “ბაიერნის” დანაკლისს კი ტრავმირებული რიბერი, ალაბა, რობენი და შვაინშტაიგერი შეადგენენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხავი მარტინესისა და მეჰდი ბენატიას თამაშიც.

  • “პორტუ” და “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. წინა ორ შემთხვევაში უფრო ძლიერი “ბაიერნი” აღმოჩნდა;
  • “პორტუს”, ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს. პორტუგალიელებმა, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგეს;
  • “ბაიერნმა”, ევროტურნირებზე სტუმრად ჩატარებული ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო. მიუნხენელებმა, მეტოქის მოედანზე გამართული უკანასკნელი 18 შეხვედრიდან გოლი 16-ში გაიტანეს;
  • “ბაიერნმა”, მიმდინარე გათამაშებაში, მეტოქის კარის მიმართულებით 153-ჯერ დაარტყა, საიდანაც 62 დარტყმა კარში წავიდა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა. “პორტუს” კი, 1/4-ფინალისტებს შორის ყველაზე ცოტა, 50 დარტყმა აქვს;
  • “ბაიერნს”, პორტუგალიაში გამართულ 11 თამაშში წაგება არ აქვს;
  • გუნდების მთავარი მწვრთნელები ხულენ ლოპეტეგი და პეპ გვარდიოლა, 1994-1997 წლებში, “ბარსელონაში” ერთად თამაშობდნენ;
  • პეპ გვარდიოლა, ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის დროს, “პორტუს” 4-ჯერ დაუპირისპირდა. კატალონიელს 100%-იანი შედეგი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, რეიესი, სანდრო, ოლივერი, კაზემირო, ერერა, კუარეჟმა, აბუბაკარი, ბრაიმი.

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი, ლამი, ალონსო, ტიაგო, მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე.

მსაჯი: კაროს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

0.19267