ფეხბურთი

13:30 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალიცენზიო დოკუმენტები მხოლოდ “მეტალურგმა” არ წარადგინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 3 აპრილს კლუბების მიერ სალიცენზიო დოკუმენტების წარდგენა დასრულდა.

2015-2016 წლების სეზონისთვის სალიცენზიო განაცხადი ამჟამად უმაღლეს ლიგაში მყოფმა 15 კლუბმა და პირველი ლიგის ორმა წარმომადგენელმა – “საბურთალომ” და თბილისის “ლოკომოტივმა” შეიტანეს.

უმაღლესი ლიგიდან დოკუმენტები მხოლოდ რუსთავის “მეტალურგს” არ წარუდგენია, სადაც მძიმე ფინანსური მდგომარეობაა და კლუბში ზოგადად ბევრი რამ გაურკვეველია. შეგახსენებთ, რომ რუსთაველებს 8 მილიონი ლარი მეტალურგიული ქარხნის ვალი აქვთ.

დოკუმენტებს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი სპეციალისტები განიხილავენ და დასკვნებს ლიცენზირების კომიტეტს გადაუგზავნიან, რომელიც აპრილის მიწურულს შეიკრიბება და როგორც უეფას, ასევე, ეროვნული ლიცენზიების საკითხს გადაწყვეტს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამსაფეხურიანია. ის, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის გადაწყვეტილების ლიცენზირების სააპელაციო ორგანოში და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ ტრიბუნალში გასაჩივრებასაც მოიცავს. ყველა ეს პროცედურა მაისის ბოლოს დასრულდება და შედეგს უეფას გარდა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს შეატყობინებენ.

0.11852