ცნობილი გახდა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეაპოლის ტურნირის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) პირველ წრეში დაუპირისპირდება.
ბასილაშვილს, რომელმაც გასულ კვირაში ისრაელში რაანანას 125-ათასიანი პირველობა მოიგო, ფრანგ ალექსის მუსიალეკთან თამაში მოუწევს.
ამ უკანასკნელმა საკვალიფიკაციო ბადეში იტალიელ მარკო სტანკატის 6:1, 6:1 სძლია, შემდეგ კი ავსტრალიელი ბასტიან ტრინკერი 6:2, 7:6 (7:2) დაამარცხა.
26 წლის მუსიალეკს მსოფლიო რეიტინგში 283-ე ადგილი უკავია, 23 წლის ბასილაშვილი კი მსოფლიოს 137-ე ჩოგანია. ქართულ-ფრანგული შერკინება სტარტს 8 აპრილს 11:00 საათიდან აიღებს.
წესით, ნიკოლოზს ფრანგული ბარიერის დაძლევა არ უნდა გაიჭირდეს და თუ ეს, ასე მოხდა, უკვე ცნობილია მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა. 34 წლის ესპანელმა ალბერტ მონტანესმა, რომელიც თავის დროზე 22-ე ჩოგანი ყოფილა, ახლა კი მსოფლიოს 105-ე ჩოგანია, თანამემამულე რობერტო კარბალეს ბაენასთან ვერაფერი გააწყო.
ეს უკანასკნელი 6:1, 4:3 იგებდა, როდესაც მე-4 ნომრად განთესილმა მონტანესმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. თავად კარბალეს ბაენა 22 წლის გახლავთ და ატპ-ს კლასიფიკაციაში 163-ე პოზიცია უკავია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ნეაპოლში წყვილთა ტურნირშიც ითამაშებს. პირველ წრეში ის და ბელარუსი ალექსანდერ ბური მე-2 რეიტინგის მქონე ჩინელ გონგს და ტაივანელ პენგს გაეჯიბრებიან.