ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტური დღეს გასამართი ოთხი შეხვედრით განახლდება. განსაკუთრებულ ინტერესს “ესტადიო ვალეკასზე” ჩასატარებელი მადრიდული დერბი იწვევს, სადაც ადგილობრივი “რაიო ვალეკანო” მეორე ადგილოსან “რეალს” უმასპინძლებს. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ბარსელონა” კი “ნოუ კამპზე” ანდალუსიურ “ალმერიას” მიიღებს.
00:00 რაიო ვალეკანო – რეალი
“რაიო ვალეკანო” ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოიყურება და ლა ლიგაში დარჩენაც გაინაღდა. პაკო ხემესის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და 38 ქულით მე-9 ადგილამდე აღზევდა. შესანიშნავ ფორმაშია ალბერტო ბუენო, რომელმაც ამ პერიოდში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “რეალის” აღზრდილია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მასპნძელებს დღეს წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. უკანასკნელად “რაიომ” თანაქალაქელი 2002 წლის 17 იანვარს ჰყავს დამარცხებული, ხოლო ლა ლიგაში ფრედ 2000 წლის 25 მარტს ეთამაშა. 1999 წლიდან ნათამაშებ სხვა ყველა შეხვედრაში “ვალეკანომ” დღევანდელ მეტოქესთან მარცხი განიცადა (14 მატჩი). მასპინძლებს ტრავმების გამო ლეო ბაპტიშტაო და რაულ ბაენა არ ეყოლებათ.
“რეალმა” ბოლო პერიოდში აურია, რასაც ლიდერობის დაკარგვა და “ბარსელონასთან” 4 ქულამდე ჩამორჩენა მოჰყვა. “ბლანკოსმა” გულშემატკივრების თვალში სრულფასოვანი რეაბილიტაცია გასულ ტურში მოახდინა და “გრანადას” 9 გოლი გაუტანა. მათმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ კი კარიერაში პირველად მოახერხა ერთ მატჩში 5 გოლის გატანა. ასე რომ, “თეთრები” დღევანდელ შეხვედრას მშვენიერი განწყობით ხვდებიან. კარლო ანჩელოტი დისკვალიფიკაციის გამო ალვარო არბელოას მოისაკლისებს, ხოლო პეპე ტრავმირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ხ.კასტრო, ამაია, ე.ინსუა, ტიტო, ფატუ, ტრაშორასი, ემბარბა, კაკუტა, ბუენო, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
მსაჯი: მელერო ლოპესი
22:00 ბარსელონა – ალმერია
კატალონიურ გრანდს გასულ ტურში ძალიან გაუჭირდა “სელტასთან”, თუმცა ჟერემი მატიეს გოლის წყალობით მაინც იმარჯვა და ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. “ბარსელონა” მშვენიერ ფორმაშია, “ბლაუგრანამ” ბოლო 15 მატჩში 12 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო, რაც ამ პერიოდში საუკეთესო მაჩვენებელია. “ბარსელონას” დღევანდელ მეტოქესთან თამაში ძალიან უადვილდება. 2000 წლიდან მოყოლებული ისინი “ნოუ კამპზე” 7-ჯერ დაუპირსპირდნენ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო გასვლაზე 8 მატჩიდან 3 ფრედ დასრულდა და 5 “ბარსას” გამარჯვებით. მასპინძლებს ხორდი ალბა ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიცირებულია.
“ალმერია” ძალიან ცუდ დღეშია, კლუბი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა, რასაც ხუან იგნასიო მარტინესის გათავისუფლება მოჰყვა. ის სერხი ბერხუანმა ჩაანაცვლა. ანდალუსიელები მე-18 ადგილზე არიან და სამშვიდობო ზონას ერთი ქულით ჩამორჩებიან. სტუმრებს ტრავმების ველეზი, მიჩელი და ვერზა არ ეყოლებათ. ყველაფრიდან გამომდინარე, სტუმართა წარმატების შანსი თითქმის ნულის ტოლია.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ალვეში, პიკე, ბარტრა, ადრიანო, მასკერანო, რაკიტიჩი, ხავი, ლ.სუარესი, პედრო, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, მარინი, ტრახილიო, ხ.ნავარო, კასადო, აზეზი, ტომასი, ჯონათანი, მენდეში, კორონა, ტიევი.
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
დღის სხვა მატჩები:
22:00 დეპორტივო – კორდობა
00:00 გრანადა - სელტა
ტურის ანონსი იხილეთ ამ ბმულზე