ფეხბურთი

16:31 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი, უბერებელი გოლების მანქანა

პირველი გოლი – ფლანგიდან კლასიკური, დაბალი გადაცემა კარის გასწვრივ და ახლო ძელთან ტრადიციისამებრ ჩასაფრებულმა გაიტანა.

მეორე გოლი – ნამდვილი შედევრი, 1.93 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ფეხბურთელი, ნახევარბრუნში, მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით ჩინებულ გოლს იტანს. ასე შეასრულა დუბლი 4 აპრილს იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვეტერანმა თავდამსხმელმა.

ლუკა ტონი “ვერონას” რიგებში სერია A-ში გატანილი გოლების რაოდენობით ემილიანო მისკეტის გაუტოლდა. ახლა 37 წლის ფორვარდს “ჰელასის” მაისურით იტალიურ ელიტაში 35-ჯერ გაუტანია. გასულ სეზონში ტონიმ 20 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჩირო იმობილეს ჩამორჩა, ახლა კი 15-ჯერ იხეირა და ლიდერ კარლოს ტევესს მხოლოდ ორი ბურთი აშორებს. იტალიელ ფეხბურთელებს შორის მისი მაჩვენებელი საუკეთესოა!

1977 წლის 26 მაისს, პავულო ფრინიანოში დაბადებული ბავშვი ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ლუკა ტონის საუკეთესო პერიოდად 2005-2006 წლების სეზონი მიიჩნევა, როდესაც ფლორენციის “ფიორენტინას” შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში მეტოქეები არც მეტი, არც ნაკლები 31-ჯერ დაამწუხრა. ასეთი შედეგიანობა იტალიაში მანამდე კარგა ხანს არავის ახსოვდა. წლის ბოლოს ლუკამ ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი “ოქროს ბუცი” მოიგო. შემდეგ იყო გერმანული დროება, სადაც ტანმაღალი ფორვარდი მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში უკვე ბუნდესლიგის გოლეადორიც გახდა.

2011 წელს, როცა ტონიმ “იუვენტუსი” დატოვა, სათამაშოდ ან უფრო ფულის საჭრელად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მიაშურა და “ალ ნასრის” რიგებში ჩაირიცხა. მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ ტონის, როგორც ფეხბურთელის კარიერა წარსულს ჩაბარდა. ამ მოლოდინს ისიც ამყარებდა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ზურგს “იუვენტუსსა” და “ჯენოაში” წარუმატებელი მოღვაწეობა უმაგრებდა, მაგრამ...

მაგრამ 2012 წლის ზაფხულში ლუკა ძველ ნაცნობებს, ძმებ ანდრეა და დიეგო დელა ვალეებს გაახსენდათ და მას “ფიორენტინაში” ერთი წლით დაბრუნება შესთავაზეს. ლუკა დაბრუნდა. იგი ფლორენციელმა ქომაგებმა თბილად მიიღეს, თავად ფეხბურთელმა კი გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა სერია A-ში გატანილი 8 გოლით გადაუხადა, რაც სულაც არ იყო ურიგო შედეგი, რადგანაც ტონი ძირითადი შემადგენლობის მიღმა ხშირად რჩებოდა.

2013 წლის ზაფხულში ლუკა 36 წლის ასაკში არჩევნის წინაშე დადგა – კარიერის გაგრძელება თუ ბუცები ლურსმანზე? – სწორედ ამ დროს მას სერია A-ში ახლახან აღზევებული “ჰელას ვერონა” დაუკავშირდა და ერთ სეზონში 400 ათასი ევროს დაჰპირდა. ტონი გამოწვევას დათანხმდა და როგორც შემდგომ გაირკვა არც შემცდარა.

კარიერაში 300-ზე მეტი გოლი, “ოქროს ბუცი”, სერია A-ს, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და უამრავი დავუწყარი მატჩი. ეს ლუკა ტონის მონაგარია!

ჰო, კარიერის საწყის ეტაპზე, მაშინ, როცა ტონი მოკრძალებული “ბრეშას” ღირსებას იცავდა, იგი გენიალური რობერტო ბაჯოს მხარდამხარ თამაშობდა...

0.128265