საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია გერმანიასთან წაგებული (0:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ესაუბრა.
გურამის აზრით, ნაკრებმა მეორე ნახევარში უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ ტაიმში. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მეტოქე ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია.
“პირველი ნახევრით უკმაყოფილო ვარ, რადგან მწვრთნელის მიერ მოცემული დავალებები ზუსტად ვერ შევასრულეთ.
მეორე ნახევარში მწვრთნელის მიერ მითითებული გარკვეული ელემენტები რაღაც დონეზე შევასრულეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ახალ მწვრთნელთან, რადგან ნაკრებში ახალი სისტემაა და მასთან შეგუება გვჭირდება.
რაც შეეხება მეტოქეს, ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა”,
გურამმა მიმდინარე შესარჩევში “ჯვაროსნების” მიზანზეც ისაუბრა.
“ამ მომენტისთვის ძირითადად გადასულები ვართ გუნდის ახალ სისტემასთან მუშაობის დახვეწაზე და ყოველი თამაში სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ”; - განაცხადა “ვიტესის” კაპიტანმა.
გერმანელებმა პირველი ნახევრის ბოლოს მარკო როისისა და თომას მიულერის გატანილი გოლებით იმარჯვეს.