ლევერკუზენის "ბაიერის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "ფარმაცევტებმა" გუნდის მცველი ემირ სპაჰიჩი დასაჯა და კონტრაქტი გაუწყვიტა. ბოსნიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნთან" გერმანიის თასზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, სტიუარდთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნული დაპირისპირების ვიდეომასალა არსებობს.
"ბაიერის" ხელმძღვანელობამ აღნიშნული ინციდენტი გამოიძია და მცველი დასაჯა. სპაჰიჩს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებდა, თუმცა კლუბის გადაწყვეტილებით ფეხბურთელს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ბოსნიელი გერმანულ გუნდს 2013 წლის ზაფხულში "სევილიადან" შეუერთდა და "ფარმაცევტების" მაისურით ჩატარებულ 71 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.