ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების პირველი სათამაშო დღე გოლების სიმწირით გამოირჩა. ორ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც საეჭვო თერთმეტმეტრიანით.
დღის ცენტრალური დაპირისპირება გასული გათამაშების ფინალის გამეორება იყო. „ვისენტე კალდერონზე“ ერთმანეთს ორი მადრიდული გუნდი დაუპირისპირდა, რომლებმაც გულშემატკივრებს გოლები ვერა, მაგრამ უშევაღავათო ბრძოლა უჩვენეს.
„ატლეტიკოსა“ და „რეალის“ სასტარტო შემადგენლობებს შორის, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილების მხრივ, ძალიან დიდი სხვაობა იყო. „როხიბლანკოს“ თერთმეტეულის აქტივში ამ ტურნირზე ჩატარებული 185 თამაში იყო, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებისაზე კი - 631.
მოედანზე მყოფთაგან ყველაზე გამოუცდელი „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 მატჩს ატარებდა. თუმცა, ამან 22 წლის მეკარეს თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაში ხელი არ შეუშალა. პირველ ტაიმში „რეალი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და სტუმრებმა რომ გოლი ვერ გაიტანეს, ეს სწორედ ობლაკის დამსახურებაა.
მას შემდეგ, რაც სტატისტიკოსები მეკარეების სეივებს ითვლიან, იან ობლაკი პირველი მეკარე გახდა, რომელმაც „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის პირველ ტაიმში 6 სეივი განახორციელა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი, როდესაც სლოვენიელმა კიპერმა მასთან პირისპირ გასულ გარეთ ბეილს ძალზე რთული ბურთი აუღო. ობლაკის კარგი თამაშის წყალობით, 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „რეალმა“, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, კარში ზუსტად დარტყმა 8-ჯერ მოახერხა, მაგრამ გოლი მაინც ვერ გაიტანა. 12 წლის წინათ მადრიდელებმა „პარტიზანის“ კარი ვერ აიღეს.
„რეალის“ ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი სტუმრად გამართულ ზედიზედ 12 თამაშში ჰქონდა გატანილი, რაც რეკორდია. თუ პორტუგალიელს ამ სერიის გაგრძელება უნდოდა, მას პირველ ტაიმში უნდა გაეტანა, რადგან მიმდინარე გათამაშებაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გოლების შესვენების შემდეგ გატანა არ გამოსდის. ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშებაში, რონალდუმ სულ 8 გოლი გაიტანა და რვავე პირველ ნახევარში. რონალდუმ თავის მე-2 ტაიმში გამოჩენა ვერც ამჯერად მოახერხა.
მე-2 ტაიმში „ატლეტიკომ“ თამაში გაათანაბრა და რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ სიმეონეს შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. თუმცა, საერთო სურათის გათვალისწინებთ, მასპინძლები ნულოვანი ფრით კმაყოფილნი უნდა იყვნენ. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მიმდინარე სეზონის შედეგების გათვალისწინებთ, „რეალს“ განმეორებით მატჩში მოგება ძალიან უნდა გაუჭირდეს. საქმე ისაა, რომ ეს გუნდები, 2014/15 წლების სეზონში, ერთმანეთს უკვე მეშვიდედ დაუპირისპირდნენ და „ატლეტიკოს“ ჯერ წაგება არ აქვს. „როხიბლანკოს“, ქალაქურ დერბიში, ასეთი ხანგრძლივი წაუგებელი სერია ისტორიაში პირველად აქვს. გარდა ამისა, ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „რეალმა“ „ატლეტიკოსთან“ სტუმრად ჩატარებულ ზედიზედ 4 თამაშში გოლი ვერ გაიტანა.
გულშემატკივრები მადრიდულ დერბიში უგოლო ფრეს დაჩვეულნი ნამდვილად არ არიან. „ატლეტიკომ“ და „რეალმა“ 0:0 2005 წლის მაისის შემდეგ პირველად ითამაშეს, ხოლო „ვისენტე კალდერონზე“ ასეთი შედეგი 1993 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
„რეალის“ გულშემატკივრებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე უგოლოდ თამაშიც უცხოა. „სამეფო კლუბმა“ 0:0 2007 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა.
„ვისენტე კალდერონზე“ კარის მშრალად შენახვით იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის ერთი რეკორდი გაიმეორა. ესპანელი კიპერი ედვინ ვან დერ სარის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც, ამ ტურნირზე, გოლი 51 თამაშში არ გაუშვა.
რეკორდი გაიმეორა „ატლეტიკომაც“. სიმეონეს გუნდმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-7 საშინაო თამაშში არ გაუშვა. ასეთი შედეგი, აქამდე, „იუვენტუსს“, „არსენალსა“ და „დეპორტივოს“ ჰქონიათ.
ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებთ, სტუმრად ჩატარებული პირველი თამაშის უგოლოდ დასრულება „რეალს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის 67%-იან შანსს აძლევს. მას შემდეგ, რაც ევროტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი შემოიღეს, ეს მაჩვენებელი 65 პროცენტს უდრის.
როდესაც საქმე „რეალთან“ გვაქვს, შანსი გაცილებით მაღალია. „სამეფო კლუბი“, ევროტურნირებზე, მსგავს სიტუაციაში 23-ედ აღმოჩნდა. მადრიდელებმა, წინა 22 ცდიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლა 21-ჯერ მოახერხეს.
თუმცა, ისტორიის გათვალისწინებით, საქმე ცუდად არც „ატელტიკოს“ აქვს. „როხიბლანკომ“, ევროტურნირის ფლეი ოფში საკუთარ მოედანზე გამართული პირველი თამაში უგოლოდ მეოთხედ დაასრულა. მადრიდლები, წინა 3 შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდნენ.
მადრიდული დერბისგან განსხვავებით, დღის მე-2 მატჩში გოლების სიმცირე გასაკვირი არ ყოფილა. ერთმანეთს ხომ 1/4-ფინალისტებს შორის ყველაზე ნაკლებად შედეგიანი გუნდები ეთამაშებოდნენ.
თუ „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ დაპირისპირებაში ჩემპიონთა ლიგაზე არსებული გამოცდილების მხრივ აშკარა დისბალანსი იყო, ტურინულ მატჩში ყურადღებას მასპინძელი გუნდის ფეხბურთელების ასაკი იქცევდა. „იუვენტუსის“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 30 წელი და 64 დღე იყო. „ბებერ ქალბატონს“, ჩემპიონთა ლიგაზე, ამაზე ხანდაზმული შემადგენლობით ისტორიაში მხოლოდ ერთხელ უთამაშია.
„იუვენტუსსა“ და „მონაკოს“ შორის გამართულ მატჩში მეტოქის კარის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ერთადერთი გოლი კი მსაჯის ჩარევის შედეგად გავიდა. შეხვედრის 55-ე წუთზე, მასპინძელთა თავდამსხმელი ალვარო მორატა შორეული გადაცემის მისაღებად ემზადებოდა, როდესაც ის რიკარდუ კარვალიომ წააქცია. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და „მონაკოს“ მცველს ყვითელი ბარათი უჩვენა. თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მორატამ წაქცევა საჯარიმოს გარეთ დაიწყო და ამ შემთხვევაში ჯარიმის დანიშვნა უფრო ლოგიკური იქნებოდა.
არტურო ვიდალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მონაკოს“ კარში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 4 პენალტიდან 3 „იუვენტუსის“ ფეხბურთელების ანგარიშზეა.
თამაში 1:0 მორჩა, რაც, ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, „იუვენტუსს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის 58%-იან შანსს აძლევს. თუ მხოლოდ იმ პერიოდს გავითვალისწინებთ, როდესაც სტუმრად გატანილი გოლის წესი მოქმედებს (1965 წლიდან), ტურინელთა შანსი 60% გამოვა.
თუ „ბებერი სინიორას“ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შანსები „მონაკოს“ სასარგებლოდ შემოტრიალდება. საქმე ისაა, რომ ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც „იუვენტუსმა“ ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 1:0 მოიგო, ტურინელები გათმაშებას გამოეთიშნენ.
თუმცა, ამ მხრივ საქმე კარგად არც „მონაკოს“ აქვს. ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც მონაკოელებმა ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში სტუმრად 0:1 წააგეს, მათ მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხეს.
ატლეტიკო-რეალი 0:0
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, თურანი, სუარესი, გაბი, კოკე (ტორესი 83), გრიზმანი (გარსია 77), მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი (არბელოა 85), ვარანი, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, როდრიგესი, ბეილი, ბენზემა (ისკო 76), რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გაფრთხილებები: მანჯუკიჩი 55, გარსია 80, სუარესი 85 – რამოსი 80, მარსელო 89.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 8 (2)-16 (8), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 8-2, ჯარიმა: 19-11.
იუვენტუსი-მონაკო 1:0 (0:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, ვიდალი, პირლო (ბარძალი 74), მარკიზიო, პერეირა (სტურარო 87), ტევესი, მორატა (მატრი 83).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, რაგი (ბერბატოვი 71), რ. კარვალიო, აბდენუ, კურზავა, მოუტინიო, ფაბინიო, კონდოგბია, დირარი (სილვა 51), მარტიალი (მ. კარვალიო 87), ფერეირა.
მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.
გოლი: 1:0 ვიდალი (57, პენ).
გაფრთხილება: რ. კარვალიო 55.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 13 (5)-16 (5), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 2-0, სეივი: 5-4, ჯარიმა: 7-15.