ფეხბურთი

20:00 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” დეულოფეუთი დაინტერესდა

ინგლისური “ლივერპული” კატალონიური “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ვინგერით ჟერარ დეულოფეუთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Metro ავრცელებს.

ნიჭიერი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “სევილიაშია” განათხოვრებული, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს (27 მატჩში 3 გოლი და 10 საგოლე გადაცემა). დიდი ალბათობით, ჟერარი ზაფხულში “სევილიას” დატოვებს და “ბარსელონას” დაუბრუნდება, სადაც მის მომავალზე დაილაპარაკებენ. შანსია, რომ “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ფეხბურთელს შეელიოს, რადგან შემტევ ტრიოს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი აქვს მოპოვებული, ხოლო სათადარიგოობა ჟერარს არ აწყობს.

მას “ბარსელონასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს და 23 იანვრის მონაცემებით 10.56 მილიონი ფუნტი ღირს.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. გასულ სეზონში ის "ლივერპულის" მოსისხლე მტრის, “ევერტონის” ღირსებას იცავდა, სადაც 29 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.104371