ფეხბურთი

17:55 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალს” ნავსი კაჭარავამ გაატეხინა

“გურიასთან” შეხვედრამდე “ცხინვალს” საქართველოს ჩემპიონატსა და დავით ყიფიანის სახელობის თასზე ზედიზედ ოთხი მატჩი არ მოეგო. სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის მერე “ცხინვალს” ფორვარდი ნიკა კაჭარავა დაუბრუნდა, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. მან დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა.

მატჩის დებიუტში ბიძინა მახარობლიძემ საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს გადასცდა. ცოტა ხანში, მასპინძელთა კონტრშეტევის დროს ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შესული გიორგი ივანიშვილის დარტყმული მიხეილ გოგუაძემ გაანეიტრალა. “ცხინვალს” ტემპი არ შეუნელებია და თორნიკე თარხნიშვილის გადაცემის მერე, კაჭარავას მიერ შეუჩერებლად დაარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლების მორიგი სახიფათო იერიშის მერე, მახარობლიძემ მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და გოგუაძემ ბურთი ჩაჭრა.

ამ ეპიზოდიდან დიდი ხანი არ გასულა, რომ კაჭარავა ცხინვალელთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და კარის წინ ივანიშვილი მოძებნა, რომელსაც გოგუაძემ არ გაატანინა.

“გურიას” საპასუხო შეტევის დროს, ალექსი ბენაშვილმა ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში დაამუშავა და თორნიკე მოსიაშვილს გადააწოდა, რომლის სახიფათო დარტყმის შემდეგ, “ცხინვალი” გოლის გაშვებისგან გიორგი ნადირაძემ იხსნა.

მასპინძელთა კიდევ ერთი შეტევისას, ირაკლი ლექვთაძე ლანჩხუთელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მკერდით ბურთი ვერ დაამუშავა და დაკარგა.

ტაიმის შუაწელში გიორგი მჭედლიშვილმა და კარიდან გამოსულმა გოგუაძემ საჯარიმოს ხაზთან შეუთანხმებლად ითამაშეს, რითაც მახარობლიძემ ვერ ისარგებლა - თავით ძალიან სუსტად, თან უზუსტოდ დაარტყა.

მასპინძლებს “გურიამ” რამდენიმესვლიანი კომბინაციით უპასუხა, რომელიც შალამბერიძემ დაასრულა და ნადირაძეს ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია.

ტაიმის დასრულებმადე რამდენიმე წუთი რჩებოდა, როდესაც მახარობლიძის კარგი პასის შემდეგ, “გურიას” საჯარიმოში მდგომმა კაჭარავამ ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

შესვენებამდე მცირე ხნით ადრე, შალამბერიძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი “ცხინვალის” კართან ჩაჰკიდა და მოსიაშვილმა თავით მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი გასულიყო, რომ ალექსანდრე კოშკაძეს ლანჩხუთელთა მეკარესთან პირისპირ ვანო წილოსანი გაჰყავდა, მაგრამ ნადირაძემ კარი დროულად დატოვა და ბურთს დაეუფლა.

მეორე ტაიმის შუაწელში მჭედლიშვილმა ბურთი თავის ნახევრიდან წამოიღო, გზად რამდენიმე მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – “ცხინვალი” გოლის გაშვებას ნადირაძემ გადაარჩინა.

ამას ლანჩხუთელთა მორიგი იერიში მოჰყვა და ალექსი ბენაშვილს საჯარიმოს გარედან ნადირაძემ არ გაატანინა.

ანგარიში 73-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ივანიშვილი მეტოქის მცველს გაექცა და მის მიერ დარტყმული ბურთი “გურიას” მეკარემ მოიგერია, მაგრამ იქვე მდგომმა კაჭარავამ მეტოქე მცველებს აჯობა და გაიტანა.

კაჭარავას დუბლის შესასრულებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. დავით იმედაშვილის პასის მერე, ლანჩხუთელთა დაცვა თამაშგარე მდგომარეობის შექმნისას შეცდა და “ცხინვალის” თავდამსხმელს სტუმართა კარის მეორედ აღება არ გასჭირვებია.

მასპინძელებს მესამე გოლის გატანა მალე შეეძლოთ, მაგრამ თარხნიშვილის პასის მერე გოგუაძესთან პირისპირ დარჩენილმა ლაშა შინდაგორიძემ “გურიას” გოლკიპერს ვერ აჯობა.

თუმცა, შინდაგორიძემ თავი მაინც გამოჩინა, როდესაც “გურიას” საჯარიმოში კაჭარავასგან იუველირული სიზუსტის გადაცემა მიიღო, მეკარე “მოატყუა” და კარში ბურთი შეაგორა.

მატჩის მიწურულს მას გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ კარგი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.

ცხინვალი – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (0:0)

11 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

ცხინვალი: ნადირაძე (კ), კაჭკაჭიშვილი, ქარდავა (იმედაშვილი, 69), ჯიშკარიანი, ივანიშვილი, ვარლამ კილასონია, მახარობლიძე (მაისაშვილი, 88), თარხნიშვილი, ლექვთაძე (შინდაგორიძე, 63), ცერცვაძე, ნიკა კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გურია: გოგუაძე, ცინცაძე, კილაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, გაბრიჭიძე, კოშკაძე (კ), შალამბერიძე, ბენაშვილი, მოსიაშვილი (მათიაშვილი, 82), წილოსანი (ისიანი, 82).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია.

გოლები: კაჭარავა (73), კაჭარავა (83), შინდაგორიძე (86)

გაფრთხილება: შალამბერიძე (24), კაჭკაჭიშვილი (33), გაბრიჭიძე (82)

მთავარი მსაჯი: დავით სანოძე.

0.310036