ფეხბურთი

2:44 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ხუთოსანი“ რონალდუ, მესისთან გათანაბრებული მატიე და გვარდიოლას მორიგი რეკორდი

ესპანეთი

„გრანადას“ მთავარ მწვრთნელს, აბელ რეზინოს, ფეხბურთელობის დროს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონთან კარგი მოგონებები აკავშირებდა. „ატლეტიკოსა“ და „რაიოს“ ყოფილ მეკარეს ამ სტადიონზე 6-ჯერ უთამაშია და 3-ჯერ მოუია. ამ 6 მატჩში, რეზინოს მხოლოდ 7 გოლი ჰქონდა გაშვებული. გასულ კვირას კი, მის მიერ გაწვრთნილი „გრანადა“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ესტუმრა და იმაზე მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე რეზინომ 6 თამაშში ერთად.

„რეალი“ „გრანადასთან“ მატჩს კარგი განწყობით შეხვდა. მადრიდელებს, ორთვიანი შესვენების შემდეგ, ხამეს როდრიგესი დაუბრუნდა, რაც „სამეფო კლუბის“ მიერ გატანილი გოლების მატების მანიშნებელი იყო. მიმდინარე სეზონში, თუ ხამესი თამაშობდა, „რეალს“ გოლის გასატანად საშუალოდ 30 წუთი ჭირდებოდა, ხოლო თუ ახალგაზრდა კოლუმბიელი მოედანზე არ იყო, ეს მაჩვენებელი 42 წუთამდე იზრდებოდა.

ხამესის დაბრუნების გათვალისწინებით, „რეალის“ მიერ ბევრი გოლის გატანა ლოგიკური იყო, მაგრამ სტუმართა კარში 9 ბურთის გასვლას ცოტა ვინმე თუ ელოდა. მადრიდელებს, ლა ლიგის მატჩში, ასეთი რამ 1967 წლის შემდეგ გაკეთებული არ ჰქონდათ. 48 წლის წინათ მათ „სოსიედადი“ 9:1 გაანადგურეს. პრიმერაში გუნდს ერთ თამაშში 9 გოლი ბოლოს 1979 წელს ჰქონდა გატანილი. 37 წლის წინათ, „ბარსელონამ“ „რაიო“ 9:0 დაამარცხა.

შეხვედრის გმირად კრიშტიანუ რონალდუ იქცა, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი კარიერაში პირველად გაიტანა. პორტუგალიელს პირველი 3 ბურთის გასატანად 8-წუთიანი მონაკვეთი დასჭირდა, რაც მის კარიერაში ასევე პირველად მოხდა. ამ შეხვედრის შემდეგ, რონალდუს ლა ლიგაში 24, ხოლო „რეალის“ მაისურით სულ 28 ჰეთ თრიქი დაუგროვდა. პირველ მაჩვენებელში ის რეკორდსმენ მესის გაუთანაბრდა, ხოლო მეორეში დი სტეფანოს გადაუსწრო და „რეალის“ ისტორიაში, ამ მხრივ, საუკეთესოდ იქცა.

რონალდუ პირველი ფეხბურთელია 2012 წლის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის მატჩში 5 გოლი გაიტანა. 3 წლის წინათ ეს „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ მოახერხა. „რეალის“ ფეხბურთელმა კი ეს 2002 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გააკეთა. 13 წლის წინათ, „ლას პალმასის“ კარში 5 გოლი ფერნანდო მორიენტესმა გაიტანა.

რონალდუ „რეალის“ მე-10 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში 5 ან მეტი გოლი გაიტანა. მადრიდელთა ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ეს 2-ჯერ გაუკეთებია, ფერენც პუშკაშია.

ძალიან დამაჯერებელი მოგების მიუხედავად, „რეალი“ ლიდერს მაინც 4 ქულით ჩამორჩება. ამის მიზეზი ჟერემი მატიეა, რომელმაც კარიერაში პირველად, ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა. ფრანგ თავდამსხმელს, ლა ლიგაში, 8 გოლი დაუგროვდა და ბოლო 5 შემთხვევაში მან მეტოქეთა კარი თავური დარტყმით აიღო.

საინტერესო სტატისტიკა: რომ არა ჟერემი მატიეს მიერ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 2 გოლი, „ბარსელონას“ 4 ქულით ნაკლები ექნებოდა. კატალონიელებს ასევე 4 ქულით ნაკლები ექნებოდათ, რომ არა ლეო მესის მიერ გატანილი 32 გოლი.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „ატლეტიკომ“ თავური დარტყმით მორიგი გოლი გაიტანა. მადრიდელებს, მე-2 სართულზე კარგად თამაშის წყალობით, 29 ტურში უკვე 29 ბურთი აქვთ გატანილი. გასულ სეზონში, ასეთი მაჩვენებელი მათ 38 ტურის შემდეგ ჰქონდათ.

„ატლეტიკო“ პრიმერას მიმდინარე გათამაშების ერთადერთი გუნდია, რომელმაც აუტის მოწოდების შემდეგ 2 ბურთი გაიტანა. დიეგო სიმეონეს გუნდმა ეს ორივე შემთხვევაში „კორდობასთან“ გამართულ შეხვედრაში გააკეთა.

„ლევანტეს“ თავდმსხმელმა, დავიდ ბარალმა, ბოლო 56 დღის განმავლობაში, 2 ჰეთ თრიქი შეასრულა. ლა ლიგაში ესპანელმა ფეხბურთელმა ასეთი რამ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად გააკეთა. 15 წლის წინათ ასეთი შედეგი სალვა ბალესტას ჰქონდა.

ბარალი ევროპის წამყვან ხუთ ლიგაში მოთამაშე მე-4 ფეხბურთელია, რომელსაც, ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ერთზე მეტი ჰეთ თრიქი დაუგროვდა. აქამდე ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონდათ.

ინგლისი

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა, ინგლისის ჩემპიონატში საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 3 თამაშიდან პირველი მოიგო.

„სტოკ სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში „ჩელსიმ“ ანგარიში ედენ აზარის ზუსტი თერთმეტმეტრიანით გახსნა. ბელგიელ შემტევს, პრემიერლიგაში შესრულებული 9 პენალტიდან ყველა გატანილი აქვს. ტურნირის ისტორიაში, 9-ზე მეტი დარტყმა და ასპროცენტიანი შედეგი არავის აქვს. აზარის მსგავსი მიღწევით კი თავს დიმიტარ ბერბატოვი იწონებს.

აზარის ზუსტი დარტყმის შემდეგ, „ჩელსი“ მე-2 გუნდი გახდა, რომელსაც პრემიერლიგის ისტორიაში 100 გატანილი თერთმეტმეტრიანი დაუგროვდა. პირველ ადგილზე, 102 ზუსტი პენალტით, „ლივერპულია“.

„ლივერპულს“, მეტოქის მოედანზე ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. თუმცა, ბრენდან როჯერსის გუნდი „არსენალს“ ეწვია და აწ უკვე მე-2 ადგილზე მყოფი გუდისგან 4 ბურთი გაუშვა. ლონდონელთა მიერ მერსისაიდელთა კარში გოლის გატანა გასაკვირი არც ყოფილა. ამ გუნდებს შორის პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 19 თამაშიდან „ლივერპულმა“ კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთში მოახერხა.

„ლივერპულმა“ 4 გოლიდან 3 პირველ ტაიმში გაუშვა. მერსისაიდელებს, პრემიერლიგის მატჩში, ასეთი რამ 1999 წლის შემდეგ პირველად შეემთხვათ. შესვენებაზე 3-ბურთიანი ჩამორჩენით კი „ლივერპული“ 1994 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

გოლი პრემიერლიგის ზედიზედ მე-6 თამაშში გაიტანა „არსენალის“ შემტევმა, ოლივიე ჟირუმ. ის ლონდონელთა მხოლოდ მე-3 ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს. ფრანგმა შემტევმა იან რაითისა და ემანუელ ადებაიორის მიღწევა გაიმეორა.

„ლივერპულთან“ მოგების წყალობით „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტის“ გადაასწრო, რომელმაც ზედიზეც მე-3 გასვლითი თამაში წააგო. „ქალაქელები“ იმ „კრისტალ პალასს“ ეწვია, რომელთანაც ბოლო 7 ოფიციალური თამაში მოგებული ჰქონდა, მაგრამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ამჯერად, უქულოდ თავად დარჩა.

„კრისტალ პალასმა“ პირველი ტაიმი მოიგო, რაც „სიტის“ თამაშის შემობრუნების ძალზე მცირე შანსს უტოვებდა. საქმე ისაა, რომ უკვე 20 წელია, „სიტის“ პრემიერლიგის ის გასვლითი თამაში არ მოუგია, რომლის პირველი ნახევარიც მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. დღეს, „ქალაქელებს“ ასეთი 86-ე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.

„სიტიმ“ ვერა, მაგრამ „კრისტალ პალასმა“ ერთი უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. ლონდონელებმა ინგლისის ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე გუნდი 1992 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც „სიტის“ გადაასწრო, ასევე მანჩესტერული „იუნაიტედია“. ლუი ვან გაალის გუნდმა „ასტონ ვილა“ ანდერ ერერასა და უეინ რუნის გოლებით დაამარცხა. ესპანელმა ნახევარმცველმა, კარიერაში პირველად, დუბლი გაიფორმა. ინგლისელმა თავდამსხმელმა კი პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ერთი კლუბის მაისურით, 125 თამაშში გაუტანია.

შაბათს გამართული თამაშის შემდეგ, „ასტონ ვილა“ როგორც რუნისთვის, ასევე მისი გუნდისთვის საყვარელი მეტოქა. რუნის, პრემიერლიგაში, ბირმინგემელთა კარში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი. „მანჩესტერს“ კი, „ასტონ ვილასთვის“ უკვე 32-ჯერ მოუგია. პრემიერლიგის ისტორიაში, არცერთ სხვა გუნდს ერთ მეტოქესთან ამდენი მოგება არ აქვს.

გერმანია

გერმანიის ჩემპიონატში ბოლო წლებში ქვეყნის 2 საუკეთესო გუნდის, „დორტმუნდისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება გაიმართა. იურგენ კლოპის გუნდს რომ ცუდი პერიოდი უდგას, ეს ამჯერადაც დამტკიცდა - 2009/10 ქლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ ზედიზედ 2 თამაში მოუგო.

ეს იყო ზედიზედ მე-3 საშინაო თამაში (2 ბუნდესლიგაში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე), რომელშიც „დორტმუნდმა“ გოლი ვერ გაიტანა. ამ გუნდს ასეთი ცუდი სერია 1963 წლის შემდეგ პირველად აქვს.

„სიგნალ იდუნა პარკზე“ პეპ გვარდიოლამ ბუნდესლიგაში თავისი 50-ე თამაში მოიგო. კატალონიელ სპეციალისტს ამისთვის მხოლოდ 61 თამაშის ჩატარება დასჭირდა, რაც, რა გასაკვირია, ახალი რეკორდია.

მოგების მიუხედავად, „ბაიერნის“ თამაშს იდეალური არ ეთქმოდა. მიუნხენელთა პასების სიზუსტის მაჩვენებელი მხოლოდ 78.1% იყო. „რეკორდმაისტერს“, ბუნდესლიგაში, ასეთი ცუდი შედეგი 2011 წლის მაისის შემდეგ პირველად ჰქონდა.

წარმატებული პერიოდი უდგას „ლევერკუზენს“. ბოლო 31 წლის განმავლობაში პირველად, ამ გუნდმა გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ 5 თამაში მოიგო.

იტალია

„რომამ“ საკუთარ კედლებში არსებული 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. რუდი გარსიას გუნდმა „ნაპოლი“ დაამარცხა, რომლისთვისაც ეს მეტოქის მოედანზე წაგებული ზედიზედ მე-4 თამაში გამოდგა. ნეაპოელელებს ასეთი ცუდი სერია 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად აქვთ.

„მილანმა“, მიმდინარე გათამაშებაში მესამედ, ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო. „როსონერის“ რიგებში მორიგი გოლი გაიტანა ჟერემი მენეზმა. ფრანგ თავდამსხმელს, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 16 ბურთი დაუგროვდა. ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა ერთში გატარებული წინა 3 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზე მხოლოდ 14 გოლი იყო.

ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალანსებული შეტევა „ლაციოს“ ჰყავს. შაბათს „კალიარისთან“ მოგებული თამაშის შემდეგ, 7 ან მეტი გოლი რომაელთა უკვე 5 ფეხბურთელს აქვს გატანილი. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ სხვა გუნდს ასეთი შედეგი არ აქვს.

საფრანგეთი

საფრანგეთის ლიგა ერთის ცენტრალური მატჩი ჩემპიონობისთვის მებრძოლი „მარსელისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირება იყო. თამაში მარსელში იმართებოდა, მაგრამ ფავორიტად მაინც სტუმარი გუნდი მიიჩნეოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პსჟ-ს, ბოლო წლებში, „მარსელთან“ შედეგიანად თამაში გამოსდის. პარიზელებმა მეტოქე ზედიზედ მე-7 მატჩში დაამარცხეს. ამას ისიც ემატებოდა, რომ „მარსელს“, ლიგა ერთში ამჟამად პირველ 5 პოზიციაზე მყოფ გუნდებთან გამართულ ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, ბოლო 11 შემთხვევიდან, როდესაც „მარსელმა“ ქვეყნის ჩემპიონს უმასპინძლა, ამ გუნდმა მხოლოდ 3 მოიგო.

მარსელო ბიელსას გუნდმა რომ პსჟ-ს ბრძოლა გაუმართა, ეს ანდრე-პიერ ჟინიაკის დამსახურებაა. 29 წლის თავდამსხმელმა 2 გოლი გაიტანა, აქედან ერთი თავით. ჟინიაკს, მიმდინარე გათამაშებაში, თავით უკვე 7 ბურთი აქვს გატანილი. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მსგავსი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს, უკეთესი კი - არავის.

ლიგა ერთის 31-ე ტური შედეგიანი გამოდგა. 10 მატჩში 37 გოლი გავიდა, რაც 2007/08 წლების გათამაშების 38-ე ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

0.112291