დღეს აზერბაიჯანის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა, რომლებიც “ქართული” გუნდებისთვის უიღბლო გამოდგა. კახა ცხადაძის დამოძღვრილმა ბაქოს “ინტერმა” თანაქალაქელ “ნეფთჩისთან” 0:2 წააგო, გიორგი ჩიხრაძის ზაქათალას “სიმურგმა” კი აზერთა ქვეყნის სადღეისოდ საუკეთესო გუნდ “ყარაბაღთან” 0:1 დათმო.
“ინტერის” შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ ბაჩანა ცხადაძემ ითამაშა, რომელიც მატჩის მიწურულს მამამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შეცვალა. “სიმურგს” რაც შეეხება, ზაქათალელთა ქართველმა დამრიგებელმა ნამატჩევს განაცხადა: “გასვლაზე გოლის გატანას და საკუთარი კარის უსაფრთხოდ შენახვას ვლამობდით, მაგრამ პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ კონტრიერიშზე “დაგვიჭირა” და გაგვიტანა. ამის შემდეგ რეალური საგოლე მომენტები გვქონდა, თუმცა მათი სათანადო რეალიზება ვერ შევძელით. საპასუხო პაექრობისთვის სათანადოდ მოვემზადებით, მეტოქეს აქტიურად შევუტევთ და სავარაუდოდ, შემადგენლობაშიც ცვლილებები მოხდება”.