აშშ-ის ფლორიდის შტატის “მასტერზ1000”-ის შარშანდელი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფა ნადალს 6:3, 6:3 მოუგო, წლეულს კი გასული წლის გადამწყვეტი მატჩის ერთ-ერთი მონაწილე ტურნირს მესამე წრიდან ჩამოშორდა. 28 წლის ესპანელი ნადალი 31 წლის თანამემამულე ფერნანდი ვერდასკოსთან 4:6, 6:2, 3:6 დამარცხდა.
მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ორივე მეტოქემ 3-3 ბრეიკი შეასრულა, ეისების მხრივ კი ვერდასკომ ნადალს 3:2 აჯობა. ფერნანდომ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეორედ სძლია რაფას და მათი ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:13 გახდა.
მეოთხედფინალში გასასვლელად ვერდასკო არგენტინელ ხუან მონაკოს დაუპირისპირდება.
რაფა ნადალს რაც შეეხება, მისთვის მაიამის ტურნირი უიღბლო შეჯიბრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ – რაფა ოთხჯერ გავიდა ფინალში და ვერცერთხელ მოახერხა მთავარი პრიზის დაუფლება. 2005-ში ნადალს გადამწყვეტი ორთაბრძოლა როჯერ ფედერერმა მოუგო, 2008-ში რუს ნიკოლაი დავიდენკოსთან დამარცხდა, 2011 და 2014 წლებში კი ჯოკოვიჩთან წააგო.