გერმანიის საფეხბურთო მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. როგორც ინტერნეტპორტალი mz-web.de იუწყება, რომ ამის შესახებ “ჰალეშერის” მოთამაშემ თავისი “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა.
23 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდა.
ჯერჯერობით უცნობია გოგია კარიერას სად გააგრძელებს, მაგრამ გერმანული პრესის ცნობით, ქართველის ხილვა თავის რიგებში პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებს სურთ.
“ჩემთვის ეს იოლი გადაწყვეტილება არაა. ყველა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სეზონის ბოლომდე თავს არ დავზოგავ, ხოლო “ჰალეშერს” ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია” – დაწერა “ფეისბუქზე” გოგიამ.