ფეხბურთი

1:13 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ჯვაროსნული ლაშქრობა“ სერია A-ში და აუღებელი „სანჩეს პისხუანი“

იტალია

გასულ უქმეებზე, ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე დიდი სენსაცია იტალიურმა „პარმამ“ შემოგვთავაზა. გაკოტრებულმა „ჯვაროსნებმა“, რომელიც მიმდინარე სეზონს ინერციით ამთავრებს, ლიდერის და თითქმის უკვე გაჩემპიონებული „იუვენტუსის“ 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

„ენიო ტარდინიზე“ ერთადერთი გოლი ხოსე მაურიმ გაიტანა, რომელმაც „იუვენტუსის“ 431-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

ეს მოგება განსაკუთრებული იყო „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელისთვის, რობერტო დონადონისთვის. მას, სერია A-ში „იუვენტუსთან“ პირველად მოსაგებად ტურინულ გუნდთან 10 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

„პარმას“ სერია A-ში დარჩენა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ბოლო დროს „ჯვაროსნების“ კარგ ფორმაში ყოფნა მაინც უნდა აღინიშნოს. დონადონის გუნდმა ზედიზედ 3 წაუგებელი თამაში ჩაატარა. „პარმამ“ უკანასკნელი 2 შეხვედრა მოიგო, რაც ამ გუნდმა 2014 წლის მარტის შემდეგ პირველად გააკეთა.

„იუვენტუსმა“, პარმადან შინ უგოლოდ დაბრუნებით, „ლაციოს“ ერთ კომპონენტში გადასწრების საშუალება მისცა. რომაელებმა „ემპოლი“ 4:0 გაანადგურეს და 30 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი, 58 ბურთი სწორედ მათ აქვთ გატანილი. „ბებერი სინიორა“ დედაქალაქელებს 1 გოლით ჩამორჩება.

გოლების მსგავსად, „ლაციოს“ ქულაც 58 აქვს. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს მთელ გასულ გათამაშებაში რომაელებმა მხოლოდ 56 ქულა აიღეს. მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე კი კიდევ 8 ტურია.

„ინტერმა“ ბოლო 6 მატჩში პირველად მოიგო. მილანელებმა „ვერონას“ 3 გოლი გაუტანეს და რა გასაკვირია, რომ სამივე შემთხვევაში თავი უცხოელმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. „ინტერი“ სახელს („ინტერნაციონალი“) დიდი ხანია ამართლებს. ამ გუნდის მიერ გატანილი ბოლო 31 გოლი უცხოელი ფეხბურთელების ანგარიშზეა. 2015 წელს, „ნერაძურის“ იტალიელ მოთამაშეებს თავი ჯერ არ გამოუჩენიათ.

„ინტერმა“ რომ კარი მშრალად შეინახა, ეს გუნდის მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის დამსახურებაა. სლოვენიელმა კიპერმა, მის კარში დანიშნული ბოლო 8 თერთმეტმეტრიანიდან მე-7 მოიგერია.

ინგლისი

უქმეების ყველაზე გამორჩეულ შეხვედრას მანჩესტერმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ქალაქის 2 გუნდი დაუპირისპირდა. „სიტის“ შანსი ჰქონდა „იუნაიტედისთვის“ ზედიზედ 5 თამაში პირველად მოეგო, მაგრამ მანუელ პელეგრინის გუნდი უქულოდ დარჩა.

„სიტის“ მხრიდან ორივე გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა, რომელსაც „იუნაიტედთან“ გამართულ უკანასკნელ 4 მატჩში 6 ბურთი დაუგროვდა.

მე-14 წუთისთვის გოლი უკვე ორივე გუნდს ჰქონდა გატანილი. აქამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც მანჩესტერული დერბის საწყის 15 წუთში თავი ორივე გუნდმა გამოიჩინა, 2002 წლის 9 ნოემბრით თარიღდებოდა. მაშინ, „სიტი“ ნიკოლა ანელკამ მე-5 წუთზე დააწინაურა, ხოლო სოლსკიაერმა სამ წუთში გაათანაბრა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს, რაც „იუნაიტედს“ ძალიან დიდ უპირატესობას აძლევდა. საქმე ისაა, რომ „წითელ ეშმაკებს“, საკუთარ მოედანზე ჩატარებულ პრემიერლიგის მატჩში პირველი ტაიმის მოგების შემდეგ, არასდროს წაუგია. „იუნაიტედს“, 242 ასეთ თამაშში 229 მოგება და 13 ფრე ჰქონდა. „სიტის“ საქმე კი საპირისპიროდ იყო - პრემიერლიგაში, სტუმრად ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, „ქალაქელებს“ უკვე 20 წელია არ მოუგიათ. „ქალაქელებს“, კვირას, ასეთი თამაშის შემობრუნების 87-ე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.

ეს 2 სერია კი გაგრძელდა, მაგრამ ერთი მაინც შეწყდა. 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „სიტიმ“, ქალაქურ დერბიში ანგარიშის გახსნის მიუხედავად წააგო. 22 წლის წინათ, „ქალაქელები“ 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ „იუნაიტედმა“ 3:2 მოიგო.

ამ მოგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“, 32 ტურის შემდეგ, 65 ქულა დაუგროვდა, რაც მთელ გასულ გათამაშებაში აღებულ ქულებზე ერთით მეტია.

„სიტის“ კი საქმეები ძალიან ცუდად მისდის. გუნდი, რომელიც 2014 წლის მიწურულს ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა. „ქალაქელებმა“, 2015 წლის პირველ 4 თვეში პრემიერლიგის 5 თამაში წააგეს, რაც 2014 წლის 12 თვეში წაგებულ თამაშებზე ერთით მეტია.

„მანჩესტერ სიტის“ სათავეში მანუელ პელეგრინის მისვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გუნდმა პრემიერლიგის ზედიზედ 2 თამაში წააგო. გარდა ამისა, „ქალაქელებმა“ ჩემპიონატის ზედიზედ მე-4 გასვლითი შეხვედრა დათმეს, რაც 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

„კრისტალ პალასის“ სათავეში ალან პარდიუს მისვლის შემდეგ, ლონდონელებმა, 12 მატჩიდან, კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახეს. ამის მიუხედავად, გუნდმა ქულების აღებას უმატა. პარდიუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „კრისტალ პალასმა“ 25 ქულა აიღო. დროის ამ მონაკვეთში უკეთესი შედეგი მხოლოდ „არსენალს“ აქვს, რომელმაც 10 იანვრის შემდეგ თავი 33 ქულას მოუყარა.

გასულ ტურში მოგება „არსენალისთვის“ ზედიზედ მე-8 იყო. „მეთოფეებს“ პრემიერლიგაში ასეთი სერია 2004 წლის შემდეგ პირველად აქვთ.

„კრისტალ პალასის“ მსგავსად, მთავარი მწვრთნელის შეცვლამ იმოქმედა „ასტონ ვილაზეც“. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ტიმ შერვუდის მისვლამ ბირმინგემელთა ბელგიელ თავდამსხმელზე, კრისტიან ბენტეკეზე იმოქმედა. 24 წლის ფეხბურთელმა, 14 თებერვლის შემდეგ, 8 გოლი გაიტანა. დროის ამ მონაკვეთში, ეს პრემიერლიგის საუკეთესო შედეგია.

შერვუდის მიერ ბენტეკეს ათამაშების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - 46 წლის სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე, გოლით ბელგიელის დარტყმების მხოლოდ 5% მთავრდებოდა, 14 თებერვლის შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 53% არის.

„ჩელსიმ“, უსახური თამშით, 3 ქულა აიღო და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. „ქუინს პარკ რეინჯერსთნ“ გამართულ შეხვედრაში, „არისტოკრატების“ პასებიდან ზუსტი მხოლოდ 70% გამოდგა, რაც მიმდინარე სეზონში ამ გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია. „ჩელსის“ ფეხბურთელებმა, მთელი თამაშის განმავლობაში, კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, თუმცა 3 ქულის ასაღებად ესეც საკმარისი გამოდგა.

ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, კვლავ მოიგო „ლივერპულმა“, რომელმაც „ნიუკასლს“ 2:0 სძლია.

„კაჭკაჭებმა“, აპრილის თვეში პრემიერლიგაში ჩატარებული ზედიზედ მე-7 თამაში წააგეს. მათი ეს სერია სტარტს 2013 წლის 27 აპრილს, „ლივერპულთან“ 0:6 განადგურებით იღებს.

„ნიუკასლმა“ თამაში 10 კაცით დაასრულა, რაც გასაკვირი არ ყოფილა. ამ გუნდს, „ლივერპულთან“ გამართულ ბოლო 6 თამაშში მოედნიდან მე-6 ფეხბურთელი გაუძევეს.

დღვანდელი მატჩის შემდეგ, „ლივერპულს“, პრემიერლიგაში ორშაბათ დღეს გამართულ მატჩებში 108 გოლი დაუგროვდა. მერსიადელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ (106 გოლი) გაასწრეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

„ლივერპულმა“ „მანჩესტერს“ კიდევ ერთი მაჩვენებლით გაასწრო. აქამდე, პრემიერლიგის მატჩემში, „ნიუკასლის“ კარში ყველაზე მეტი, 85 გოლი „წითელ ეშმაკებს“ ჰქონდათ გატანილი. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი, „ლივერპულს“ „კაჭკაჭების“ კარში გატანილი 86 ბურთი დაუგროვდათ.

„ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში გოლები სტერლინგმა და ალენმა გაიტანეს. პირველი მათგანი, 7 გატანილი ბურთით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირად იქცა. შედარებისთვის, პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში, ამ ეტაპზე, მერსისაიდელთა საუკეთესო ბომბარდირების, ლუის სუარესისა და დანიელ სტარიჯის ანგარიშზე 49 გოლი იყო. მიმდინარე გათამაშებაში კი, სტერლინგსა და ჰენდერსონს მეტოქეთა კარი მხოლოდ 13-ჯერ აქვთ აღებული.

წინა სეზონთან შედარებით, „ლივერპულის“ მხრიდან გოლი უფრო ბევრ ფეხბურთელს გააქვს. ჯო ალენი როჯერსის გუნდის მე-15 მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში გაიტანა. მერსიაიდელები, ამ მხრივ, ლიდერ „არსენალს“ გაუთანაბრდნენ. „ლივერპულის“ ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ პრემიერლიგის ერთ გათამაშებაში გოლი გუნდის 15-ზე მეტ ფეხბურთელს გაეტანოს.

ესპანეთი

წელიწადზე მეტია, „სანჩეს პისხუანზე“ სტუმრად მოთამაშე გუნდი მოგებას ვერ ახერხებს. ამის წყალობით, პრიმერაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა, რადგან სევილიადან შინ მოგების გარეშე დაბრუნებული მორიგი გუნდი ლიდერი „ბარსელონაა“.

ბოლოდროინდელი სტატისტიკის გათვალისწინებით, ყველაზე ლოგიკური „სევილიასა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის ფრედ დასრულება იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, საბოლოოდ, მართლაც ასე მოხდა. ყაიმის ალბათობას კი ის ფაქტი ზრდიდა, რომ „სევილია“ საკუთარ კედლებში არ აგებს, მაგრამ „ბარსელონას“, ლა ლიგაში, უკვე 8 წელია ვერ უგებს. ამ 8 წლის განმავლობაში გამართული 16 თამაშიდან ანდალუსიელებლა 4 ფრედ დაასრულეს და 12 წააგეს.

სევილიაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ლეო მესიმ გახსნა. მას, ლა ლიგაში „სევილიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩებში უკვე 19 გოლი დაუგროვდა. ამ ტურნირზე არგენტინელის საყვარელი მეტოქე სწორედ „სევილიაა“.

მესის საგოლე გადაცემა ნეიმარმა გაუკეთა, რითიც ბრაზილიელმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა. 23 წლის ფეხბურთელს შედეგიანი გადაცემა 24 იანვრის შემდეგ, 13 თამაშის განმავლობაში არ ჰქონდა გაკეთებული.

მოგვიანებით, ნეიმარმა უგოლო სერიაც შეწყვიტა. ბრაზილიელს, „ბარსელონაში“, 42 გოლი დაუგროვდა და პირველად მოხდა, რომ მან მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.

„სევილიას“ მხრიდან პირველი გოლი ევერ ბანეგამ გაიტანა, რომელმაც ბრავოს კარი საჯარიმოს გარედან დარტყმით აიღო. ეს ნიშნავს, რომ ლა ლიგაში გუნდი აღარ დარჩა, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში გოლი შორეული დარტყმით არ გაუშვია.

ქულების გამყოფი გოლი კი კევინ გამეირომ გაიტანა, რომელიც, მიმდინარე სეზონში, შეცვლებზე ყველაზე შედეგიანად შედის. ფრანგმა თავდამსხმელმა, თამაშში სათადარიგთა სკამიდან ჩართვის შემდეგ, უკვე 6 გოლი გაიტანა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

„ბარსელონასგან“ განსხვავებით, იოლი თამაში ჰქონდა „რეალს“, რომელმაც ბასკურ გუნდებთან საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 19 თამაშიდან მე-18 მოიგო.

მადრიდული გუნდი განსაკუთრებით კარგად პრიმერაში ახლად აღზევებულ გუნდებთან გამოიყურება. „რეალმა“ ასეთ გუნდებთან 44-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა, უკანასკნელი 12 კი მოიგო.

„ეიბარი“ პრიმერას დებიუტანტი ზედიზედ მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავისი პირველივე თამაში წააგო.

„ეიბართან“ გამართულ შეხვედრაში „რეალის“ ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ერთი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. პორტუგალიელს საჯარიმო დარტყმით გოლი 2014 წლის აპრილის შემდეგ არ გაეტანა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლს ამ სერიის შეწყვეტის 55 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა და მან მიზანს 56-ე ცდაზე მიაღწია.

გასულ შაბათს გატანილი გოლის შემდეგ, რონალდუს, ლა ლიგაში, ზუსტად შესრულებული 16 ჯარიმა დაუგროვდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. მან „რეალის“ კიდევ ერთ ლეგენდას, რობერტო კარლოსს გადაასწრო.

„ეიბართან“ გამართულ მატჩში თავი ხავიერ ერნანდესმაც გამოიჩინა, რომელმაც თავისი მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. მექსიკელ ფეხბურთელს, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, გოლი საშუალოდ ყოველ 74 წუთში ერთხელ გააქვს. მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რონალდუს აქვს, რომელსაც ერთი გოლის გასატანად 65 წუთი სჭირდება.

„ვალენსია“ წარმატებით თამაშს განაგრძობს. „ღამურებმა“ „ლევანტე“ დერბიში 3:0 გაანადგურეს და თავი 65 ქულას მოუყარეს. „ვალენსიას“, 31 ტურის შემდეგ, ამაზე უკეთესი შედეგი (66 ქულა) მხოლოდ ერთხელ, 2003/04 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდი ჩემპიონი გახდა.

„ლევანტეს“ კარში ერთი გოლი ალვარო ნეგრედომ გაიტანა, რომელსაც ლა ლიგაში უკვე 106 ბურთი დაუგროვდა. მოქმედ ფეხბურთელთაგან უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ.

პრიმერას გასული ტურის აღმოჩენად „სელტას“ ახალგაზრდა თავდამსხმელი სანტი მილა იქცა. 19 წლის ფეხბურთელს, ლა ლიგაში აქამდე ჩატარებულ 43 თამაშში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. კვირას, „რაიოსთან“ გამართულ შეხვედრაში, მეტოქის კარში მან ზუსტად დარტყმა 4-ჯერ მოახერხა და ოთხივე შემთხვევაში გაიტანა.

იმავე თამაშში აქტივში 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა „სელტას“ კიდევ ერთმა თავდამსხმელმა, ნოლიტომ. 28 წლის ფეხბურთელი პირველია, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ მატჩში თანაგუნდელებს 3-ჯერ გაატანინა.

გერმანია

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ზედიზედ მესამედ მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მიუნხენელებმა „აინტრახტი“ 3:0 გაანადგურეს და მდევართან 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 4 ესპანელი ფეხბურთელი იყო. „აინტრახტთან“ დაპირისპირებაში მოედანზე პირველივე წუთებიდან რეინა, ბერნატი, ჩაბი ალონსო და ტიაგო იყვნენ.

„ალიანც არენაზე“ გამართული თამაშის გმირად რობერტ ლევანდოვსკი იქცა, რომელმაც თავი 2-ჯერ გამოიჩინა. პოლონელ თავდამსხმელს, ბუნდესლიგის ბოლო 8 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა, რომელთაგან 4 მან ტომას მიულერის გადაცემით გაიტანა.

ბუნდესლიგა მოედანზე მისულ გულშემატკივართა სიმრავლით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „ალიანც არენაზე“ დასწრება მაინც უპრეცედენტოა. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „ბაიერნს“, ბუნდესლიგის ერთ გათამაშებაში სტადიონზე მილიონი გულშემატკივრის მისაყვანად მხოლოდ 14 საშინაო თამაში დასჭირდა.

პირველივე წუთზე მორიგი გოლი გაუშვა „დორტმუნდმა“. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მატჩის პირველი 60 წამის განმავლობაში სულ 5 გოლი გავიდა და აქედან 3 იურგენ კლოპის გუნდის კარში.

საფრანგეთი

ლიგა ერთის 32-ე ტურში 8 თამაში ჩატარდა და ორივე გუნდმა გოლის გატანა ვერცერთ მათგანში ვერ მოახერხა. ამ 8 შეხვედრიდან 6 ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 1:0 უკვე 70 თამაში დამთავრდა. მთელს გასულ გათამაშებაში, ამ ანგარიშით 69 მატჩი იყო დასრულებული.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ერთ გოლზე მეტი გაიტანა, „მონაკოა“. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა „კანი“ 3:0 დაამარცხა და ენტონი მარტიალმა მორიგი გოლი გაიტანა. 19 წლის თავდამსხმელს, ბოლო 6 შეხვედრაში, 6 გოლი დაუგროვდა. მას, ლიგა ერთში მანამდე ჩატარებულ 37 მატჩში მეტოქეთა კარი მხოლოდ 3-ჯერ ჰქონდა აღებული.

0.113611