2 განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ “ჩელე არენაზე”, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის “დინამო” ბოლო ხანს მომჯობინებულ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, აჭარულმა საფეხბურთო კლუბმა საზამთრო არდადეგების შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილსაც სათავეში მოექცა თბილისელ თანაკლუბელებთან ერთად. რაც შეეხება ქუთათურებს, გიორგი დარასელიას შეგირდებმა უკანასკნელ 3 პაექრობაში გამოიჩინეს თავი, სატურნირო მდგომარეობაც გამოისწორეს და მათ თამაშსაც დამაჯერებლობა აშკარად დაეტყო. რიონისპირელებმა, ზედიზედ ორ საშინაო დუელში მათზე გაცილებით მაღალ საფეხურებზე მყოფი “ცხინვალი” და “სამტრედია” დაამარცხეს.
მატჩის პირველ ტაიმიდან გამომდინარე, ვერავინ იფიქრებდა თუ ეს პაექრობა ასე დრამატული და უხვგოლიანი გამოდგებოდა. შეხვედრის დებიუტი ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე პირველივე წუთზე შეეძლოთ მასპინძლებს დაწინაურება, კარში დარტყმით რომ დაეგვირგვინებინათ სახიფათო შეტევა, მაგრამ დინამოელთა შემტევთაგან დარტყმა ვერცერთმა ვერ შეძლო და ხიფათიც განიმუხტა. ამის მიუხედავად, ბათუმელებმა საწყის წუთებზე მაინც მიაღწიეს საწადელს და დაწინაურდნენ. ბერიაშვილის მიერ შეტევის მარცხენა ფლანგზე გაყვანილმა სუხიაშვილმა ზუსტად ჩააწოდა ტორპედოელთა საჯარიმოში მყოფ დიმიტრი ტატანაშვილს, რომელმაც მეურვეს ახტომა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
ბუნებრივია, ასეთი დასაწყისი ხელს მასპინძლებს აძლევდათ, რომლებსაც სათამაშო ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ და ისინი ცდილობდნენ ანგარიშში სხვაობა კვლავ გაეზარდათ. თავის მხრივ სტუმრები თამაშის დალაგებას შეეცადნენ. არასასურველი სტარტის გამო ბუნებრივია, მათ სურდათ მოეგერიებინათ ბათუმელთა იერიშები და თავადაც განეხორციელებინათ საპასუხო შეტევები. პირველ ტაიმში, შეიძლება ითქვას, ორივე გუნდმა მეტ-ნაკლებად შეასრულა თავისი გეგმა. მასპინძლებმა ანგარიშში უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო ქუთაისელებმა საეპილოგო პერიოდში აღმაფრენით მოთამაშე მასპინძლების იერიშები შეაჩერეს და თავადაც შეძლეს რამდენიმე სახიფათო სიტუაციის შექმნა. ქუთათურების მცდელობები ზედიზედ სამჯერ მიხეილ ალავიძემ ჩაშალა, რომელმაც დროული გამოსვლებით გააუვნელყო ტორპედოელთა იერიშები. თავის მხრივ, რაიმე განსაკუთრებული სტუმართა კართან აღარც ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელებს შეუქმნიათ. მართალია, დინამოელები უტევდნენ და რამდენმეჯერმე შეეძლოთ კიდეც ხეირიანი დარტყმით დაესრულებინათ შეტევა, მაგრამ ბოლო მომენტში შემტევები სცოდავდნენ.
მეორე ტაიმი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. აჭარლები ისევ ცდილობდნენ ბურთი ქუთაისელთა ნახევარზე ყოფილიყო. თავის მხრივ გიორგი დარასალიას გუნდი გაცილებით მოტივირებული ჩანდა და ისინი არაფერში არ ეპუებოდნენ მეტოქეს. სტანდარტული სიტუაციიდან პირველი დარტყმა თამაშის განახლების შემდეგ “დინამოს” ფეხბურთელებმა განახორციელეს. საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა დიასამიძემ განახორციელა, მაგრამ ბურთი ცოცხალ კედელს შეეხო და შეყრილაძე იოლად დაეუფლა. საპასუხო შეტევის მცდელობისას პირველი ტაიმის დარად ჩინებულად ითამაშა ბათუმელთა კიპერმა ალავიძემ, რომელმაც დროული გამოსვლით ჩაშალა მოწინააღმდეგეთა მცდელობა.
მატჩის 67-ე წუთი გარდამტეხად უნდა მივიჩნიოთ, როდესაც ტორპოედოელებმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს, რომლის დროსაც ზაზა ჭელიძემ დროული გადაცემა მიაწოდა კირკიტაძეს. ქუთაისელთაგან აშკარად საუკეთესომ, დავით კირკიტაძემ საჯარიმოს მიახლოებისთანავე ძლიერად დაარტყა და რომ არა ალავიძის ჩინებული გარჯა, ანგარიში ამ დროს გათანაბრდებოდა. ბათუმელთა კიპერმა ლამაზ ნახტომში ბურთი კუთხურზე გადააგდო. კუთხური თავად კირკიტაძემ ჩააწოდა, რომლის შედეგადაც ჭელიძემ ბურთი ფეხით “დინამოს” კართან ახლო მყოფ ადამაძეს ჩაუგდო და მანაც მაღალ ნახტომში ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ამ მომენტიდან სტუმრებმა მთლიანად ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა. ისინი მეტოქის მოედანზე პრესინგს მიმართავდნენ და მოწინააღმდეგეს ბურთის ცენტრთან იოლად ამოტანის საშუალებას არ აძლევდნენ. 75-ე წუთზე კი რიონისპირელებმა დაწინაურება მოახერხეს. ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრში ჭელიძე და კირკიტაძე აღმოჩნდნენ. საყრდენად გამწესებულმა ჭელიძემ ვერცხლისწყალივით მოძრავი ნახევარმცველის მისამართით გადაცემა გააკეთა, რომელიც სუხიაშვილს უნდა ჩაეჭრა, მაგრამ ბათუმელთა მარცხენაფლანგელი შეცდა და ბურთი კირკიტაძეს მიუვიდა, რომელმაც გამოზომილი და ზუსტი დარტყმით 1:2 გახადა.
მასპინძლები შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ აღმაფრენით მოთამაშე ტორპედოელები დათმობას არ აპირებდნენ და 83-ე წუთზე მათ კიდევ უფრო გაზარდეს თავიანთი უპირატესობა. საგოლე კომბინაციაში ისევ მიიღო მონაწილეობა კირკიტაძემ, რომელმაც წამოიწყო კიდეც მარჯვენა ფლანგიდან ეს იერიში. დათომ ბურთი კვერნაძეს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ საჯარიმოს მისადგომებთან მდგარ გოგუაძეს გადააწოდა, რომელიც მყისიერად შემობრუნდა და ძლიერად დაარტყა. ახალგაზრდა ფეხბურთელის მცდელობას ალავიძემ ეფექტური ნახტომით უპასუხა და ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვერნაძე იყო ყველაზე სწრაფი და მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 1:3 გახდა.
მატჩის ეპილოგში სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ბათუმელი შონიას შორი მანძილიდან უძლიერესად “გასროლილი” ქუთაისელთა კარის “ცხრიანში’ გაეხვია. შეყრილაძის ნახტომი ამ დარტყმის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბექამ ვერ შეძლო საკუთარი კარისკენ მიმქროლავი ბურთის შეჩერება - 2:3. არბიტრის მიერ დამატებულ დროში მასპინძლებმა შეტევის განხორციელება ვეღარ შეძლეს. დროის ამ მონაკვეთში ბურთი ძირითადად ბათუმელთა ნახევარზე იყო და ყრუაშვილის საფინალო სასტვენმა “ტორპედოს” გამარჯვება დააფიქსირა.
“დინამო” (ბათუმი) – “ტორპედო” 2:3 (1:0)
3 აპრილი. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 1200 მაყურებელი
“დინამო”: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე (მუჯირი, 77), ქავთარაძე (მაკარიანი, 50), დიასამიძე (აბუსელიძე, 83), ბერიაშვილი, ტატანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
“ტორპედო”: შეყრილაძე, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, კლიმიაშვილი, იოსელიანი, მამასახლისი (ბაბუნაშვილი, 68), ტუღუში (გოგუაძე, 46), კვერნაძე (ქებაძე, 83)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (8), 1:1 ადამაძე (68), 1:2 კირკიტაძე (75), 1:3 კვერნაძე (82), 2:3 შონია (90).
გაფრთხილება: ქორიძე (57), კლიმიაშვილი (71), მუჯირი (90), მახარაძე (90).
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)
7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
გიორგი წურწუმია ქობულეთიდან