სეზონს გასაოცრად კარგად ატარებს ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი, რომელსაც ამ დროისთვის ყველა ტურნირზე 25 გოლი აქვს გატანილი.
“იუვეს” ფეხბურთელს ასეთ მაჩვენებლისთვის 2005-2006 სეზონის შემდეგ აღარ მიუღწევია, 9 წლის წინ კი ფრანგმა დავიდ ტრეზეგემ გაიტანა 29 გოლი.
გადავწყვიტეთ, სწორედ ხსენებული სეზონიდან დღემდე ტურინული გრანდის ყველა ის ფეხბურთელი გაგვეხსენებინა, რომლებიც სეზონების მიხედვით გუნდის საუკეთესო ბომბარდირები ხდებოდნენ.
დავიდ ტრეზეგე – 29 გოლი (2005-2006)
2005-2006 წლების სეზონში “იუვენტუსმა” სკუდეტო მოიპოვა (რომელიც შემდეგ ჩამოართვეს), პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს უწია. დავიდ ტრეზეგე გუნდის საუკეთესო მეგოლე იყო. ფრანგმა მეტოქეები ჯამში 29-გზის დაამწუხრა. აქედან 23 გოლი მან იტალიის ჩემპიონატში შეაგდო და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლუკა ტონის ჩამორჩა (31 გოლი). დარჩენილი 6 გოლი ტრეზეგემ იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე გადაინაწილა.
ალესანდრო დელ პიერო – 23 (2006-2007)
ცნობილი საფეხბურთო სკანდალის, ე.წ. “კალჩოპოლის” შემდეგ “იუვე” სერია B-ში დააქვეითეს. გუნდის რამდენიმე ვარსკვლავმა კი ერთგულება გადაწყვიტა და “ბიანკონერი” გასაჭირში არ მიატოვა. მათ შორის იყო ალესანდრო დელ პიერო, რომელიც 2006-2007 სეზონში გოლების მხრივ (და არამარტო), თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ. დელ პიერომ ქვედა ლიგაში 20 გოლი შეაგდო და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც შეიქნა, ამას კი კოპა იტალიაზე გატანილი 3 გოლიც დაურთო და ჯამში 23 გატანილ გოლს მოუყარა თავი.
ალესანდრო დელ პიერო – 24 (2007-2008)
მომდევნო სეზონიც მთლიანად “ბებერი ქალბატონის” კაპიტნისა აღმოჩნდა. დელ პიერო ამჯერად უკვე სერია A-ს საუკეთესო მეგოლე გახდა (21 გოლით). იტალიის თასზე კი ამჯერადაც 3-ჯერ იხეირა. მისი საბოლოო მაჩვენებელი 24 გოლს გაუტოლდა.
ალესანდრო დელ პიერო – 21 (2008-2009)
2008-2009 წლების სეზონში “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მერვედფინალს უწია და იქ ლონდონის “ჩელსისთან” დაძაბულ ბრძოლაში (2:3) დამარცხდა, გამორჩეული მატჩები კი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი მოუგო. მადრიდელებს 4 გოლიდან 3 დელ პიერომ გაუტანა. გარდა ამისა, ალესანდრომ “ზენიტის”, “ჩელსისა” და საკვალიფიკაციო ეტაპზე “არტ მედიას” დაწუხრებაც შეძლო. ლიგაზე გატანილ 6 გოლს მან იტალიის თასზე შეგდებული ორი და ჩემპიონატში გატანილი 13 გოლი დაუმატა, რამაც ჯამში 21 გოლი შეადგინა. ამდენჯერ კი იმ სეზონში “იუვეს” ფეხბურთელთაგან არავის უხეირია.
ალესანდრო დელ პიერო – 11 (2009-2010)
საერთოდ XXI საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლო წლებში “იუვენტუსში” დელ პიეროზე მეტი გოლი ვერავის გაჰქონდა. 2009-2010 წლების სეზონში ჯამში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა (9 ჩემპიონატში, 2 თასზე), მაგრამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. იმ სეზონში “იუვემ” სერია A-ში მხოლოდ მე-7 დაიკავა.
ალესანდრო დელ პიერო – 11 (2010-2011)
ეს წელი წინა სეზონის ანალოგი გამოდგა. “იუვენტუსი” სეზონის დასასრულს ისევ მეშვიდე იყო, გუნდის საუკეთესო ბომბრარდირი კი ისევ ალესანდრო დელ პიერო, ისევ 11 გატანილი გოლით. “იუვენტუსის” ლეგენდარულმა კაპიტანმა გუნდის საუკეთესო გოლეადორობა ზედიზედ ხუთი სეზონის განმავლობაში მოახერხა.
კლაუდიო მარკიზიო, მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი – 10 (2011-2012)
მომდევნო სეზონი “იუვენტუსისთვის” საოცარი გამოდგა. გუნდმა ჩემპიონატის 38 თამაში წაუგებლად განვლო და ნანატრი სკუდეტო მოიპოვა. ეს ანტონიო კონტეს პირველი წელი იყო ტურინში მთავარ მწვრთნელად. იმდროინდელი გუნდის მთავარი დამახასიათებელი ერთსულოვნება გახლდათ. სწორედ ამით იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ გუნდის საუკეთესო მეგოლის წოდება ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა: ალესანდრო მატრიმ, მირკო ვუჩინიჩმა და კლაუდიო მარკიზიომ მოახერხეს (10 გოლით).
არტურო ვიდალი – 15 (2012-2013)
ერთი წლის შემდეგ “ბებერი ქალბატონის” გოლეადორო არა რომელიმე თავდამსხმელი, არამედ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი გახდა. სამხრეთამერიკელმა ჯამში 15-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები. ტურინულმა გუნდმა 2006 წლის მერე პირველად უწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს, ხოლო პარალელურად სკუდეტოც დაისაკუთრა.
კარლოს ტევესი – 21 (2013-2014)
2013 წლის ზაფხულში “იუვენტუსმა” ინგლისური “მანჩესტერ სიტიდან” კარლოს ტევესი შეიძინა, რომელსაც 10 ნომრიანი მაისური გადასცა. ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ტურინელი გულშემატკივრების უმეტესობა მომხდარით უკმაყოფილებას ვერ მალავდა, თუმცა საბოლოოდ ტევესმა მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და სეზონის ბოლოს 21 გოლს მოუყარა თავი (19 ჩემპიონატში, 1 ევროპის ლიგაზე, 1 იტალიის სუპერთასზე).
კარლოს ტევესი – 25 (2014-2015)
სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. “იუვენტუსი” კი სერია A-ს ისეთი უპირატესობით ლიდერობს, უკვე რომ შეგვიძლია თქმა, გაჩემპიონდაო. ამასთან, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდშიც არიან გასულები და არავინ იცის, როგორ დასრულდება მათი ევროპული ვოაიჟი. კარლოს ტევესი კი ამ გუნდის უდავო ლიდერია. მის ანგარიშზე ჯამში 25 გოლია! 17 იტალიის ჩემპიონატში, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 იტალიის სუპერთასზე. ტევესს წლევანდელი მონაგარის გაზრდის საუალება კიდევ არაერთხელ მიეცემა...