ფეხბურთი

16:20 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რთული გასვლები ანდალუსიაში

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესო სამი მატჩია. უიკენდის გამორჩეული თამაში “რამონ სანჩეს პისხუანზე” შედგება, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “სევილია” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

22:00 სევილია – ბარსელონა

რამდენიმე ტურის წინ “სევილიას” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ძალიან მიზერული შანსი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შესანიშნავ ფორმაში შევიდა, ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და “ვალენსიასთან” სხვაობა ქულამდე შეამცირა. ოთხშაბათს “დალაქებმა” გასვლაზე “ლევანტეს” დამარცხება მოახერხეს და დღევანდელ მატჩს მშვენიერი განწყობით ხვდებიან. ჯერჯერობით “სევილიას” მეტოქეთათვის “სანჩეს პისხუანი” აუღებელი არენაა. ანდალუსიელებს ლა ლიგაში შინ 2014 წლის თებერვლის შემდეგ არ წაუგიათ, თუმცა სათქმელია, რომ “დალაქებმა” ეს ბოლო მარცხი სწორედ “ბარსელონასგან” (1:4) იწვნიეს. მასპინძლებს ბოლო პერიოდია ძალიან უჭირთ კატალონიელებთან. “სევილიას” მრისხანე მეტოქესთან ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს წაგებული. მათ “ბლაუგრანასთან” ფრედ ბოლოს 2011 წლის 23 ოქტომბერს ითამაშეს (0:0) “ნოუ კამპზე”, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში ლიონელ მესის ხავი ვარასმა პენალტი აუღო, ხოლო 2010 წლის 14 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასზე “სანჩეს პისხუანზე” ჯერჯერობით ბოლოჯერ აჯობეს (3:1) “ბარსელონას”. უნდა აღვნიშნოთ, “სევილიასთვის” კიდევ ერთი ცუდი ფაქტორი. ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი კარიერის განმალობაში 18-ჯერ შეხვედრია “ბარსელონას” (“სევილიას” გარდა, “სპარტაკში”, “ალმერიასა” და “ვალენსიაში”) და საშინელი მაჩვენებელი აქვს: 13 წაგება და 5 ფრე. დღეს ემერის ეცდება, რომ პირველად დაამარცხოს “ბარსელონა”. ამისთვის, მას ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს. კრისტოფოროს ტრავმა, რომელიც მთელი სეზონია უქმობს სერიოზული დანაკლისი არაა, ისევე როგორც, ბეტო და ბარბოსა, რადგან ისინი ახალგაზრდა მეკარემ სერხიო რიკომ შესანიშნავად შეცვალა.

დღევანდელ შეხვედრას ბრწყინვალე ფორმაში ხვდება კატალონიური გიგანტიც, რომელსაც ზედიზედ 6 მოგება აქვს ლა ლიგაში და უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალს” 4 ქულით უსწრებს. დღეს კატალონიელებს ძალიან რთული მატჩი ელით, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათ შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ “სევილიასთან” მატჩებში. “დალაქებთან” თამაში განსაკუთრებით უყვარს ლიონელ მესის, რომელმაც ბოლო 6 შეხვედრაში 8-ჯერ დაამწუხრა ანდალუსიელთა კიპერები. შუა კვირაში ორივე კლუბს რთული მატჩები ელით ევროტურნირებზე. ასე რომ, ამ მხრივ ისინი ერთნაირ პირობებში იმყოფებიან და დღეს მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე იფიქრებენ. “სევილიას” მსგავსად, სერიოზული დანაკლისი არც “ბლაუგრანას” აქვს, რადგან ტომას ვერმაელენის ტრავმას ყველა შეჩვეულია.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1):
ს.რიკო, პარეხა, კარისო, კოკე, ტრემულინასი, კრიშოვიაკი, ბანეგა, ვიდალი, იბორა, ვიტოლო, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ლ.სუარესი, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

20:00 მალაგა – ატლეტიკო

“ბარსელონას” მსგავსად, ძალიან რთული ანდალუსიური გასვლა ელის მადრიდის “ატლეტიკოს”, რომელიც მესამე ადგილზეა და ამდენივე ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ვალენსიას”. დიეგო სიმეონეს გუნდს რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” გასამართი შეხვედრა ელის. ამიტომაც, გამორიცხული არაა, რომ დღეს “როხიბლანკომ” ძალები დაზოგოს, რაც “მალაგას” შანსებს ზრდის, რომელიც ისედაც ძალიან სიმპათიური გუნდია და “ლა როსალედაზე” ნებისმიერ გუნდს ტოლ-სწორად ეთამაშება. მიმდინარე სეზონში “მედუზებმა” შინ “ვალენსიას” მოუგეს, ხოლო “ბარსელონას” ფრედ ეთამაშეს, რომელსაც საერთოდ გასვლაზე მოუგეს. ასე რომ, დღეს “ატლეტიკოს” ძალიან რთული შეხვედრა ელოდება. მასპინძელებს ხუანპი და კამაჩო არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს მოია, გოდინი, მანძუკიჩი და რაულ გარსია.

პირველი წრის შეხვედრა “ატლეტიკოს” გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა (4-2-3-1):
კამენი, ველიგტონი, ანხელერი, ბოკა, როსალესი, დარდერი, რესიო, ამრაბატი, კასტილიეხო, სამუელი, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხ.ხიმენესი, მირანდა, ხუანფრანი, გამესი, ტიაგო, გაბი, თურანი, კოკე, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მატეუ ლაოსი

18:00 რეალი – ეიბარი

კონკურენტებისგან განსხვებით, გაცილებით იოლი შეხვედრა ელის მადრიდის “რეალს”, რომელიც შინ ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “ეიბარს” შეხვდება. თუმცა, მადრიდელებს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ, რამაც შესაძლოა ამოცანა გაურთულოთ. “ბლანკოსს” გარეტ ბეილი, სამი ხედირა და ფაბიო კოენტრაო ჰყავს ტრავმირებული, ხოლო ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი დისკვალიფიცირებულნი არიან. სამაგიეროდ, “რეალს” პეპე დაუბრუნდა, რომელიც სავარაუდოდ ძირითადში იქნება.

“ეიბარი”, რომელმაც გასულ ტურში პირველად იმარჯვა მეორე წრეში ტრავმირებული ანხელისა და დისკვალიფიცირებული ბოვედას გარეშე დაუპირისპირდება მრისხანე მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ბასკური კლუბი “რეალს” ლა ლიგაში პირველად შეხვდება “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

პირველი წრის შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3):
კასილასი, პეპე, რამოსი, კარვახალი, მარსელო, ილარამენდი, მოდრიჩი, ისკო, ხესე, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ანიბარო, რ.ნავასი, ვილა, ლილო, ბორხა, დ.გარსია, კაპა, ლარა, არუაბარენა, ბერხონი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.064556