დასასრულს მიუახლოვდა კალათბურთში “ა” ლიგის ჩემპიონატის პირველი წრე. პირველი წრის ბოლო მე-5 ტური ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ “არენა 76”-ის და “კაქტუსის” მატჩით გაიხსნა. ფავორიტად “არენა 76” ითვლებოდა, რომელსაც ზედიზედ 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. რაც შეეხება “კაქტუსს”, დღევანდელ შეხვედრამდე 6 ქულა ჰქონდა “სეუ ჰიუნდაისთან” ერთად და მე-3-მე-4 ადგილებს ინაწილებდა. შეხვედრა “კაქტუსის” უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველ ტაიმში საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვა იმის შემდეგ, რაც 29:13 შეძლო მეტოქის დამარცხება.
პირველი ტაიმის ბოლო მეოთხედი “არენა 76”-ის შტურმით დაიწყო, რომელიც 11:3 დაწინაურდა. “კაქტუსმა” მაინც მოახერხა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, მეორე მეოთხედიც მოიგო, ამჯერად 20:15 და პირველი ტაიმის შემდეგ 21 ქულის სხვაობით 49:28 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში “არენა 76” გააქტიურდა. საგრძნობი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნაწილობრივ მოახერხა და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთითა და 15 წამით ადრე ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდეც კი დაიყვანა - 66:67. დარჩენილ დროში “კაქტუსი” უკეთ გამოიყურებოდა, რომელმაც საბოლოოდ 77:71 შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “კაქტუსის” ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი სამა ტაკუ, რომელმაც 37 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ტაკუს 2 ქულით ჩამორჩა “არენას” უკანახაზელი ჯერემი ბაინუმი, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ბაინუმის თანაგუნდელი ზურაბ მაჩალაძე, რომელმაც 15 ქულა, 16 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
“არენა 76”-“კაქტუსი” 71:77
(13:29, 15:20, 23:10, 20:18)
ამჟამად მიმდინარეობს თსუ – “სეუ ჰიუნდაის” შეხვედრა.







