ფეხბურთი

23:54 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 განმეორებითი მატჩის მოლოდინში

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა საჩხერეში, სადაც ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ,,ჩიხურამ” დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში ,,სამტრედიას” უმასპინძლა. ვინაიდან ეს გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერთა სამეულს საკმაოდ ჩამორჩებიან, ევროარენაზე გასასვლელად მათ თასზე წარმატებით გამოსვლა სჭირდებათ. ამ მხრივ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში სამტრედიელები არიან, რადგან ისინი მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და ევროლიგაზე მოხვედრის შანსი აქედანაც გააჩნიათ. რაც შეეხებათ ბოლო ორი გათამაშების ფინალისტებს, საჩხერლები ჩემპიონატში საკმაოდ არასტაბილურად ასპარეზობენ, ამიტომ ევროლიგის საგზურს ისინი მხოლოდ თასის მოპოვებით დაეუფლებიან.

ნახევარფინალში გასასვლელად ორივე გუნდმა საკმაოდ რთული გზა განვლო. მეთექვსმეტედფინალში ,,ბეთლემის” ბარიერის იოლად დაძლევის შემდეგ სამტრედიელებმა ბათუმის ,,დინამოელებთან” მერვედფინალის პირველი შეხვედრა (1:4) დათმეს და განმეორებით მატჩში (3:0) გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ასევე რთულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში (2:1) (0:0) ქუთაისის ,,ტორპედოს” სძლიეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

საჩხერლები გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვნენ. ,,ზესტაფონთან” საშინაო ფრის (0:0) შემდეგ, სტუმრად (1:0) იმარჯვეს და მეოთხეფინალში გზიდან უკვე საკმაოდ დაუძლურებული რუსთავის ,,მეტალურგი” ჩამოიცილეს. თანაც ,,ჩიხურა” იმ ერთადერთ გუნდად რჩებოდა, რომელსაც ამ გათამაშებაში საკუთარ კარში გოლი არ ჰქონდა მიღებული.

აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდი საკმაო დანაკლისით შეხვდა. მასპინძელთა რიგებში ტრავმების გამო ოდიკაძე, ღონღაძე, კუჭუხიძე და კაშია ვერ თამაშობდნენ, ხოლო სამტრედიელებმა ბეჭვაია და ბოლქვაძე დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისეს.

შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა მასპინძლებმა მე-9 წუთზე განახორციელეს. ივანიშვილის განივ გადაცემას მუმლაძე საჯარიმოს ხაზთან დაუხვდა და ტექნიკური დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა მიზანს საკმაო მანძილით ააცილა.

საპასუხო შეტევაში სამტრედიელებს ანგარიშის გახსნა მართებდათ. მე-14 წუთზე იაშვილის დიდებული პასის შემდეგ დოლიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა რატომღაც დარტყმა დააგვიანა, ამასობაში მას ლუბჩაკი წამოეწია და სიტუაცია განმუხტა.

მე-18 წუთზე განუგრავა მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო.

ტაიმის შუაწელიდან სამტრედიელთა უპირატესობა გამოიკვეთა. სტუმრებმა ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს. პირველად დოლიძის გადაცემით კაპანაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გადიოდა, თუმცა უკანასკნელ წამს მცველებმა იმარჯვეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. მეორედ გამოცდილი ხიზანიშვილის პასით უბერებელი იაშვილი საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან მარჯვენა ფეხით ძლიერი დარტყმა განახორციელა, ქვილითაიამ ბურთი მუშტებით მოიგერია. დამატებას გორგიაშვილი ცდილობდა, თუმცა მის თავურ დარტყმულსაც წინ მასპინძელთა კიპერი აღუდგა.

26-ე წუთზე იაშვილს ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ სტუმართა კაპიტნის მცდელობას სიზუსტე დააკლდა.

ტაიმის ბოლოს სამტრედიელებმა ერთი სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს. მოედნის კიდიდან გეწაძის შესრულებულ საჯარიმოს მეკარის ბაქანზე არეულობა მოჰყვა, მაგრამ ბოლო მომენტში ისევ მცველებმა იყოჩაღეს და სიტუაცია განმუხტეს.

მეორე ტაიმი ისე დაიწყო, რომ სტუმრები უკეთესს ვერ ინატრებდნენ. შეხვედრის განახლებისთანავე სამტრედიელებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. შეტევაში ჩართულმა განაპირა მცველმა გიორგი თევზაძემ გორგიაშვილთან ,,კედელი” გაითამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტი დარტყმით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში მოათავსა - 0:1.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება ზემოიმერლები გააქტიურდნენ და მეტოქის კარს ზედიზედ რამდენჯერმე შეუტიეს. 53-ე წუთზე სარდალიშვილმა მარჯვენა ფლანგზე თავისი მეურვე ჩამოიცილა, შემდეგ საჯარიმოს რკალისკენ გადაადგილდა და ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

3 წუთში მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. სამტრედიელი მცველების დაუდევარი ქმედებით მუმლაძემ ისარგებლა, მან მეტოქეს ბურთი აართვა და ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ამის შემდეგ 5 წუთის ინტერვალში ჩიკვაიძეს ზედიზედ ორი საგოლე შანსი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში შეცვლაზე შესული მანჯგალაძის ჩაწოდების შემდეგ იგი თავით ურტყამდა ახლო მანძილიდან. მცველებმა შეძლეს ბურთის კარიდან გამოტანა. მეორედ ზემოიმერელთა განაპირა მცველმა რეიდი მოედნის ცენტრიდან წამოიწყო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერი დარტყმა განახორციელა. მუჯრიშვილი ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

მასპინძელთა მომდევნო სახიფათო მომენტი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. მანჯგალაძის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე უკეთ მუმლაძე გაისარჯა, მან მეტოქის მცველებს დაასწრო და ბურთი სტუმართა კარისკენ გაგზავნა. მუჯრიშვილმა ამჯერადაც იყოჩაღა და ნახტომით ბურთი პირით ხაზს იქით მოიგერია. მალე მოვლენების ეპიცენტრში ისევ ეს ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა. თანაგუნდელთა კომბინაციის შემდეგ მუმლაძემ მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, თუმცა მუჯრიშვილს ვერც ამჯერად აჯობა.

ზემოიმერლებს შეტევები არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ. განსაკუთრებული აქტიურობით ისინი მატჩის უკანასკნელ წუთებში გამოირჩეოდნენ, თუმცა სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და მათთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება შეხვედრის ბოლომდე მოახერხეს.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა”) - ,,ტრავმებმა ხელი ძალიან შეგვიშალა. რამდენი ხანია ოპტიმალური შემადგენლობით აღარ გვითამაშია. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება გასატანი მომენტები მრავლად გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, იმედი არ გადაგვიწურავს. შევეცდებით განმეორებით მატჩში გაცილებით უკეთ ვიასპარეზოთ.“

ზაზა ზამთარაძე (,,სამტრედია”) - ,,დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ნახევარფინალი ორმატჩიანია და მოდუნება არ შეიძლება. ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.”

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. 1/2 ფინალი. პირველი მატჩი.
,,ჩიხურა
” (საჩხერე) -,,სამტრედია” (სამტრედია) 0:1 (0:0)
7 აპრილი
. 16:00 სთ. ივანწმინდის სტადიონი. 1200 მაყურებელი.

,,ჩიხურა ”: ქვილითაია (კ), ლუბჩაკი, ლ. ჭელიძე, განუგრავა, მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (მანჯგალაძე 62), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი;

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

,,სამტრედია”: მუჯრიშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გ. თევზაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (კერძევაძე 80), დათუნაიშვილი, იაშვილი (კ) (გაბედავა 87), გეწაძე, დოლიძე, კაპანაძე (შარიქაძე 69);

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლი: 0:1 გ. თევზაძე (48);

გაფრთხილება: კორიფაძე (58), მუმლაძე (61), (კაპანაძე 67), მანჯგალაძე (74);

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

0.137375