სხვა

14:09 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი კორეული ტურნირი

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ტყვიის სროლაში, სადაც ქართველი ჩუბინებიც ასპარეზობდნენ. აღნიშნული ტურნირი მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც გახლდათ, რომ რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც თამაშდებოდა, რომელიც პირველ-მეორე ადგილზე გასულ მსროლელებს ერგებოდათ.

ქალთაგან კორეაში ჩვენგან მხოლოდ სახელოვანი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე გამოდიოდა. სამწუხაროდ, ქართველმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სუსტად იასპარეზა და ფინალში ვერც სპორტული და ვერც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოხვდა.

სპორტული იარაღიდან სალუქვაძემ 577 ქულა დააგროვა და ოდენ 21-ე ადგილს დასჯერდა, მაგრამ დამაფიქრებელი ის არის, რომ იგი ფინალისტთა ოქტეტს გვარიანად ჩამორჩა.

რაც შეეხება პნევმატური პისტოლეტიდან სროლას, აქ სალუქვაძემ 379 ქულა დააგროვა, რაც დაგვეთანხმებით საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია, რაც საკმარისი ოდენ 31-ე ადგილისთვის აღმოჩნდა. ჩვენებური ფინალისტებს აქაც საკმაოდ ჩამორჩა.

ვაჟთა ტურნირში ორი მონაწილე გვყავდა. ნინო სალუქვაძის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი და შედარებით გამოცდილი ლევან ქადაგიძე. უნდა ითქვას, რომ მათ საკუთარ შესაძლებლობებზე უარესად ისროლეს. ქადაგიძე 70 მონაწილეს შორის 45-ე იყო, ხოლო მაჭავარიანი ბოლოსწინა ადგილზე აღმოჩნდა.

წინ კიდევ ორი მსოფლიოს თასის ეტაპია. 11-19 მაისს ამერიკის ქალაქ ფორტ ბენინგში, ხოლო 26 მაისიდან 2 ივნისამდე – მიუნხენში. იმედია, აღნიშნული ტურნირები ქართველი მსროლელებისთვის გაცილებით წარმატებული გამოდგება, რადგან ოლიმპიური ლიცენზია კვლავაც მოსაპოვებელია.

www.geonoc.org.ge

0.115273