თბილისის საკრებულოში დღევანდელ საღამოს “სპორტფოტო 2014” გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ, 13 ქართველი ფოტოგრაფის 33 ფოტო, რომელიც გასული წლის ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს უკავშირდებოდა, როგორც ქართულ, ისევე მსოფლიო სპორტზე.
აღსანიშნავია, რომ “მსოფლიო სპორტს” სამი ფოტოგრაფი წარადგენდა: ხატია ჯიჯეიშვილი, ლაშა კუპრაშვილი და ბადრი კეთილაძე. საერთო ჯამში, გამოფენაზე მათი 10 ფოტო გახლდათ გამოტანილი.
ღონისძიების გახსნამდე ისაუბრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყოფიანმა. მან დღევანდელი გამოფენა მოიწონა და თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან ყიფიანი: “მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ სასიამოვნო გარემოში ტარდება ღონისძიება, რომლის თემატიკაც ძალიან საინტერესოა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით სპორტის საერთაშორისო დღეა, რომელიც გუშინ აღვნიშნეთ კუს ტბაზე, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სპორტის სახეობები და ხალხმრავლობა იყო.
რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, რამოდენიმე თაობის 13 ფოტოგრაფის ნამუშევარია წარმოდგენილი სხვადასხვა თემატიკაზე და ის რეალური სურათი, რომელიც დღეს არსებობს ქართულ სპორტში თვალნათლადაა ასახული.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი არეშიძესა და თბილისის მერიას. რომ არა მათი იდეა და მცდელობა, დღევანდელი საღამო არ განხორციელდებოდა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და იმედია, მომავალში უფრო მასშტაბური გამოფენები იქნება”
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დღეს სპორტის (6 აპრილი) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.