ფეხბურთი

19:46 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბრძოლო ფრემ “დინამო” კვლავ გაალიდერა

გორის “დილას” არსებობის ისტორიაში თბილისის “დინამო” ერთხელ დაუმარცხებია. 2012 წელს, გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა გორელებმა მეტოქეს შინ 2:0 აჯობეს. 3 აპრილს გასამართ შეხვედრამდე “დილა” და “დინამო” მიმდინარე სეზონში სამჯერ დაუპირისპირდნენ. ორჯერ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში, ხოლო ერთხელ ჩემპიონატში.

თასზე გორში ჩატარებული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, საპასუხოში კი, “დინამომ” 1:0 გაიმარჯვა. ჩემპიონატში “თენგიზ ბურჯანაძეზე” გუნდები ნულოვან ფრეზე გაეყარნენ.

გამარჯვებული არც ამჯერად გამოვლინდა, მაგრამ გორული შეხვედრისგან განსხვავებით “დინამო არენაზე” ერთბაშად 4 გოლი გავიდა. შედეგს კი ისეთი ეთქმის, “საბრძოლო ფრეს” რომ ეძახიან. თუმცა, “დინამომ” მაინც იხეირა, რადგან ბათუმის “დინამომ” შინ ქუთაისის “ტორპედოსთან” 2:3 წააგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “დინამოს” შემადგენლობას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა. ესპანელი ფორვარდი მანუელი თბილისელთა განაცხადში არ იყო. გორელთა კაპიტანმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე კვახაძემ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ სასტარტოში არ დააყენეს.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს “ჩიხურასთან” ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, “დილას” სასტარტოში ნახევარმცველები ნიკა კვეკვესკირი და რომან ახალკაცი ვერ მოხვდნენ, რომლებიც შიდაქართლელთა საკვანძო ფიგურებად ითვლებიან. მატჩის შემდეგ უჩა სოსიაშვილმა განმარტა, რომ ასეთი ნაბიჯი ტაქტიკური მოსაზრების გამო გადადგა და ამჯერად, წიქარიძე და გორელიშვილი ათამაშა.

“დილამ” ანგარიში მასპინძელთა “დახმარებით” გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან სერბმა სლავკო მარიჩმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და “დინამოს” ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

“დინამომ” თანაფარდობა მალე აღადგინა. სერბმა სტეფან ბუკორაცმა კარგი პასი მისცა მარჯვნივ გახსნილ ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც მეტოქის კართან ვახტანგ ჭანტურიშვილი მოძებნა და თბილისელთა ნახევარმცველმა ერთი შეხებით გაიტანა - 1:1.

ტაიმის შუაწელში მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფმა მიხეილ გორელიშვილმა მარჯვენა ფრთიდან ბურთი დავით ხურცილავასგან მიიღო, მაგრამ კარში არ დაარტყა და პასი ალან ბაგაევს გაუკეთა, რომლის დარტყმულს სლოვაკ მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკასთვის პრობლემა არ შეუქმნია.

ცოტა ხანში გატანა გორელიშვილს თავად შეეძლო, როდესაც მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში ხურცილავა შეიჭრა და პასი მისცა, თუმცა, სტუმართა ფორვარდმა კარს ახლო მანძილიდან ააცილა. ამ ეპიზოდში ხურცილავა მსაჯს შეეკამათა და ამტკიცებდა, რომ დარტყმის დროს გორელიშვილი დინამოელთა მცველმა წააქცია, ხოლო საბოლოოდ ყვითელი ბარათი მიიღო.

ტაიმის მიწურულს ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ, “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე და თბილისელთა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რენე ფერეირა წაკინკლავდნენ, რის გამოც ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენებაზე ფეხბურთიდან თბილისის “დინამოს” ყოფილი ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი გივი კვარაცხელია გააცილეს. მას “დინამოს” დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ სპეციალურ ჩარჩოში ჩასმული 130-ნომრიანი მაისური გადასცა. დინამოში ასპარეზობისას კვარაცხელიას 130 შეხვედრა ჩაუტარებია.

მეორე ტაიმის 20 წუთი ისე მიილია, რომ არცერთ კართან საინტერესო არაფერი მომხდარა. ამის მერე, “დინამოს” დაწინაურება შეეძლო, როდესაც დაახლოებით 22 მეტრიდან მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბურთი ძელს მოხვდა.

ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ცინცაძემ თავისი ნახევრიდან საუცხოო პასი მისცა მარცხენა ფლანგზე გახსნილ ჭანტურიშვილს, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ გიორგი სომხიშვილა დაასწრო და “დინამო” დააწინაურა - 2:1. აღსანიშნავია, რომ “დილას” კაპიტანი შეცდა, რადგან კარში დარჩენის შემთხვევაში, დინამოელს საჯარიმოს გარედან და თან მახვილი კუთხიდან თავის გამოჩენის შანსი ფაქტობრივად არ ჰქონდა. ჭანტურიშვილს “დინამოში” აქამდე არ გაეტანა და “დილასთან” დუბლი შეასრულა.

“დილამ” ანგარიში მალე გაათაანაბრა. მარჯვნიდან მარიჩის მიერ შესრულებული “ჯარიმის” მერე, მასპინძელთა საჯარიმოში ბურთი ბაგაევმა მიიღო და ორი მეტოქის გარემოცვაში მყოფმა ბურთი გიორგი ერისთავს გადააწოდა, რომელმაც ორიოდე მეტრიდან მეორე ცდის მერე გაიტანა. 21 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი მიითვალა. დარჩენილ დროში გოლები აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

უჩა სოსიაშვილი (“დილას” მთავარი მწვრთნელი): “სანახაობრივად ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გოლებიც საკმაოდ გავიდა და საგოლე მომენტებიც ბლომად იყო. საცქერლად იდეალური თამაში იყო. პირველ ნახევარში შევეცადეთ მეტოქე მის ნახევარზე შეგვევიწროვებინა, რაც პირველ 20 წუთში გამოგვივიდა და გოლიც გავიტანეთ. თუმცა, სამწუხაროდ ამის მერე უკან დავიხიეთ და თავს ჩვენ ნახევარზე ვიცავდით. ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის სენია, როდესაც გოლის გატანის შემდეგ გუნდი მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობს. მეორე ნახევარში მეტოქემ ჩვენი თამაში კარგად წაიკითხა. ამიტომ, ტაქტიკა შევცვალეთ და 4-3-3-ზე გადავეწყვეთ. ამის მიუხედავად კიდევ ერთი გოლი გავუშვით. ამიტომ, მესამე თავდამსხმელი დავამატეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ვფიქრობ, რომ დაკარგული არაფერია და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება”.

კახა გოგიჩაიშვილი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “მძიმე და დაძაბული თამაში იყო. სანახაოებრივად კარგი მატჩი გამოვიდა. 2 ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გასულიყო და ეს მხოლოდ ჩვენ შეცდომებს უნდა დავაბრალოთ. ვფიქრობ, “დინამომ” 2 ქულა დაკარგა. შევეცდებით შეცდომები მომდევნო თამაშებში გამოვასწოროთ”.

და ბოლოს, "დინამო არენაზე" ძველი სკამების დემონტაჟი დაიწყეს. 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩისთვის სტადიონზე ახალი ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება.

დინამო (თბილისი) _ დილა (გორი) 2:2 (1:1)

3 აპრილი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე (კ), ცინცაძე, ბუკორაცი (პარუნაშვილი, 63), ჯიღაური (კიტეიშვილი, 54), პაპუნაშვილი (შერგელაშვილი, 88), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

დილა: სომხიშვილი (კ), ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, მარიჩი, ფალავანდიშვილი, გვალია, სეთურიძე (ერისთავი, 77), წიქარიძე (ახალკაცი, 71), მოდებაძე, გორელიშვილი (კვეკვესკირი, 88).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

გოლები: 0:1 გველესიანი (11 საკუთარ კარში), 1:1 ჭანტურიშვილი (19), 2:1 ჭანტურიშვილი, 70), 2:2 ერისთავი (81).

გაფრთხილება: ხურცილავა (36), მოდებაძე (42), ფერეირა (42), პაპუნაშვილი (79), კაკაბაძე (87).

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.249701