საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალის პირველი მატჩი “დინამომ” ორბურთიანი სხვაობით მოიგო და საპასუხო დაპირისპირებამდე კარგი ჰანდიკაპი შეიქმნა.
ეროვნული ჩემპიონატის განვლილ ტურში გორის “დილასთან” მატჩთან შედარებით “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა შეცვალა. სათადარიგოთა სკამზე მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ, მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ და ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა გადაინაცვლეს. მცველი ლაშა თოთაძე განაცხადში საერთოდ არ იყო. ესპანელი ფორვარდი მანუელი 18-კაციან განაცხადში კვლავ არ ფიგურირებდა.
სასტარტოში მეკარე ნიკა დაუშვილი, მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე, მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი და ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოხვდნენ.
მატჩის დებიუტში რატი ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. მე-15 წუთზე, “დინამოს” ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ კომბინაციის შემდეგ მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლაშა პარუნაშვილმა ვერ გაიტანა.
ცოტა ხანში, მარჯვნიდან ცაცკრიალაშვილმა კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართული ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი ბურთს ვერ მიწვდა, მაგრამ ცხინვალელთა იერიში გაგრძელდა და ცაცკრიალაშვილის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.
მე-19 წუთზე, სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი კიტეიშვილი სტუმართა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც მათე ცინცაძემ გამოიყენა - 1:0.
“დინამო” ტერიტორიულ უპირატესობას გოლის გატანის მერეც ფლობდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმა სახიფათო, მაგრამ არაზუსტი აღმოჩნდა.
საპასუხო იერიშში ნიკა ჯიშკარიანმა მარცხნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა და გიორგი ივანიშვილმა ბურთს ვერ მიასწრო.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილმა “ცხინვალის” საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფი გიორგი ჩირგაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი ვერ დაამუშავა და დაკარგა.
ცოტა ხანში, მარჯვნიდან ცინცაძემ პასი სტუმართა საჯარიმოში გააკეთა და ჭანტურიშვილის დარტყმულმა ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.
მეორე ტაიმის შუაწელში მარჯნიდან ბიძინა მახარობლიძის გადაცემის შემდეგ, ცაცკრიალაშვილმა სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი თბილისელთა კარს მცირე მანძილით აცდა.
ცოტა ხანში, კაჭარავამ იძულებითი შეცვლა განახორციელა, რადგან ცაცკრიალაშვილმა ტრავმა მიიღო და მის მაგივრად თამაშში თემურ მარკოზაშვილი ჩაერთო.
79-ე წუთზე, “დინამოს” მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, მარჯვნიდან “ცხინვალის” საჯარიმოში ოთარ კაკაბაძემ ჩააწოდა და დავით ვოლკოვმა დასწრებაზე ერთი შეხებით გაიტანა – 2:0. მან “დინამოს” მაისურით პირველი გოლი მიითვალა.
მატჩის მიწურულს გიორგი პაპუნაშვილი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და დაარტყა - ნადირაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. თბილისელებმა სტანდარტული გაითამაშეს და პაპუნაშვილის ძლიერი დარტყმული ისევ “ცხინვალის” მეკარემ გაანეიტრალა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე, მარცხნიდან ლაშა შერგელაშვილმა ბურთი “ცხინვალის” საჯარიმოში ჩაჰკიდა და გიორგი ჯანელიძეს თავით უფრო ზუსტად რომ ეთამაშა ანგარიში კიდევ გაიზრდებოდა. თუმცა, ბურთი ნადირაძის ნადავლი გახდა.
კახა კაჭარავა: “საინტერესო თამაში იყო. ზოგიერთ ეპიზოდში “დინამო” გვჯობდა. შეტევის დაბოლოების დროს უძლურები ვიყავით. შემდეგ მატჩს სხვანაირად ვითამაშებთ. ჩვენს ფეხბურთელებს ბოლოს დაღლა დაეტყოთ და ორჯერ მეკარემ გადაგვარჩინა. მათგან ზოგს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ჩემპიონატში მე-5 ადგილზე ვართ და თასის 1/2-ფინალში გავედით. ზოგს უმაღლეს ლიგაში აქამდე არ უთამაშია. ეს გუნდი თუ შევინარჩუნეთ, მომავალ სეზონში სხვა პრეტენზია მექნება”.
კახა გოგიჩაიშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ და გოლი არ გავუშვით. სათასო მატჩში მეტოქის მოედანზე გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანი იყო, რომ კარი “მშრალად” შეგვენახა. ეს მოვახერხეთ. მეკარემ და დაცვის ხაზმა კარგად ითამაშა”.
-მანუელი და საბა ლობჟანიძე როდის ითამაშებენ?
-ორივე ვარჯიშობს და იმედია, 19 აპრილს “ვიტ ჯორჯიასთან” ითამაშებენ.
დინამო (თბილისი) - ცხინვალი 2:0 (1:0)
7 აპრილი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.
დინამო: დაუშვილი, გველესიანი (კ), ცინცაძე, ფერეირა, პარუნაშვილი, შერგელაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯანელიძე, 77), ტაბატაძე (კაკაბაძე, 68), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე (ვოლკოვი, 62).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ცხინვალი: ნადირაძე (კ), ვარლამ კილასონია, ჯიშკარიანი, კაჭკაჭიშვილი, ქარდავა (ბურძენაძე, 90+1), ცერცვაძე, ივანიშვილი, თარხნიშვილი, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი (მარკოზაშვილი, 76), შინდაგორიძე (ლექვთაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლები: 1:0 ცინცაძე (20, პენ.), 2:0 ვოლკოვი (79)
გაფრთხილება: ქარდავა (19), გველესიანი (51), შერგელაშვილი (53), ცერცვაძე (90+2)
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი