ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ისრაელის ქალაქ რაანანაში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს პირველი და მსოფლიოს 180-ე ჩოგანი მეოთხედფინალში რუს ევგენი დონსკოის დაუპირისპირდა და მატჩში, რომელიც საათსა და 52 წუთს გაგრძელდა, 6:2, 2:6, 6:4 იმარჯვა.
ნიკოლოზმა 9 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 15-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა 94 გათამაშება მოიგო, რუსმა კი – 86.
ბასილაშვილმა ELECTRA ISRAEL OPEN 2015-ის ნახევარფინალში გასვლით 40 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მომდევნო წრეში კი მსოფლიო რეიტინგში 145-ე ადგილზე მყოფ მოლდოველ რადუ ალბოტს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ბლაზ როლას (სლოვენია) 7:6 (7:3), 6:1 სძლია.
თუკი ნიკოლოზმა მომდევნო მატჩშიც იმარჯვა, აქტივს 65 ქულას შემატებს, რაანანის ჩელენჯერის მოგება კი 110 ქულას იძლევა. ქართულ-მოლდოვური დაპირისპირება შაბათს გაიმართება.