ჩოგბურთი

18:48 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილებშიც მოიგო

ერთეულთა ბადის კვალად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) წყვილთა თანრიგშიც წარმატებული სტარტი აიღო.

ბასილაშვილმა და ბელარუსმა ალექსანდერ ბურიმ მე-2 ნომრად განთესილ ჩინურ-ტაივანურ დუეტს (გონგი-პენგი) შანსი არ დაუტოვეს და 6:2, 6:4 მოიგეს. თამაში 55 წუთს გაგრელდა და ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა 4-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება ერთხელაც არ დაუთმია.

მეოთხედფინალში გასვლით, ქართველმა და ბელარუსმა ჩოგბურთელებმა 25-25 სარეიტინგო ქულა მიიღეს, მომდევნო წრეში კი ბელარუს ბეტოვს და რუს ელგინს ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ბადის საწყის რაუნდში ბასილაშვილმა ფრანგ ალექსის მუსიალეკს 7:6 (7:2), 7:6 (7:0) სძლია და მერვედფინალში ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას ეთამაშება.

ერთი საინტერესო დეტალიც. ნეაპოლის ჩელენჯერს უკვე გამოეთიშნენ პირველ ხუთ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები – ანდრეი გოლუბევი (ყაზახეთი), ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი), ბლაზ როლა (სლოვენია), ალბერტ მონტანესი (ესპანეთი) და ტიემო დე ბაკერი (ჰოლანდია), რაც ქართველი ჩოგბურთელის წინსვლისთვის კარგი საფუძველი უნდა იყოს.

0.116899