ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში დასრულებული ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) მოგება მოახერხა, რაც მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა.
23 წლის ბასილაშვილი ELECTRA ISRAEL OPEN 2015-ზე განთესილთა შორის არ ყოფილა, თუმცა, 5 მატჩის მოგება მოახერხა და მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე სლოვაკ ლუკას ლაცკოს გაეჯიბრა და მსოფლიოს 99-ე ჩოგანი 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.
გასული მატჩი საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და ქართველმა 17-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 7-დან 4 ბრეიკი გაახერხა. ნიკოლოზმა 3 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, ლაცკოს კი 10 ეისი ჰქონდა.
ბასილაშვილმა პირველ მოწოდებაზე ბურთების 64% მოიგო, მეორეზე კი – 70%, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. ჯამში ქართველმა ჩოგბურთელმა 91 გათამაშება მოიგო, ხოლო სლოვაკმა – 79.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზის რაანანას ტურნირს 280 ქულით და 180-ე ადგილით შეხვდა, ახალ კლასიფიკაციაში კი სერიოზული წინსვლა ელის – 110 ქულას შეიმატებს და წესით, 138-ე საფეხურზე დამკვიდრდება.