რამდენიმედღიანმა ნალექიანმა ამინდმა “ტორპედო” – “ზუგდიდის” პაექრობას გარკვეული დაღი დაასვა. წვიმამ კორექტივები შეიტანა მატჩის მსვლელობაში, თუმცა ვერ ვიტყვით რომ გადამწყვეტი. ბუნებრივია, სველ მინდორზე სათამაშო ტემპი და სიზუსტე ვერ იყო ისეთი, როგორიც სასურველი გახლდათ ორივე გუნდის მესვეურებისათვის და ქომაგებისათვის. ასეთ პირობებში თამაში განსაკუთრებით რთულია იმ გუნდისათვის, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე.
შეხვედრის სადებიუტო წუთებმა ისე განვლო, რომ “ცენტრალურზე” საინტერესო არაფერი მომხდარა. საშუალო ტემპში მოთამაშე გუნდები ძირთადად მოედნის შუაგულში ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. ნელნელა კი უპირატესობას მასპინძლები ეუფლებოდნენ, რომელთაც პირველი სახიფათო მომენტი სტანდარტულიდან შექმნეს, როდესაც გოგუაძის ჩაწოდების შემდეგ ჭელიძემ თავით ადამაძეს უპასა. ტორპედოელთა კაპიტნის თავური არაზუსტი გამოდგა. 23-ე წუთზე კვერნაძემ ითამაშა კარგად და ორ მეურვეს იოლად დაუძვრა, თუმცა საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა და ხიფათიც განიმუხტა. ამის საპასუხოდ სტუმრებმაც შეუტიეს რიონისპირელთა კარს, როდესაც კუტალიამ დაასრულა სწრაფი კონტრშეტევა ძლიერი დარტყმით, მაგრამ შეყრილაძემ ითამაშა საიმედოდ და ბურთს დაეუფლა.
ტაიმის დასკვნითი ნაწილი მთლიანად მასპინძელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ მათ მთავარ საწადელს ვერ მიაღწიეს და დაწინაურება ვერ მოახერხეს. რამდენიმეჯერ თავის გამოჩენა შეეძლო გურამ ადამაძეს, რომელიც სამჯერ დაემუქრა დროის ამ მონაკვეთში ზუგდიდელთა კარს, თუმცა მიზანში მოხვედრა ვერცერთხელ მოახერხა. კაპიტანმა ზედიზედ ორჯერ კირკიტაძის მოწოდებულ კუთხურზე ვერ შეძლო გატანა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ მიეცა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფს საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი, თუმცა დღეს გურამს ბედი აშკარად არ წყალობდა. პირველ 45 წუთში კიდევ ერთი რეალური მომენტი ბექა ტუღუშს ჰქონდა, როდესაც იგი საპენალტე ნიშნულიდან ეფექტურად ურტყამდა, მაგრამ ბურთი პაჭკორიას შეეხო და კუთხურზე გადავარდა. შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმი წინამორბედის მსგავსად ქუთათურთა დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მატჩის მთავარ გმირად ზუგდიდელთა კიპერი მინდია ბობღიაშვილი იქცა, რომელმაც თავის საიმედო და დამაჯერებელი თამაშით საკუთარ გუნდს სასურველი ქულა მოუტანა. თამაშის განახლებისთანავე ისევ ოთარ კვერნაძე იყო გოლის გატანასთან ახლოს, თუმცა ტანმაღალი ფორვარდის მცდელობაზე დიდებულად გაისარჯა ბობღიაშვილი და შესაშური რეაქციის წყალობით ბურთი კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში თითქმის იგივე განმეორდა, როდესაც ოთარი საჯარიმოს მისადგომებიდან დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს, თუმცა მინდიამ ეს ბურთიც პირით ხაზს იქით გადააგდო.
ქუთაისელთა უპირატესობის ფონზე სტუმრები სწრაფი კონტრშეტევების გაკეთებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათ რაიმე ღირებული შექმნეს. ერთადერთი გუგუჩიას დარტყმულს თუ გამოვარჩევთ, რომელიც მიზანს აცდა. 73-ე წუთზე ზუგდიდელები აშკარა გოლს გადაურჩნენ, როდესაც ზაზა ჭელიძე ახლო მანძილიდან ურტყამდა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა ბობღიაშვილის დასაცავ ობიექტს. ცოტა ხანში ქუთაისელთა იერისას რიგვავამ ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა სტუმრები ამჯერადაც გადარჩნენ.
შეხვედრის ეპილოგში ტორპედოელებმა შტურმი მოუწყვეს მეტოქეს, თუმცა ერთ მომენტში ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, ოღონდ თამაშგარე მდგომარეობიდან. ქუთათურებს ყველაზე რეალური შანსი მატჩის მიწურულს ჰქონდათ, როდესაც ზუგდიდელთა საჯარიმოში სრული ქაოსი სუფევდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატურად ბობღიაშვილი გაისარჯა, რომელიც ბურთს დაეუფლა და სიტუაციაც განმუხტა. დარჩენილ დროში რიონისპირელებს კიდევ ჰქონდათ შანსი სახიფათო მომენტები განეხორციელებინათ, მაგრამ ზუგდიდელები თავს ორგანიზებულად და კარგად იცავდნენ, რამაც სტუმართა გუნდს სასურველი ქულის მოპოვების საშუალება მისცა, “ტორპედოს” კი ზედიზედ 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა.
“ტორპედო” – “ზუგდიდი” 0:0 (0:0)
11 აპრილი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1500 მაყურებელი
“ტორპედო”: შეყრილაძე, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, გოგუაძე (ზივზივაძე, 65), იოსელიანი, მამასახლისი (ჩიკვილაძე, 85), კვერნაძე, ტუღუში (ბაბუნაშვილი, 57).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი, აკობია, პაჭკორია, მაჩაიძე, რიგვავა, ქირია (კუკავა, 67), წურწუმია (ენდელაძე, 80), ლომია (ფარჯიკია, 89), კობერიძე, გუგუჩია, კუტალია.
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: ქირია (27), კვერნაძე (34), იოსელიანი (42), კობერიძე (60), იოსელიანი (90+2).
გაძევება: იოსელიანი (90+2)
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)
გიორგი წურწუმია ქუთაისიდან