ჩოგბურთი

17:21 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა რაანანას ტურნირის პირველი ჩოგანი გაანადგურა

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ისრაელის ქალაქ რაანანაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) თამაშობს, მეოთხედფინალის საგზური ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:1 დაამარცხა და შანსი არც პირველ ნომრად განთესილი ბლაზ კავჩიჩისთვის მიუცია. 28 წლის სლოვენიელთან დაპირისპირება საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 6:3, 6:2 მოიგო.

23 წლის ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 88-ე ადგილზე მყოფ სლოვენიელს ყველა კომპონენტში აჯობა: პირველ მოწოდებაზე ბურთების 70% მოიგო, მეორეზე კი – 61% (მეტოქის 57% და 39%-ის საპირწონედ). ნიკოლოზმა 11-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება ერთადერთხელ დათმო.

ატპ-ს რეიტინგში 180-ე პოზიციაზე მყოფმა ბასილაშვილმა ELECTRA ISRAEL OPEN 2015-ის მეოთხედფინალში გასვლით 20 ქულა გამოიმუშავა, მომდევნო მატჩი კი რუს ევგენი დონსკოისთან (175-ე ჩოგანი) ელის, რომელმაც პოლონელი მიხალ პრჟისიეჟნი 6:2, 6:7 (2:7), 6:0 დაამარცხა. თუკი დონსკოისაც აჯობებს, ნიკოლოზი 40 ქულას მიიღებს, ფინალი 65 ქულას იძლევა, ჩემპიონობა კი – 110-ს.

0.11234