პსჟ-მ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში “ბასტია” 4:0 გაანადგურა და ეს ჯილდო ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა, რაც სარეკორდოა ფრანგული კლუბებისთვის. აღსანიშნავია, რომ პარიზულმა გრანდმა ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
პარიზის “სტად დე ფრანსზე” გამართულ თამაშში კორსიკულმა “ბასტიამ” მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ლორან ბლანის შეგირდებმა მალევე მოიპოვეს გადაწყვეტი უპირატესობა - გამოცდილმა სკილაჩიმ საჯარიმოშო ლავესი წააქცია, რის შემდეგაც წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და პსჟ 21-ე წუთზე დაწინაურდა. კორსიკელებმა დაცვის გამაგრება ვეღარ მოახერხეს და შესვენებამდე შვედმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა - ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ მცველებმა ბურთი საჯარიმოდან კი გაიტანეს, მაგრამ ზლატანმა ერთი შეხებით ის კარის კუთხეში გადაგზავნა.
მეორე ტაიმში დუბლი შეცვლაზე შესულმა კავანიმ შეასრულა. მე-80 წუთზე მან ორიეს ჩაწოდებულს თავი შეაგება, ხოლო დამატებულ წუთებზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 4:0.
“თამაში კარგად დავიწყეთ და ბურთზე კონტროლი დავმყარეთ. მერე მეტოქის ფეხბურთელის გაძევებაც დაგვეხმარა და “ბასტია” უშანსოდ დარჩა. მოგებამ ძლიერ გაგვახარა, თუმცა, ახლა ტკბობის დრო არაა, რადგან სულ მალე ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონას” ვეთამაშებით. წარმატებული კვირა გვქონდა, რომლის განმავლობაშიც სამი თამაში მოვიგეთ. კარგ ფორმაში ვართ და ეს განწყობა უნდა შევინარჩუნოთ.” - განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა.









