2013 წელს, გაეროს 67-ე ასამბლეის დადგენილებით, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და მსოფლიოს მასშტაბით პირველად გასულ წელს აღინიშნა. გაეროს ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.
„სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის" - ასეთია ამ დღის დევიზი. თარიღი - 6 აპრილი კი სიმბოლურად იქნა შერჩეული – 1896 წლის 6 აპრილს, ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რა თქმა უნდა, შეუერთდა ამ ღონისძიებას და სპორტის საერთაშორისო დღე სეოკ-ის დაარსების დღიდან მის მიერ გამოცემული სპორტული ლიტერატურის გამოფენით, ამავდროულად სერიიდან „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" ძიუდოში, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულ ლაშა შავდათუაშვილზე 34-ე წიგნის პრეზენტაციით და პრესკონფერენციით გამოეხმაურა. სეოკ-ის ხელმძღვანელობამ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შომბი შარფს, ვეტერან, მოქმედ და მომავალ ოლიმპიელებსა და სპორტულ მას-მედიას უმასპინძლა.
სტუმრებმა დაათვალიერეს სპორტული ლიტერატურა, შემდეგ სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ორ სპორტსმენს, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორებს მაია აზარაშვილსა და ვახტანგ იაგორაშვილს დაბადების დღე მიულოცა და მათ პაატა ნაცვლიშვილის 5 ტომეული „ხუთი რგოლი საქართველოსთის" გადასცა. ამავე უნიკალური გამოცემით დასაჩუქრდა ლაშა შავდათუაშვილიც.
შეხვედრა ლერი ხაბელოვთან ერთად, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უძღვებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში გაეროს წარმომადგენელი შომბი შარფი, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე, ლაშა შავდათუაშვილი, მაია აზარაშვილი, ვახტანგ იაგორაშვილი და შავდათუაშვილზე შექმნილი წიგნის ავტორი ჟურნალისტი ოთარ მაღლაკელიძე.
ღონისძიება საკმაოდ თბილ გარემოში წარიმართა, რომლის დასასრულსაც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლონდონის ოლიმპიადის ტრიუმფატორ ლაშა შავდათუაშვილს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ლევან თედიაშვილის შედეგის განმეორება და გაუმჯობესება უსურვა.
www.geonoc.org.ge