“აუგსბურგის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის მარკუს ვაინცირლის მოღვაწეობით და 40 წლის სპეციალისტს კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა.
გერმანელმა მწვრთნელმა გუნდი 2012 წლის ივლისში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში “აუგსბურგი” კარგ ფორმაშია, ბუნდესლიგაში 27 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
ვაინცირლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ “აუგსბურგი” გერმანიის ჩემპიონატში პირველივე სეზონში მე-15 ადგილზე გავიდა და ქვედა ლიგაში გავარდნას ძლივს გადაურჩა. 2013/14 წლების სეზონში გუნდმა შედეგი გააუმჯობესა, გავიდა რა მერვე ადგილზე და ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ერთი ქულა დააკლდა.