ფეხბურთი

22:23 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – გერმანია 0:2, ისტორია განმეორდა

გერმანიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონებიდან პირველი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა. ზუსტად 20 წლის წინ, მწვრთნელ ბერტი ფოგთსის გუნდმა, რომელთაც უმაღლესი დონის ფორვარდი იურგენ კლინსმანი კაპიტნობდა, თბილისში 2:0 გაიმარჯვა.

მაშინ, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა კახა ცხადაძემ მასპინძლებს უკაპიტნა. კლინსმანმა დუბლი პირველ ტაიმში მიითვალა. ჯერ კუთხურის მერე თავით გაიტანა, ხოლო შემდეგ სტუმართა კონტრშეტევა ფეხით დააგვირგვინა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. თუმცა, უშანსოდ არც საქართველო იყო და შოთა არველაძემ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. 1996 წლის შესარჩევ ციკლში გერმანიამ ჯგუფში, სადაც საქართველოს გარდა, ბულგარეთი, უელსი და ალბანეთი იყვნენ, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ინგლისში გამართულ ფინალურ ეტაპზე ოქროს მედლები მოიპოვა.

1995 წელს, საქართველო-გერმანიის დაპირისპირებას ოფიციალურად 90 000 გულშემატკივარი დაესწრო, მაგრამ ქომაგთა რიცხვი 100 000-ზე მეტი იქნებოდა. სტადიონზე თავად ვიყავი და ამის თქმის საშუალებას ეს ფაქტი მაძლევს. იმ პერიოდში ეროვნული სტადიონზე ინდივიდუალური სკამები არ იყო, ხოლო ქომაგები ხის სკამების გარდა, ტრიბუნებს შორის კიბეებზეც ისხდნენ. ასაკოვანი გულშემატკივრების თქმით, დაახლოებით ამდენი ადამიანი 1979 წელს ჩემპიონთა თასზე “დინამო”- “ლივერპულის” შეხვედრას დაესწრო.

2015 წელს საქართველო-გერმანიის მატჩამდე ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მაგრამ 20 წლის წინანდელი მაჩვენებელი არასოდეს გამეორდება. ელემენტარულად იმის გამო, რომ ამჟამად “დინამო არენაზე” 54000-ზე ცოტა მეტი გულშემატკივარი ეტევა და ყველა სკამი ინდივიდუალურია.

გერმანიასთან თამაშამდე სტადიონზე ახალი ტაბლო დამონტაჟდა. პირველად მოხდა, რომ გულშემატკივრები “დინამო არენის” ტრიბუნებზე ელექტრონული ბილეთებით მოხვდნენ, მას მერე რაც საგანგებოდ დამონტაჟებული ტურნიკეტები გაიარეს. თბილისი აგვისტოში სუპერთასის მასპინძლობისთვის ემზადება და გერმანიასთან თამაში “დინამო არენასთვის” ტესტიც იყო.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი თბილისში სამი ქულის აღება იყო. მათ მიზანს ისე მიაღწიეს, რომ კითხვები არ დატოვეს. როგორც 20 წლის წინ, გერმანელებმა 2:0 გაიმარჯვეს და ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მაშინდელივით მეორე ბურთი მასპინძელთა კარში 42-ე წუთზე გავიდა. ერთი სიტყვით, ისტორია გამეორდა.

მალტასთან ამხანაგურ მატჩთან შედარებით კახა ცხადაძემ სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. ნახევარმცველ გიორგი ჭანტურიას ნაცვლად მცველი უჩა ლობჟანიძე დააყენა. მასპინძელთა დაცვის ცენტრში ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია და გურამ კაშია მოქმედებდნენ. მარჯვენა ფლანგი უჩა ლობჟანიძეს ჩააბარეს, ხოლო მარცხენა – გიორგი ნავალოვსკის. ნახევარდაცვის ცენტრში კახა მახარაძე და ჯაბა კანკავა თამაშობდნენ, მათ წინ მარჯვნივ სანდრო კობახიძე განამწესეს, ხოლო მარცხნივ – თორნიკე ოქრიაშვილი. თავდასხმაში ლევან მჭედლიძე ირჯებოდა.

ქართველებისთვის მატჩი უიღბლოდ დაიწყო, რადგან მეორე წუთზე ბურთის მოგერიების დროს ამისულაშვილს მარცხენა ფეხის ორთავა კუნთი დაეჭიმა და ის ლაშა დვალმა შეცვალა. კაშიამ მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციიდან ცენტრში შეიწია და მისი ადგილი დვალმა დაიკავა. მარჯვენა ცენტრალურ მცველად კვირკველიამ გადაინაცვლა.

გერმანელებს ანგარიში მე-4 წუთზე შეეძლოთ გაეხსნათ, როდესაც თომას მიულერმა მეტოქის საჯარიმოში მარიო როისს კარგი პასი მისცა, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მე-12 წუთზე, ტონი კროოსმა მარჯვნიდან კუთხური ჩამოაწოდა და დაბალი ტრაექტორიით წასული ბურთი შეუჩერებლად მიულერმა დაარტყა – ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებით ჩაუარა. მალევე, თავის საჯარიმოსთან მახარაძემ ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა და კვირკველიას თანაგუნდელები დროზე რომ არ დაეზღვია, სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა.

ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კობახიძემ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ახლო ძელთან ჩაწოდებულ ბურთს კანკავა რომ მიწვდომოდა, არავინ იცის, რა მოხდებოდა.

ტაიმის შუაწელში მარჯვნიდან მიულერმა ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, გამოსვლაზე ლორია შეცდა, მაგრამ ოზილიც ვერ გაერკვა სიტუაციაში და ბურთი ისევ ლროიას მიუვიდა.

ცოტა ხანში, მეტოქის საჯარიმოშუ “კედელი” მიულერმა და რუდიმ გაითამაშეს, ამ უკანასკნელის პასის შემდეგ, მარიო გიოტცემ ახლოდან დაარტყა და საქართველოს ნაკრები ისევ გადარჩა.

გერმანელების კიდევ ერთ შეტევას მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გიოტცეს პასით როისმა ვერ იხეირა და რეალური საგოლე მომენტი ხელიდან გაუშვა.

გერმანელები ჩქარობდნენ და მეკარე მანუელ ნოიერმა აუტი მოაწოდა, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

36-ე წუთზე, მახარაძემ თავის მოედანზე ბურთი დაკარგა, ხოლო გიოტცე მეტოქის საჯარიმოში სამ ქართველ გაუსწორდა და ასისტენტობა როისს გაუწია, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ტაიმის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ როისის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი ლორიამ კუთხურზე მოიგერია. გერმანელებმა სტანდარტული გაითამაშეს და საჯარიმოში მარცხნიდან შესულ კროოსს ლორიამ აუღო.

გერმანელებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს, როდესაც ოზილის პასით მიულერმა ლორიას შანსი არ დაუტოვა.

გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, ტრიბუნიდან ახალგაზრდა გულშემატკივარი გადმოხტა და კანკავას ბუცზე აკოცა. ამით მან სამაგიერო ერთ-ერთ ქართველ ქომაგს გადაუხადა, რომელმაც იგივე გერმანელების ვარჯიშზე შვაინშტაიგერს გაუკეთა. სტიუარდებმა მასთან უხეშად ანგარიშსწორება მოინდომეს, მაგრამ ფეხბურთელებმა ამის ნება არ მისცეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტრიბუნიდან მოედანზე მცირეწლოვანი ქომაგი გადმოხტა, რაც იმის მაუწყებელია, რომ “დინამო არენაზე” უსაფრთხოების სისტემა წესრიგში არაა. ევროპის სუპერთასის მასპინძელისთვის ეს დასაფიქრებელი თემაა.

შესვენების მერე საწყის ხუთ წუთში საქათველოს ნაკრებმა ორჯერ შეუტია. ჯერ მარცხნიდან ნავალოვსკის პასის მერე გერმანელთა საჯარიმოში აღმოჩენილმა ლობჟანიძემ უხეიროდ დაარტყა. შემდეგ, ლობჟანიძის პასის მერე მჭედლიძემ ვერ დაუგდო თავით ბურთი კარ პოზიციაში მყოფ კანკავას.

გერმანელთა პასუხმა არ დააყოვნა და მარჯვნიდან რუდიმ ქართველების საჯარიმოში როისი მონახა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმის შუაწელში ქართველების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა როისმა ჩააწოდა და შორეულ ძელთან მიულერი ნახტომში ბურთს ვერ მიწვდა. ხსენებული ეპიზოდიდან მცირე ხანში, გერმანელებმა მასპინძელთა საჯარიმოში კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც კროოსმა ვერ დაასრულა.

საპასუხო კონტრიერიშის დროს, კობახიძემ გრძელი პასით მჭედლიძე ჰუმელსთან დატოვა, მაგრამ ქართველებიც ფორვარდი გერმანელთა მცველს ვერ გაცდა. ამას მასპინძლების კიდევ ერთი შეტევა მოჰყვა და მარცხნიდან ჭანტურიას მიერ ჩაწოდებული ბურთი შვაინშტაიგერმა კინაღამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთი რჩებოდა, რომ მჭედლიძემ პირისპირ ჰუმელსს კვლავ ვერ აჯობა.

მატჩისთვის დამატებულ დროში მოედანზე კიდევ ოთხი გულშემატკივარი გადმოხტა და ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ალბათ, უეფას ამ ფაქტზე მკაცრი რეაქცია ექნება.

საქართველო – გერმანია 0:2 (0:2)

29 მარტი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”. 54000 გულშემატკივარი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, ამისულაშვილი (დვალი, 3), მახარაძე (ყენია, 63), კანკავა (კ), ოქრიაშვილი (ჭანტურია, 46), სანდრო კობახიძე, ნავალოვსკი, მჭედლიძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, ჰუმელსი, შვაინშტაიგერი (კ), ოზილი, როისი, მიულერი (შურლე, 87), რუდი, ჟერომ ბოატენგი, კროოსი, გიოტცე (პოდოლსკი, 86).

მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: 0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (42)

გაფრთხილება: მახარაძე (32), კანკავა (74), შვაინშტაიგერი (74), ჭანტურია (82).

მთავარი მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

1.104557