ჩოგბურთი

16:12 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) წინ მიიწევს.

საქართველოს პირველი ჩოგანი TENNIS NAPOLI CUP 2015-ის მერვედფინალში ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას გაეჯიბრა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 6:3, 2:6, 7:6 (7:4) იმარჯვა.

ბასილაშვილს გადამწყვეტ მომენტებში მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, საქმეს ადრეც მოითავებდა. იგივე დასკვნით სეტში ის 5:4-ზე აწოდებდა, თუმცა, გეიმი დათმო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

საერთო ჯამში, ნიკოლოზ მეტოქეს აშკარად სჯობდა და თუკი უნებლიე შეცდომებს შეამცირებს, ახლო მომავალში რეიტინგის მოწინავე ასეულში შესვლა ნამდვილად შეუძლია.

გასული მატჩი 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი (აქედან 1 მატჩ-ბოლისას მოაწოდა) მოაწოდა, პასივში კი 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ბასილაშვილმა 10-დან 4 ბრეიკ-პიონტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ დათმო. სულ, ქართველმა ჩოგბურთელმა 99 გათამაშება მოიგო, ესპანელმა კი – 95.

ნიკოლოზმა მეოთხედფინალში გასვლის წყალობით 25 ქულა გამოიმუშავა, მომდევნო ეტაპზე კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ტომას ფაბიანოს ეთამაშება.

ცნობისთვის, 25 წლის იტალიელ ჩოგბურთელს ატპ-ს კლასიფიკაციაში 246-ე ადგილი უკავია, 23 წლის ბასილაშვილი კი 137-ე ჩოგანია. ფაბიანომ მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ სლოვაკ ნორბერტ გომბოსს 7:5, 6:3 სძლია. თუკი ნიკოლოზმა მომდევნო ეტაპზეც იმარჯვა, აქტივს 45 ქულას შემატებს.

დღესვე, ქართველი ჩოგბურთელი ძალებს წყვილთა ტურნირში მოსინჯავს. ბასილაშვილი და ბელარუსი ალექსანდერ ბური რუს მიხაილ ელგინს და ბელარუს სერგეი ბეტოვს გაეჯიბრებიან.

წარმატები შემთხვევაში, ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები 45-45 სარეიტინგო ქულას მიიღებენ და ნახევარფინალში ტაივანელი ლის და იტალიელი მოტის დუეტს გაეჯიბრებიან.

0.126959