ორი თვეც და 2014-2015 წლების სეზონი წარსულს ჩაბარდება. შემდგომი 3 თვე კი საფეხბურთო მოვლენების ეპიცენტრში სატრანსფერო ფანჯარა მოექცევა. უკვე დღეს არსებობს ვარაუდი ამა თუ იმ ფეხბურთელის შესაძლო მომავლის შესახებ, მაგრამ ზაფხულამდე ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი.
დღეს წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ ფეხბურთელს, რომლებიც შესაძლოა მომავალ სეზონიდან სხვა გუნდების მაისურებით ვიხილოთ.
ედინსონ კავანიდან გონსალო იგუაინამდე, ზლატან იბრაჰიმოვიჩიდან პოლ პოგბამდე და არა მხოლოდ....
დავიწყოთ ედინსონ კავანის თემით. კავანის და პსჟ-ს ურთიერთობა მთლად დალაგებული არასდროს ყოფილა, მაგრამ როგორც დღესაა, ასე აქამდე არ ყოფილა. კავანი პარიზული გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს. მის სახელს ყველაზე მეტად ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებენ, თუმცა რამდენად აჯობებს ტურინული გრანდი სხვა ფინანსურად უფრო მძლავრ გუნდებს, ამას დრო გვიჩვენებს. “ელ მატადორის” სამსახურით ხომ დაინტერესებას მანჩესტერული გუნდებიც გამოთქვამენ. ბოლო დღეებში გაჩნდა ცნობა, რომ ურუგვაელის აყვანა მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესაც სწადია. მისი ფასი 40-დან 45 მილიონ ევრომდე მერყეობს.
კავანის გარდა, ადვილი შესაძლებელია, რომ “პარკ დე პრენსი” კიდევ ერთმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც დატოვოს. იბრა მომავალს ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირებენ. ამის შესახებ ცნობები მედიაში ბოლო პერიოდში გაჩნდა და სულაც არაა გამორიცხული, რომ 33 წლის შვედი გაისად ოკეანის გაღმა ვიხილოთ.
პარიზში თავს ბედნიერად ვერც არგენტინელი ეზეკიელ ლავესი გრძნობს. “ნაპოლის” ყოფილი შემტევის გუნდის შესაძლო გამოცვლის შესახებ უკვე კარგა ხანია აქტიურად იწერება. ლავესი 15 მილიონ ევროდ ფასობს. მისი შეძენის მსურველებს შორის კი ყველაზე მეტად იტალიური გუნდები სახელდებიან. არსებობს ლავესის ესპანური მომავალის ვარიანტებიც.
საფრანგეთის დედაქალაქიდან აპენინზე გადავინაცვლოთ, სადაც ყველაზე ხშირად პოლ პოგბასა და პაულო დიბალას შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. პოგბა, რომ ევროპული ბობოლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, უკვე ძველი თემაა. “იუვენტუსის” 21 წლის ლიდერის მიმართ ინტერესს კი ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონა” იჩენს, რომელიც ფეხბურთელში 70 მილიონის გადახდას ყაბულსაა და ამავდროულად ერთი წლით მის ტურინში დატოვებაზეა თანახმა. გარდა ამისა, ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი”, “პარი სენ ჟერმენი”, “ჩელსი, “სიტი” და მისი ყოფილი გუნდი “იუნაიტედი” იჩენენ. პოგბას სავარაუდო ფასად კი 70-80 მილიონი ევრო სახელდება. რამდენად მოახერხებს ცდუნებაზე უარის თქმას თავად პოგბა და “იუვენტუსი”, ამას ოდნავ მოგვიანებით გავიგებთ. რაც შეეხება 21 წლის არგენტინელ დიბალას - ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად ითვლება. დიბალა სიცილიური “პალერმოს” საუკეთესო ფეხბურთელია. კუნძულელთა ოდიოზურმა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ უკვე დაანონსა, რომ სამხრეთამერიკელი ზაფხულში გაიყიდება. ძამპარინი დიბალას 40 მილიონ ევროდ აფასებს. ნიჭიერ ფეხბურთელს კი “იუვენტუსს”, პსჟ-ს, “ლივერპულსა” და “ჩელსის” ყველაზე მეტად უკავშირებენ.
გონსალო იგუაინი “ნაპოლიში” არასტაბილურობით გამოირჩევა. არგენტინელს შეუძლია ერთი კონკრეტული შეხვედრა საოცრად მაღალ დონეზე ჩაატაროს, მეორეში კი მინდორზე საკუთარი თავის აჩრდილს ჩამოგავდეს. გონსალოს მომავალ სამყოფელად ინგლისის პრემიერლიგა სახელდება.
მილანის “ინტერი” საოცრად ცუდ სეზონს კი ატარებს, მაგრამ გუნდში გამორჩეული ფეხბურთელია მაურო იკარდის სახით. არგენტინელი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირია და გასაკვირი არაა, რომ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ყველაზე მეტად იკარდის შესაძლო მსურველთა შორის მანჩესტერული კლუბები - “სიტი” და “იუნაიტედი” სახელდებიან.
“სიტის” ვერაფრით მოერგო მონტენეგროელი სტევან იოვეტიჩი. არადა, სტევანი “ფიორენტინაში” თამაშის დროს ევროპის ერთ-ერთ უნიჭიერეს მოთამაშედ ითვლებოდა. ახლა უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი მანჩესტერულ გუნდს დატოვებს. იოვეტიჩით ყველაზე მეტად იტალიური გუნდები ინტერესდებიან, გამორჩეულად კი მილანური გრანდები.
და ბოლოს, რა ხდება რადამელ ფალკაოს ირგვლივ? - კოლუმბიელისა და “მანჩესტერის” ურთიერთობა აგერ უკვე ლამის მთელი სეზონია ვერაფრით დალაგდა. სამხრეთამერიკელს ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი სულ უფრო და უფრო იშვიათად სწყალობს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ “წითელი ეშმაკები” ფრანგული “მონაკოდან” მის გამოსყიდვას არ გეგმავენ. ფალკაოს მომავალ ნავსაყუდელთა შორის “იუვენტუსი”, “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” სახელდებიან.