ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე 18-წლამდელთა ლატვიური კლუბი “რიზენე” გახლდათ, რომელთანაც ქართველები 74:81 დამარცხდნენ.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მესამე პერიოდის ბოლოს კი ქართველები 4 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მასპინძლებმა შეძლეს ჩამორჩენის გაბათილება და საბოლოოდ, გამარვებამდე მივიდნენ.
საქართველოს ნაკრებში 26 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო გოგა ბითაძე გახლდათ, აკაკი ფიფიამ 19 ქულა მიითვალა, ხოლო ნიკა ყირიმელმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში კიდევ 1 სპარინგ-მატჩს გამართავს და 12 აპრილს გეზს რუმინეთისკენ აიღებს, სადაც 19 აპრილამდე დარჩება და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსა და მასპინძელ რუმინეთთან ერთად, შეჯიბრში ბულგარეთის 16-წლამდელთა ნაკრებიც იასპარეზებს.
ამხანაგური მატჩი. რიზენე. ლატვია. 10 აპრილი
საქართველო U16 - რიზენე U18 74:81
www.gbf.ge